ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონის უქმეები: 4 გოლი, ქეცბაიას მოგება, მუქარა კობახიძეს და დებიუტები [VIDEO]

AutoSharing Option
მაშ ასე, შევაჯამოთ ლეგიონის უქმეები - საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის, თემურ ქეცბაიას წარმატებული დებიუტი; ოთხი გოლი (გურამ კაშია, ალეკო ამისულაშვილი, გია გრიგალავა და მამუკა ტორონჯაძე), ორიც დებიუტი (ლადო დვალიშვილი და დავით თარგამაძე) და, რაც ყველაზე მთავარია - ქართველ ლეგიონერ სანდრო კობახიძეს დაემუქრნენ, თუკი ის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. რატომ? ქვემოთ იხილავთ...

იტალია. სერია A: ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "მილანს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი "სან სიროს" მინდორზე 62-ე წუთზე (1:1-ზე) გამოჩნ
და მასიმო მაკარონეს ნაცვლად. მის ანგარიშზე სულ 9 პასი (77% სიზუსტე) და ერთი ჯარიმაა, ერთხელაც ლევანს თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაჰყავდა, მაგრამ მცველმა დაბლოკა.

ინგლისი. ჩემპიონშიფი: ქართული ლეგიონის კანდიდატი აკაკი გოგია "ბრენტფორდის" ძირითადში იყო (შესვენებაზე შეცვალეს) "რედინგთან" 1:3 წაგებულ შეხვედრაში.

საფრანგეთი. ლიგა 1: "ლე ფიგარო" იუწყება, რომ "რეიმსის" რიგებში ჯაბა კანკავას არყოფნა "ლორიანთან" (4:1) მწვრთნელის, ოლივიე გეგანის გადაწყვეტილებაა - მან ქართველი 18-კაციან განაცხადში საერთოდ არ შეიყვანა.

ლიგა 2: ამირან სანაიას არ უთამაშია, მისი "პარიზი" შინ "ბრესტს" 1:1 დაუზავდა.

გერმანია. II ბუნდესლიგა: "ფრაიბურგმა" "ზანდჰაუზენს" იოლად სძლია - 4:1. ლუკას ჰუფნაგელი 81-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში უკვე 4:0 იყო.

III ბუნდესლიგა: "ვერდერი II" შინ 1:2 დამარცხდა დრეზდენის "დინამოსთან". გიორგი პაპუნაშვილი თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო.

ჰოლანდია. ერედივიზიე: არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი 4:1 გაანადგურა "კამბური". ვაკო ყაზაიშვილმა და კაშიამ 90-90 წუთი ითამაშეს, კაშიამ 85-ე წუთზე თავით შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბელგია. ჟუპილერ ლიგა: თორნიკე ოქრიაშვილი სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა, მისმა "გენკმა" კი 2:0 მოუგო "შარლერუას". ჩვენებური 69-ე წუთზე შეცვალეს, წუთით ადრე კი მან ყვითელი ბარათი მიიღო. სამწუხაროა, რომ ბელგიური წყაროების მიხედვით, 19 ფეხბურთელი ემზადებოდა ამ შეხვედრისთვის და განაცხადში ერთადერთი ლუკა ზარანდია ვერ მოხვდა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა: ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა გიორგი მაკარიძემ ითამაშა "კოვილიასთან" შეხვედრაში, რომელიც ქართველის გუნდმა "ფეირენშემ" 1:1 დაასრულა.

ავთო ებრალიძე "ჟილ ვისენტეს" სასტარტოში იყო და ის 85-ე წუთზე შეცვალეს. ქართველის გუნდი "ფამალიკაოს" 1:1 დაუზავდა.

რუსეთი. პრემიერლიგა: თედო გრიგალაშვილი ისევ "ტერეკის" სათადარიგოთა სკამით დაკმაყოფილდა, ქართველი მცველის გუნდი კი სტუმრად 3:3 დაუზავდა "ურალს".

"სპარტაკი" შინ "ანჟისთან" დამარცხდა - 1:2. ჯანო ანანიძე მწვრთნელმა 72-ე წუთზე გამოიყვანა. "ჩემპიონატმა" ჯანოს თამაში 5,5 ბალით შეაფასა.

ქართული დუელი ვიხილეთ კვირას, "მორდოვიამ" 2:1 მოუგო "რუბინს". გამარჯვებულთა კარს ნუკრი რევიშვილი იცავდა, მან ბოლო წამებზე ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმართა რიგებში 90 წუთი დაჰყო მოედანზე საბა კვირკველიამ. "მორდოვიას" განაცხადში არ ყოფილა მამუკა კობახიძე.

უკრაინა. პარი-მატჩ ლიგა: ძალზე უცნაური განცხადება გააკეთა "ვოლინის" თავკაცმა ვიტალი კვარციანიმ "ოლიმპიკთან" 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ:

"სანდრო კობახიძემ ტრავმა მიიღო. ამბობს, რომ უკანა კუნთი დაეჭიმა. მე მას ვუთხარი, რომ თუ ნაკრებში ითამაშებს, სანაკრებო მატჩების შემდეგ უკან აღარ დაბრუნდეს კლუბში".

არადა, ქართველმა უკვე მე-19 წუთზე მიიღო ტრავმა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. უცნაურია, რას ერჩის მწვრთნელი ქართველ ნახევარმცველს.

შედგა დავით თარგამაძის დებიუტი "ოლექსანდრიაში". ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც დიდი ხანია, არსად უთამაშია, "ჩერნომორეცთან" მატჩის (0:0) ბოლო 22 წუთში მიიღო მონაწილეობა. სტუმრებში 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ, გიორგი გადრანი განაცხადშიც არ ყოფილა.

"დნიპრომ" 2:0 მოუგო "კარპატის", რომლის შემადგენლობაშიც 71-ე წუთზე გამოჩნდა ბუბა დაუშვილი.

ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" კიევის "დინამოს" წაართვა ქულები - 0:0. ქართველმა ბოლო 8 წუთი ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო.

თურქეთი. სუპერლიგა:. "რიზეში" ისევ ველით ნიკა ძალამიძის დებიუტს. ქართველის გუნდი სტუმრად "ესკიშეჰირს" დაუზავდა - 1:1.

შოთა არველაძის "ტრაბზონი" შინ დაუზავდა "ახიშარს".

თურქეთი. I ლიგა: "ქარშიაქას" რიგებში პირველი გოლი გაიტანა ალეკო ამისულაშვილმა. მისმა გუნდმა შინ 2:2 ითამაშა "სამსუნთან", არადა, ამისულაშვილის გოლის მერე, უკვე მე-16 წუთზე 2:0 დაწინაურდა. 50-ე წუთზე გუნდი 10 კაცის ამარა დარჩა და გამარჯვება ვეღარ შეინარჩუნა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

საბერძნეთი. სუპერლიგა: გიორგი მერებაშვილი სათადარიგო იყო "პანთრაკიკოსთან" მატჩში, რომელიც "ვერიამ" სტუმრად 2:0 მოიგო.

პოლონეთი. ექსტრაკლასა: შჩეცინის "პოგონის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ლადო დვალიშვილს - "პოგონი" სტუმრად 1:1 დაუზავდა "კორონას". ლადო 68-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

პოლონეთი. I დივიზიონი: გიორგი ალავერდაშვილი სათადარიგო იყო "ზავიშას" და "სანდეციას" მატჩში - 2:2.

ჩეხეთი. თასი: 1/32-ფინალში ლევან ყენიას "სლავიამ" სტუმრად 7:0 გაანადგურა "უნიონი". სამწუხაროდ, ჩვენებური ისევ ვერ თამაშობს.

დანია. სუპერლიგა: ქართველთა "ორჰუსი" შინ 0:0 ეთამაშა "ესბიერგს". მათე ვაწაძე 79-ე წუთამდე მოედანზე იყო, დავით სხირტლაძე კი მხოლოდ 89-ე წუთზე გამოჩნდა.

კვიპროსი: უჩა ლობჟანიძის "ომონია" "ახნასს" ესტუმრა და მოულოდნელად 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა.

ორიდან ორივე სასტარტო შეხვედრა მოიგო ქართველთა "ანორთოსისმა", რომელმაც სტუმრად "ნეა სალამინა" დაამარცხა - 3:1. გიორგი აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში იყო (73-ე წუთზე შეცვალეს), ხოლო ირაკლი მაისურაძე 69-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

თემურ ქეცბაიას დებიუტი აპოელ-ში წარმატებული გამოდგა - მისმა აპოელ-მა ყველაზე ქართულ გუნდს ქვეყნის გარეთ, "პაფოსს" (5 ქართველი ლეგიონერი თამაშობს) 6:2 მოუგო. სტუმართა სასტარტოში იყვნენ როინ კვასხვაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, გია გრიგალავა (გაფრთხილება), ხოლო ნიკოლოზ გელაშვილი 66-ე წუთზე შევიდა, ლევან ხმალაძე დისკვალიფიცირებული იყო. 89-ე წუთზე სტუმართაგან თავი გრიგალავამ გამოიჩინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნორვეგია: "სტაბეკი" შინ მოულოდნელად დამარცხდა "ოდდთან" - 1:2. დამარცხებულთა რიგებში გიორგი გოროზია 58-ე წუთზე გამოცვალეს. წაგების მიუხედავად, "სტაბეკი" მე-2 ადგილს ინარჩუნებს.

ფინეთი: გიორგი ოსიტაშვილის კტპ-მ 1:0 მოუგო "იაროს". ქართველი მცველი მოედანზე 61-ე წუთზე ჩაერთო.

ირაკლი სირბილაძის (90 წ) კუპს-ი ესტუმრა "ლაჰტის" და 0:1 დამარცხდა.

ბელორუსი: "სლავიამ" 2:0 დაამარცხა მოზირში "მიკაშევიჩი". გამარჯვებულთა რიგებში 74-ე წუთზე გამოჩნდა იაკობ აფხაზავა.

მოლდოვა: ქართველთა "საქსანი" სტუმრად "დაჩიასთან" დამარცხდა - 1:2. ორივე ქართველი, ირაკლი გოგინაშვილი და გიორგი სარჯველაძე (65-ე წუთზე შეცვალეს) სასტარტოში იყო.

ესტონეთი: "ფლორამ" 1:0 მოუგო "კალიუს". გამარჯვებულთა რიგებში მე-60 წუთზე გამოვიდა ზაქარია ბეგლარიშვილი.

"სილამაეს" "კალევთან" რუსეთის მოქალაქე იგორ ჩემინავამ მოაგებინა, მცველმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა - 1:0.

ალბანეთი: გიორგი ფოფხაძე და ბაჩანა ცხადაძე "ფლამურტარის" შემადგენლობაში სასტარტოში იყვნენ სტუმრად "პარტიზანისთან" 1:2 წაგებულ მატჩში. ცხადაძე 67-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე მან ყვითელი ბარათი მიიღო.

სომხეთი: "ულისი" შინ 0:2 დამარცხდა "მიკასთან". წაგებულთა რიგებში სასტარტოში იყვნენ გიორგი კაჭკაჭიშვილი (76-ე წუთზე შეცვალეს) და ბესიკ ჩიმაკაძე (54-ეზე შეცვალეს). გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ირაკლი კვეკვესკირმა.

ფარერები: 8-გოლიან თრილერში ერთი გოლი ქართულია - მამუკა ტორონჯაძემ "სუდუროის" მოაგებინა. ქართველმა ნახევარმცველმა გოლი 3:3-ზე გაიტანა "სტრეიმურის" კარში. საბოლოოდ სტუმარმა "სუდუროიმ" 5:3 იმარჯვა. 29 წლის ნახევარმცველმა სეზონში მე-7 გოლი გაიტანა.

აშშ. ჩრდილოამერიკის სოკერის ლიგა: ზურაბ ცისკარიძის "სან ანტონიო" სტუმრად "ჯექსონვილს" დაუზავდა - 0:0, ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ