ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს

AutoSharing Option
ლუკა გადრანის შემდეგ სეგუნდა დივიზიონის "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მარჯვენა მცველმა გიორგი ბერძენაძემ ვიტორიელთა 19-წლამდელებში 3 თვის განმავლობაში ივარჯიშა და თუ რაიმე არ შეიცვალა, იანვრიდან "ალავესთან" ხელშეკრულებასაც გააფორმებს.

გიორგი ბერძენაძე საფეხბურთო ოჯახიდანაა. ის 60-იანი წლების ქუთაისის"ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერის ავთანდილ წვერავას შვილიშვილია.

ფეხბურთის თამაში საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" დაიწყო. 12 წლიდან საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრია. პირველად, გოჩა ტყებუჩავამ მიიწვია 12-წლამდელთა ნაკრებში, შემდეგ იყო14 და 17-წლამდელებში. შარშან სწორედ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშიც იასპარეზა. მაშინ ჩვენმა გუნდმა ფინალურ
ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა.

"15 წლისა ქუთაისის"ტორპედოში" ჩავირიცხე. მაშინ მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი იყო, ყველანაირად მეხმარებოდა... შემდეგ გუნდში გიორგი დარასელია მოვიდა, მისგანაც ძალიან ბევრი ვისწავლე, ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და დუბლებში ვთამაშობდი...

"ტორპედოში" ყოფნისას"ალავესის" მენეჯერმა გოჩა აბზიანიძემ ბასკურ კლუბთან დამაკავშირა. ესპანელებმა ასაკობრივ ნაკრებში ჩემი თამაში ნახეს და"ალავესში" მიმიწვიეს. ესპანეთში სამი თვის განმავლობაში ვიყავი, 19-წლამდელთა გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და ამხანაგურ მატჩებშიც ვითამაშე, მაგრამ უეფას წესებით 17 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება არ შეიძლება და ამიტომაც დავბრუნდი საქართველოში", - გვითხრა ბერძენაძემ, რომელიც ფორმის შესანარჩუნებლად"ტორპედოსთან" ერთად ვარჯიშობს და ესპანელების ზარს ელოდება.

"18 იანვარს 18 წლის ვხდები და, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "ალავესთან" კონტრაქტს იანვარშივე გავაფორმებ, წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია. 19-წლამდელთა გუნდი"ჟუვენილ A"-ში ასპარეზობს. ეს ლიგა თითქმის ყველა ვარსკვლავს აქვს გამოვლილი, წინსვლისთვის კარგი შანსი მეძლევა და ვეცდები, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო.

"ალავესთან" ადაპტაცია არ გამიჭირდება, სამი თვე გუნდთან ერთად ვიყავი, თანაც, იქ ორი ქართველი ფეხბურთელი - ლუკა გადრანი და ოთარ ჭიჭაღუა - დამხვდება. გადრანი 19-წლამდელთა გუნდშია, ჭიჭაღუა კი "ალავესი B"-ში ასპარეზობს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული