ბექა ტუღუში: იმედი მაქვს, "ეთნიკოსის" ძირითადში ადგილს დავიმკვიდრებ

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ამ ზაფხულს კვიპროსის პირველი დივიზიონის ბინადარ ახნას "ეთნიკოსში" გადასულმა ნიკა საბანაძემ გუნდი დატოვა და ახალ სამსახურს საქართველოში ეძებს.

მის გარდა, "ეთნიკოსში" წლეულს კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი ბექა ტუღუში გადავიდა. ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი გუნდში რჩება და იმედი აქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებს.

"კვიპროსის ჩემპიონატში უკვე 2 ტური ჩატარდა, მე კი ჯერ ერთ შეხვედრაში ვითამაშე - პირველ ტურში შეცვლაზე შევედი, მეორე კი საზარდულის ტრავმის გამო გამიცდა.

საერთოდ, "ეთნიკოსს" კარგად შევეწყვე. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ წონაში საგრძნობლად დავიკელი. ეს
პრობლემა არც "ტორპედოში" მაწუხებდა, რადგან "ზესტაფონში" გია გეგუჩაძესთან ვარჯიშის შემდეგ ოპტიმალურ მდგომარეობას ვინარჩუნებდი.

მიხარია, რომ ამ პრობლემას მოვერიე. აქაური გარემო და სავარჯიშო პირობები მაიმედებს, რომ მოვუმატებ და ძირითად შემადგენლობაში ადგილს დავიმკვიდრებ", - სჯერა ტუღუშს.

26 წლის ფორვარდის თქმით, საბანაძის წამოსვლის მიუხედავად, გუნდში მაინც ორი ქართველი ითამაშებს:

"ნიკას წასვლის გამო გული ძალიან დამწყდა, მაგრამ ახლა ჩვენთან შოთა გრიგალაშვილი მოვიდა და ვერ წარმოიდგენთ, ისე გამიხარდა - უცხო ქვეყანაში მარტო აღარ ვარ.

საერთოდაც, აქ ბევრი ქართველია. სანაკრებო პაუზის შემდეგ მაისურაძისა და აბურჯანიას გუნდს, "ანორთოსისს" ვეთამაშებით და იმედია, მანამდე მოვმჯობინდები".

ბოლო ინფორმაციით, კვიპროსში იმყოფება სოსო ჭედია, რომელმაც, შესაძლოა, ნიქოზიის აპოელ-ში თემურ ქეცბაიას ასისტენტად დაიწყოს მუშაობა. შეგახსენებთ, რომ ჭედია ქეცბაიას ეროვნულ ნაკრებშიც ეხმარებოდა, "ანორთოსისშიც" და პირეოსის "ოლიმპიაკოსშიც".

ტუღუშის თქმით, ჭედია კვიპროსში ნამდვილად ნახა, თუმცა აპოელ-ში მის შესაძლო დასაქმებაზე დაზუსტებით ვერაფერი გვითხრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული