ლეგიონის უქმეები: ვაკოს, კობახიძისა და ჭანტურიას გოლები, ჯაბას გაძევება [VIDEO]

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილმა თვეზე მეტი პაუზის მერე გაიტანა და თან "ვიტესს" მოაგებინა "ნეიმეგენთან" დერბიში...
სანდრო კობახიძემ დუბლი შეასრულა... გოლები გაიტანეს ალეკო ამისულაშვილმა და ნიკოლოზ გელაშვილმა...
ჯაბა კანკავა პირველად გააძევეს საფრანგეთში...

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავა ხშირად იღებს ყვითელ ბარათებს, მაგრამ ის საკლუბო პირველობებზე ბოლოს 6,5 წლის წინათ გააძევეს ("დნიპროში" თამაშისას). "რეიმსი"-"რენის" შეხვედრაში ჯაბამ 64-ე წუთამდე გაძლო, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, ხოლო "რეიმსმა" წაგებათა სერია შეწყვიტა - 2:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნასიონალი. ლუკა კიკაბიძეს არ უთამაშია, მისმა "სერკლ ბასტიამ" კი
2:1 მოუგო სტუმრად "ამიენს" და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

გერმანია. II ბუნდესლიგა. ლუკას ჰუფნაგელის "ფრაიბურგი" ლიდერია, ქართველის გუნდმა სტუმრად 2:1 დაამარცხა "ჰაიდენჰაიმი". ლუკასი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა.

გიორგი ჭანტურიას (87-ე წუთზე შეცვალეს) და ლაშა დვალის (არ უთამაშია) "დუისბურგმა" 3:0 მოუგო "ზანდჰაუზენს".

III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილმა კვლავ "ვერდერის" დუბლებში ითამაშა, რომელმაც სტუმრად 2:0 მოუგო "შტუტგარტერ კიკერსს". ჩვენებურმა პირველ ტაიმში გაფრთხილება მიიღო და შესვენებაზე ის გამოცვალეს.

იტალია. სერია A. "ემპოლიმ" "ლაციოს" წინააღმდეგ კვლავ ტრავმირებული ლევან მჭედლიძის გარეშე ითამაშა.

პრიმავერას პირველობაზე "ემპოლიმ" 3:1 მოუგო "ბარის". რომან ჭანტურიამ გაიტანა და 10 გოლით ჩემპიონატის მთავარი მეგოლეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძემ შეუცვლელად ითამაშა, მისმა "ტუტოკუოიომ" კი 2:1 მოუგო "მასერატეზეს".

ჰოლანდია. "ვიტესის" თავკაცმა თამაშამდე განაცხადა, რომ კაპიტანი გურამ კაშია ბოლომდე ჯანზე არ იყო და ამიტომ "ნეიმეგენთან" დერბიში ვერ დაეხმარებოდა. სამაგიეროდ, გაიბრწყინა "ვიტესის" "ათიანმა" ვაკო ყაზაიშვილმა, რომელმაც 49-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. 22 წლის ქართველმა სეზონში მე-5 გოლი გაიტანა. თუმცა თვეზე მეტია, მას გოლი არ გაეტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბელგია.
"გენკსა" და "გენტში" ჯამში 4 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, მაგრამ არც ერთს არ უთამაშია მათ დაპირისპირებაში, რომელიც ბელგიის ჩემპიონმა 1:0 მოიგო. თორნიკე ოქრიაშვილი ერთადერთი იყო ჩვენებურთაგან, რომელიც განაცხადში მაინც მოხვდა.

I ლიგა. ლევან შენგელიას (90 წ) "ტუბიცე" სტუმრად "დესელთან" 0:1 დამარცხდა.

თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძე კვლავ სათადარიგო იყო "რიზეში", მისი გუნდი 0:0 დაუზავდა "კონიას". ამ სეზონში 23 წლის ნახევარმცველს ჩემპიონატში მხოლოდ 7 წუთი აქვს ნათამაშები.

I ლიგა. ალეკო ამისულაშვილის (90 წ) "ქარშიაქა" შინ 1:3 დამარცხდა "დენიზლისთან". ალეკომ 85-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ ოდენ პრესტიჟის გოლი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბერძნეთი. სუპერლიგა.
გიორგი მერებაშვილი მოედანზე 62-ე წუთზე გავიდა, მისი "ვერია" კი სტუმრად "პლატანიასს" დაუზავდა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. ავთო ებრალიძის (89-ე წუთზე შეცვალეს) "ჟილ ვისენტე" შინ ლისაბონის "სპორტინგის" დუბლებს დაუზავდა - 1:1.

გიორგი მაკარიძემ კარი "მშრალად" შეინახა, მისმა "ფეირენშემ" კი შინ 1:0 მოუგო "პენაფიელს". მაკარიძის გუნდი უკვე მეორე ადგილზეა. ელიტაში ორი გუნდი გადადის, თანაც, პირველზე მყოფ "პორტუს" დუბლებს აღზევების უფლება არა აქვს, ისევე, როგორც მესამეზე მყოფ "სპორტინგის" დუბლებს.

რუსეთი. პრემიერლიგა. ნუკრი რევიშვილის (90 წ) "მორდოვია" "ურალს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. მისი თანაგუნდელი მამუკა კობახიძე კვლავ სათადარიგოს როლით დააკმაყოფილეს. რევიშვილმა "ჩემპიონატისგან" 5,5 ბალი მიიღო.

გიორგი ლორიამ კარი "მშრალად" შეინახა "კრილია სოვეტოვისა" და "ამკარის" მატჩში - 0:0. ლორიამ "ჩემპიონატისგან" 7,5 ბალი დაიმსახურა.

თედო გრიგალაშვილი სათადარიგო იყო, მისმა "ტერეკმა" კი სენსაციურად დაამარცხა "ზენიტი" - 4:1.

დღეს საბა კვირკველიას "რუბინისა" და ჯანო ანანიძის "სპარტაკის" დაპირისპირებაა.

I დივიზიონი. "სკა ენერგიაში" ქართველებს არ უთამაშიათ, გოჩა ხოჯავა დისკვალიფიცირებულია, ხოლო კახა ალადაშვილი განაცხადში არ ყოფილა "ბალტიკასთან" 1:1 დასრულებულ შეხვედრაში. სხვათა შორის, "ბალტიკას" გოლი რუსეთის მოქალაქე ნიკა ჩხაპელიამ გაიტანა.

"არმავირმა" 1:0 მოუგო "ვოლგას". ირაკლი ჭეჟიამ 90 წუთი ითამაშა (გააფრთხილეს), ხოლო ზურაბ არზიანი განაცხადში არ ყოფილა.

უკრაინა. პრემიერლიგა. "ვოლინმა" 9:1 გაანადგურა "მეტალურგი". ამ შეხვედრაში სანდრო კობახიძემ (90 წ.) დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"კარპატიმ" 4:1 მოუგო "ოლიმპიკს". გამარჯვებულთა რიგებში არ ყოფილა ბუბა დაუშვილი. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს უკვე მე-14 წუთზე უკრაინის მოქალაქე, მეკარე ზაურ მახარაძე გაუძევეს, მასპინძელთა ერთ-ერთი გოლი კი ამბროსი ჩაჩუამ გაიტანა, ასევე უკრაინის მოქალაქემ.

ჯაბა ლიპარტიას (მეორე ტაიმი ითამაშა) "ზორიამ" 2:1 აჯობა "მეტალურგს" და მესამე ადგილზეა.

დავით თარგამაძის
(90 წ.) "ოლექსანდრიამ" 2:0 მოუგო ხარკოვის "მეტალისტს". ჩვენებურის ანგარიშზე საგოლე პასია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

17 წლის გიორგი არაბიძე "შახტარში" ხან ძირითად გუნდში თამაშობს, ხან 19-წლამდელებში და ხან დუბლებში. ამჯერად, დუბლების ჯერი იყო - "შახტარის" დუბლებმა "ჰოვერლას" დუბლებს 3:1 მოუგეს და ჩვენებურმა პირველი ტაიმი ითამაშა.

გიორგი გადრანისა (92-ე წუთზე გააძევეს) და დავით ხოჭოლავას (ტრავმა) "ჩერნომორეცი" სტუმრად კიევის "დინამოსთან" დამარცხდა - 1:2.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. "პოგონს" ტრავმამოშუშებული ლადო დვალიშვილი დაუბრუნდა. მან "სლასკთან" 0:0 დასრულებული მატჩის ბოლო 16 წუთი ითამაშა.

I ლიგა. გიორგი ალავერდაშვილის (79-ე წუთზე შეცვალეს) "ზავიშამ" სტუმრად მოუგო "კლუხბორკს" - 1:0, ხოლო დავით მაქარაძის (სათადარიგო) "სუვალკიმ" ასევე სტუმრად სძლია "როზვოის" - 3:1.

ჩეხეთი. "სლავიამ" გააპროტესტა ქართველი ფეხბურთელის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია. ამიტომაც ლევან ყენიამ "პრიბრამთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, ის მე-80 წუთზე შევიდა მოედანზე.

დანია. მათე ვაწაძის (69-ე წუთზე შევიდა) "ორჰუსი" სტუმრად "ვიბორგთან" 0:1 დამარცხდა. ვაწაძის ანგარიშზე 5 გოლია, თუმცა მას თვეზე მეტია, არ გაუტანია.

კვიპროსი. "ერმისი"-"პაფოსის" შეხვედრაში (2:1) გოლი გაიტანა ნიკოლოზ გელაშვილმა, რომელიც დამარცხებულთა რიგებში 75-ე წუთზე გამოცვალეს. სტუმართა კარს როინ კვასხვაძე იცავდა. შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ, ელგუჯა გრიგალაშვილი 75-ე წუთზე შევიდა, ხოლო ლევან ხმალაძე სკამზე დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უჩა ლობჟანიძის
(90 წ.) "ომონია" "პარალიმნის" 2:2 დაუზავდა.

შოთა გრიგალაშვილისა (90 წ.) და ბექა ტუღუშის (არ უთამაშია) "ახნასი" აელ-ს დაუზავდა - 0:0.

ირაკლი მაისურაძის (90 წ.) და გიორგი აბურჯანიას (64-ე წუთზე შეცვალეს) "ანორთოსისმა" "არისი" დაამარცხა - 2:1 და გალიდერდა.

თემურ ქეცბაიას აპოელ-ი, რომელსაც ერთი ქულით ნაკლები აქვს და მესამე ადგილზეა, დღეს "აია ნაპას" სტუმრობს.

ალბანეთი. ქართველთა "ფლამურტარი" სტუმრად "ვლაჟნიასთან" 0:4 შერცხვა. თუმცა ამ გუნდის მომავალი უკვე აღარ დაგვაინტერესებს - ალბანური წყაროების ცნობით, ბაჩანა ცხადაძესა და გიორგი ფოფხაძეს მოსწყინდათ ფუჭი დაპირებები თვეების განმავლობაში და ორშაბათს სამშობლოში ბრუნდებიან. ჩემოდნები "ფლამურტარის" სხვა ფეხბურთელებსაც ჰქონიათ ჩალაგებული.

ლიტვა. "ტრაკაი" სტუმრად "ჟალგირისთან" 0:3 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში ნიკა აფაქიძე სათადარიგო იყო. "ჟალგირისი" ჩემპიონია, "ტრაკაიმ" სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.

მოლდოვა. ქართველთა "საქსანი" სტუმრად დაუზავდა "აკადემიას" - 1:1. ირაკლი გოგინაშვილი 59-ე წუთზე შევიდა, გიორგი სარჯველაძეს არ უთამაშია.

აზერბაიჯანი. ზაურ სვანაძის "ინტერი" განჯაში "ქიაფაზს" დაუზავდა - 0:0. სტუმართა რიგებში ორმა ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა - ზურაბ ხიზანიშვილმა (გააფრთხილეს) და ლაშა სალუქვაძემ, ლაშა კასრაძე 75-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. ტრავმის გამო ვერ თამაშობს ნიკა კვეკვესკირი.

აზალ-მა "სუმგაითს" 2:0 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა სანდრო გურულმა, ხოლო ნუგზარ კვირტია პირველივე ტაიმში შეცვალეს.

სომხეთი. ირაკლი კვეკვესკირის (90 წ) "მიკა" სტუმრად დაუზავდა "ბანანცს" - 1:1. გოგიტა გოგატიშვილის (90 წ) "განძასარი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "შირაქთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული