[ექსკლუზივი] გიორგი ლორია: ბერძნებს ჩემი ტრანსფერის ჩაშლა "კრილიაშიც" სურდათ

AutoSharing Option
"ფრენა" არც მანამდე უჭირდა, მაგრამ "კრილიასთან" ერთად, უფრო უნდა გაუადვილდეს... არადა, ფრენაზე მეტად, ახლა სათამაშო პრაქტიკა სჭირდება! არა მგონია, კონტრაქტის ბოლომდე, ანუ 10 ივნისამდე სამარაში დარჩეს, მაგრამ ამ მომენტისთვის, ცხელ-ცხელი ამბავი ასეთია: გუშინ, გიორგი ლორია ოფიციალურად ჩაირიცხა სამარის "კრილია სოვეტოვში".

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე რუსეთის ჩემპიონატისა და, მით უმეტეს, სამარული კლუბისთვის ნამდვილად არ გვემეტება, მაგრამ... პირეოსის "ოლიმპიაკოსის" სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, ამ ეტაპზე, გიორგიმ რუსული პრემიერლიგა ამჯობინა. მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და ნაკრების ძირითადი მეკარის სტატუსის დაბრუნება - სწორედ ეს არის გიორგი
ლორიას მიზანი.

"კრილია" კი, საამისოდ, "ასაფრენი ბილიკი" უნდა გამოდგეს საქართველოს ნაკრების კარის დარაჯისთვის, ამაში დარწმუნებული ვარ! თუმცა, მანამდე, ეს ინტერვიუ წაიკითხეთ:

- კონტრაქტის თანახმად, 10 ივნისამდე "კრილია სოვეტოვის" ფეხბურთელი ვარ, - გვითხრა ლორიამ საუბრის დასაწყისში, - მერე კი, ვნახოთ რა იქნება...

- იყო სხვა ვარიანტებიც?
- როგორ არა?! დანიური "ოდენსე" და გერმანული "დუისბურგი". "დუისბურგში" დღემდე მელოდებიან... "დარმშტადტიც" იყო დაინტერესებული.

- თუ ასეა, რატომ მაინცდამაინც "კრილია"?!
- მეორე ბუნდესლიგას მაინც რუსეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ვამჯობინე... პრემიერლიგა სუსტი პირველობა არ არის, დანიის ჩემპიონატს ნამდვილად სჯობს და მე თუ მკითხავთ, საბერძნეთზე ძლიერი ლიგაც არის!

- საბერძნეთთან ნამდვილად არ გაკავშირებთ სასიამოვნო მოგონებები - სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელებას თუ არ ჩავთვლით...
- "ოლიმპიაკოსში" იმედიანად ჩავედი, მაგრამ... სამწუხაროდ, სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. კარგია, იქაურობას თავი რომ დავაღწიე. საბერძნეთში დარჩენა აღარ ღირდა, თამაშის შანსი არც მექნებოდა...

- მაინც, რატომ წამოხვედით "ოლიმპიაკოსიდან"?
- თამაში არ მომიწევდა, მე კი ჯერ არ ვარ იმ ასაკში, სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მაკმაყოფილებდეს. თანაც, სათამაშო პრაქტიკის გარეშე, ნაკრებშიც დავკარგავდი ადგილს და ვამჯობინე, წავსულიყავი ნებისმიერ სხვა კლუბში, სადაც თამაშის შესაძლებლობა მექნებოდა. ვიმეორებ: "ოლიმპიაკოსში" სხვა პირობებით წავედი, რეალობა კი სხვაგვარი დამხვდა.

- იმის თქმა გინდათ, რომ პირეოსში პირველი მეკარის სტატუსით მიგიწვიეს?
- წინა მწვრთნელს მოვწონდი, მარკო სილვას მოსვლის შემდეგ კი, ყველაფერი თავდაყირა დადგა...

- "ტრაბზონსფორში" ტრანსფერი რაღატომ ჩაიშალა?
- როცა კლუბის ხელმძღვანელობას ვუთხარი - ვატყობ, რომ თამაში არ მომიწევს, ნაკრებშიც დავკარგავ ადგილს და თუ არის საშუალება, სხვაგან გამიშვით-მეთქი. უარი არ უთქვამთ. მაგრამ მოგვიანებით, სანამ "ოლიმპიაკოსის" ხელმძღვანელობას კონკრეტულად დაველაპარაკებოდი, თურქულ პრესაში დაიწერა - ლორია "ტრაბზონში" გადადისო... ამაზე დაიბოღმნენ. თუ რა იყო მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ "ტრაბზონში" ტრანსფერი სწორედ ბერძნებმა ჩაშალეს!

- "ლევადიაკოსის" დაინტერესებაც რეალური იყო?
- "ლევადიაკოსის" მარცხენა მცველი, პორტუგალიელი კარლოს მილჰაზესი ჩემი მეგობარია, კრეტაზე ერთად ვთამაშობდით. კარლოსი თითქმის ყოველდღე მირეკავდა - "ლევადიაკოსის" მწვრთნელი მოუთმენლად გელისო. მეც ვამჯობინე - იანვრამდე ისევ საბერძნეთში ვითამაშებ-მეთქი, მაგრამ... "ოლიმპიაკოსს" იმხელა გავლენა აქვს ბერძნული კლუბების უმეტესობაზე ("პანათინაიკოსის", აეკ-ისა და პაოკ-ის გარდა), რომ ამაშიც შემიშალეს ხელი. როგორც მითხრეს, "ოლიმპიაკოსის" პრეზიდენტმა დაურეკა თავის ლევადიაკოსელ კოლეგას და პირდაპირ მოსთხოვა - ლორია არ აიყვანთო!..

- რუსეთში თქვენს გაშვებას როგორღა დათანხმდნენ?
- ბერძნებს "კრილიაში" ჩემი ტრანსფერის ჩაშლაც სურდათ... ამჯერად, არ გამოუვიდათ, მაგრამ ძალიან კი გამაწვალეს.

- რუსეთში სეზონი კარგა ხნის წინათ დაიწყო, "კრილიას" ძირითადი მეკარე კონიუხოვიც სტაბილურად თამაშობს... არ გაგიჭირდებათ შემადგენლობიდან მისი "ამოგდება"?
- სამარელთა სპორტულმა დირექტორმა ზურა წიკლაურმა მითხრა, რომ ძირითად მეკარედ ვუნდივარ, თორემ, სათადარიგოთა სკამზე ხომ "ოლიმპიაკოსშიც" ვიყავი?! სხვა თუ არაფერი, იქ ჩემპიონთა ლიგის თამაშებს მაინც ვნახავდი "ახლოდან" (იცინის). სათადარიგოთა სკამზე ყოფნა რომ მაკმაყოფილებდეს, პირეოსში დავრჩებოდი! "კრილიაში" ძირითად მეკარედ განმიხილავენ, მე ჩემსას ვეცდები და ვნახოთ, რა გამოვა...

ფორმა? სათამაშო პრაქტიკა არ მქონია, მაგრამ ვარჯიში არ შემიწყვიტავს და სანაკრებო მატჩების შემდეგაც, მამუკა აბუსერიძესთან ერთად ვვარჯიშობდი ნაკრების ბაზაზე...

- იმედია, არავის ათქმევინებთ - რუსულ კლუბში ფულის გამო გადავიდა და კარიერა გაიფუჭაო...
- ვინც ასე ფიქრობს, თავის გზაზე გაუმარჯოს! მე რუსეთში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედი! რუსული პრემიერლიგა ნამდვილად არ არის "ფულის საკეთებელი საამქრო". ვიმეორებ - ჩემი აზრით, საბერძნეთის ჩემპიონატსაც სჯობს. საბერძნეთში 3-4 კლუბი დომინირებს, რუსეთის ჩემპიონატში კი გაცილებით მეტია თანაბარი დონის გუნდია.

- უკანასკნელ წლებში, გიორგი ლორია ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე იყო... არ გაგიჭირდათ სანაკრებო მატჩების სათადარიგოთა სკამიდან ყურება?
- ძალიან გამიჭირდა... მივეჩვიე, რომ ბოლო პერიოდში, სულ მე მიწევდა ნაკრების კარის დაცვა. ამჯერადაც ძალიან მინდოდა თამაში, მაგრამ... კახა ცხადაძეც მელაპარაკა და თავადაც კარგად გავაცნობიერე, რომ ეს ლოგიკური გადაწყვეტილება იყო!

- "გვერდიდან დანახულ" მატჩებზეც საინტერესოა თქვენი აზრი - მოგეწონათ საქართველოს ნაკრების თამაში შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებში?
- მგონი, დამეთანხმებით, რომ დიდი განსხვავებაა ნაკრების წინა თამაშებისგან. ეს შოტლანდიასთან მატჩმაც დაადასტურა. ყველა დავალებას სრულყოფილად ვერ ვასრულებთ, მაგრამ ნელ-ნელა ვუახლოვდებით ისეთ თამაშს, რასაც მთავარი მწვრთნელი ითხოვს ფეხბურთელებისგან. მაგალითად, ბურთის რაც შეიძლება დიდხანს კონტროლი, შეტევა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ირლანდიასთან წაგებას, არ ვეთანხმები შეფასებებს, თითქოს, ერთი თამაშის მოგება ჩვენი მაქსიმუმია. ამის მთქმელებმა რომ იცოდნენ, როგორი განსხვავებაა ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების აღდგენით საშუალებებს შორის, აღარაფერს იტყოდნენ!

- კი, მაგრამ აღდგენითი საშუალებები ხომ ფუფუნება აღარ არის?! თანამედროვე ფეხბურთის აუცილებელი ატრიბუტია!
- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენთვის, ყველაფერი შეუძლებელია... შესაძლოა, ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ ეს ფუფუნებაა, ან ფიქრობენ - თქვენ ჯერ ფეხბურთი ითამაშეთ და მერე "მოგეშველებითო", მაგრამ... თანამედროვე ფეხბურთში ასე აღარ არის - არათუ ეროვნულ ნაკრებში, "ოლიმპიაკოსშიც" კი, ყოველი ვარჯიშის შემდეგ იყენებენ ძალების აღმდგენ თანამედროვე საშუალებებს. სამწუხაროდ, საქართველო ამ მხრივ ძალიან ჩამორჩება...

- ბოლო თვეებია, თქვენს კარიერაში ნეგატივი სჭარბობს... გიორგი ლორიას სახელს ევროპული ფეხბურთის გრანდებს უკავშირებდნენ და... "კრილია სოვეტოვში" კი აღმოჩნდით! მოტივაციას ხომ არ დაკარგავთ?
- საბერძნეთში გატარებულმა კრიზისულმა პერიოდმა და გაურკვევლობამ მართლაც ძალიან დამღალა... ერთხანს, ისიც კი ვიფიქრე - მწვრთნელის ლიცენზიას ავიღებ-მეთქი (იცინის). მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის და ორმაგად მოტივირებული ვარ. ვითამაშებ და ყველაფერი დალაგდება!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

რატი შელეგია
სპეციალურად "ლელოსთვის"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ადრე ვენგერს ხან ლომაიას ყიდვა უნდა ხან კიდევ ხიზანიშვილის და არც ერთი გამოვიდა, ჩელსი ასათიანით იყო დაინტერესებული და რუსებმა არ გაუშვეს რა ძნელი მისახვედრი ეგაა და ეხლა კიდევ ლორიათი ჩელსი დაინტერესდა...ვისაც ლორიას ჩელსისში გადასვლა არ უნდა სხვა ინგლისური გუნდის გულშემაკივარი იქნება, ძნელი მისახვედრი არაა რომლის
შაკო-ს
20:21 25-09-2015
0
ზოგს რა გარეკილი აქვს რა ომი რა ომი?!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული