სანდრო კობახიძე: ამ სეზონში რაც შეიძლება მეტი გოლი მინდა გავიტანო

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ფეხბურთელი სანდრო კობახიძე, რომელიც "ვოლინში" იჯარით თამაშობს, მაგრამ შესაძლოა, მალევე "დნიპროში" დაბრუნდეს, matchday.ua-ს რესპონდენტია. ჩვენ ამ ინტერვიუდან ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ.

- 2008 წელს შედგა თქვენი ტრანსფერი "დნიპროში". გეშინოდათ მშობლიური თბილისის დატოვების?
- 20 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, შიში არ მქონდა, მაგრამ უჩვეულო სიტუაციაში კი ვიყავი. ეს ჩემთვის ოცნება იყო, მარტო ცხოვრება და კარიერის აწყობა. თუმცა თავიდან დიდხანს ვეგუებოდი ახალ გარემოს, სამშობლო მენატრებოდა. ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება და ბავშვობიდან წინასწარ ვიცოდი, რომ ასეთი ცხოვრება მელოდა. "დნიპრომ" საქართველოსა და
რუსეთის ახალგაზრდულ მატჩში შემამჩნია, რომელიც კარგად ვითამაშე. თან, ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა ჩემმა მაშინდელმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა.

- "დნიპრო" კარიერის გაგრძელების ერთადერთი ვარიანტი იყო?
- ერთადერთი არა, მაგრამ საუკეთესო. მაშინ თბილისის "დინამოში" ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი, რომ ჩემი გაშვება არ სურდათ. არც ჩემი, არც სხვების. ეს გრძელი ამბავია და მოყოლა არ ღირს. მიმაჩნია, გამიმართლა, რომ კარიერა "დნიპროში" გავაგრძელე.

- ჯაბა კანკავასთან თუ გაიარეთ კონსულტაცია?
- ჯაბას მაშინ ასე ახლოს არ ვიცნობდი, რომ დამერეკა და აზრი მეკითხა, მაგრამ უკრაინაში კანკავა ძალიან დამეხმარა. პრინციპში, მის გარეშე დავიკარგებოდი ჩემთვის უცხო გარემოში.

- "დნიპროში" ხუანდე რამოსის დროს იყავით. როგორი შთაბეჭდილება დატოვა მან?
- ის დიდი მწვრთნელია. მართალია, თავად ცოტა თამაში მიწევდა, მაგრამ ის დიდი სპეციალისტია და მისგან ბევრი ვისწავლე, მისი ვარჯიშები იყო ძალიან მაღალი დონის. ზოგიერთი მწვრთნელისგან განსხვავებით, რომლებიც არასოდეს არაფერს ხსნიან, ხუანდე რამოსი ყოველთვის ელაპარაკება ფეხბურთელებს, უხსნის მათ დეტალებს.

- ახლა ვიტალი კვარციანის თავკაცობით მუშაობთ, არ არის ალბათ ადვილი...
- სინამდვილეში ის ისეთი ადამიანი არ არის, როგორის წარმოსახვაც უყვართ მედიაში. მან იცის, როგორ მონახოს ფეხბურთელებთან საერთო ენა. ჩემთვის მთავარია, რომ ვითამაშო და მწვრთნელი მენდობოდეს. "ვოლინში" ასეა.

- ქართველებს გიყვართ ერთად ყოფნა ხოლმე. "დნიპროში" კანკავასთან მეგობრობდით, "ვოლინში" კი ფარცვანიასთან. ახლა მარტო დარჩით...
- გუნდში ბევრი მეგობარი მყავს და არ ვიწყენ.

- რა მიზნები გაქვთ სეზონში, გუნდსა და ნაკრებში?
- რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა და სარგებლის მოტანა გუნდისთვის. ბანალურია, მაგრამ ასეთი მიზნები მაქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული