გიორგი მაკარიძე: გმირობის რა გითხრათ... პენალტი ავიღე, შემდეგ კი გავიტანე

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მაკარიძე პორტუგალიური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გუშინ, 25 ნოემბერს, იქაური ჩემპიონატის მეორე ლიგაში "ფეირენშემ" გასვლაზე "გიმარაეში B"-ს 1:0 მოუგო. სტუმართაგან ეს ერთადერთი გოლი, 64-ე წუთზე, სწორედ საქართველოს ნაკრების მეკარემ გაიტანა 11-მეტრიანი დარტყმით! მანამდე კი, მე-14 წუთზე, 25 წლის მაკარიძემ თავად მოიგერია პენალტი.

Sportall.ge გიორგის პორტუგალიაში დაუკავშირდა და გაესაუბრა.

- პორტუგალიის მეორე ლიგის მე-16 ტურის შემდეგ პრესამ გიორგი მაკარიძე გმირად შერაცხა...
- მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დავიკავეთ. გუნდის მთავარი მიზანი პირველ ლიგაში გადასვლაა.

გმირობის რა გითხრათ,
ისეთი არაფერი მომხდარა. 11-მეტრიანი ავიღე, შემდეგ კი გავიტანე. უბრალოდ, დაემთხვა, რომ ეს ყველაფერი ერთ თამაშში მოხდა.

- პენალტი რომ შენ უნდა დაგერტყა, ეს სპონტანურად გადაწყდა თუ სიახლეა გუნდში ამ მხრივ?
- სპონტანურად. ისე მოხდა, რომ პენალტების დამრტყმელმა, რომელმაც თავად გამოიმუშავა ის, ტრავმა მიიღო. ამიტომ გადავწყვიტე, მე დამერტყა და გუნდიც მენდო. ისე, პენალტის დარტყმაზე ხშირად ვვარჯიშობ.

- როგორია პორტუგალიის მეორე ლიგის დონე?
- პორტუგალიელები ძალიან ნიჭიერები რომ არიან, ეგ ყველამ ვიცით. განსაკუთრებით, "ბენფიკას", "პორტოს" და "სპორტინგს" ჰყავს ძლიერი მეორე გუნდები. რაც შეეხება ჩემპიონატის დონეს, ის ფინანსურად სუსტია.

- პორტუგალიაში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველთან - ავთო ებრალიძესთან თუ გაქვს კონტაქტი?

- ავთოს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მის თამაშებს ხშირად ვნახულობ და საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

- სამომავლო გეგმები როგორია? გაქვს თუ არა შემოთავაზება სხვა გუნდებიდან და რამდენად იქნება დამოკიდებული შენი მომავალი "ფეირენშეს" შედეგებზე?

- არ ვფიქრობ მომავალზე. დღეს აქ ვარ და ყოველდღე მაქსიმუმს ვაკეთებ. რა იქნება მომავალში, ეს უფლის ნებაა.

- დაბოლოს, ეროვნული ნაკრები. კახა ცხადაძე სტაბილურად გიძახებს, მაგრამ თამაშის საშუალება ჯერ არ მოგცემია...
- დიდი იმედი მქონდა, რომ ამხანაგურებში მაინც მომიწევდა თამაში, თუმცა მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა. თუ არ ჩავთვლით ესტონეთთან შეხვედრას, ნაკრები სწორ გზაზე დგას და მთავარი ეს არის. დიდი იმედი მაქვს და მინდა მჯეროდეს, რომ ესტონეთთან მომხდარი აღარ განმეორდება და უფლის წყალობით დიდ შედეგს მივაღწევთ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები გიო, უფალი გფარავდეს.
mara
04:05 27-11-2015
0
გიო გილოცავ ჯიმა, იცოდე ბრაზილიელი არ დაგავიცკდეს ;)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული