გიორგი პაპუნაშვილი: მინდა, შესაძლებლობები ბუნდესლიგის დონეზე გამოვცადო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 19 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის "ვერდერის" ფეხბურთელი გახდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის გაფორმდა ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება, ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით.

როგორც თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი წერს, პაპუნაშვილის თაობაზე კლუბს სხვა შეთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა, თავად ფეხბურთელისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, "დინამომ" საუკეთესო ვარიანტი აირჩია.

პაპუნაშვილის ტრანსფერის ამბავი "ვერდერის" ოფიციალურმა ვებგვერდმაც გაახმაურა. "დინამოს" აწ უკვე ყოფილი შემტევი თავიდან "ვერდერი 2"-ში (23-წლამდელთა გუნდი) იქნება, რომელიც ამ სეზონიდან გერმანიის III ლიგაში ითამაშებს.

ამ გუნდის მწვრთნელია ნაკლებად
ცნობილი სპეციალისტი, 36 წლის ალექსანდერ ნური, რომელიც "ვერდერი 2"-ში ერთი წლის წინათ მივიდა და პირველივე ცდაზე გუნდი ჩრდილოეთ რეგიონალლიგიდან ერთი რანგით დააწინაურა.

"ვერდერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა კლუბის 23-წლამდელთა სპორტული მენეჯერის, ტიმ ბოროვსკის ("ვერდერისა" და "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი) კომენტარი, რომელშიც ის ამბობს:

"გვიხარია, რომ გიორგიმ ჩვენთან თამაში არჩია. ის ჯერ 19 წლისაა, თუმცა სამშობლოში უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვა. უთამაშია ევროპალიგის გათამაშებასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც. ის არის შემტევი, რომელიც მუდმივი დაძაბულობისა და წნეხის ქვეშ აქცევს მეტოქის მცველებს, რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია".

მოკლედ, ნდობა არის, პერსპექტივა არის და გარემოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, ახლა ყველაფერი თავად პაპუნაშვილზეა დამოკიდებული.

ის თბილისის "დინამოში" 2011 წლიდან თამაშობს. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 2013 წელს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში მან 47 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

ცხადია, ის თავიდანვე "ვერდერის" მთავარი გუნდის დამრიგებლის, უკრაინელი ვიქტორ სკრიპნიკის ყურადღების ქვეშ იქნება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ბრემენელმა მუსიკოსებმა" ბუნდესლიგაში მე-10 ადგილი დაიკავეს.

გთავაზობთ გიორგის კომენტარს, რომელიც თბილისის "დინამოს" პრესსამსახურმა მოგვაწოდა:

გიორგი პაპუნაშვილი: "დინამოში" შესანიშნავი 5 წელიწადი გავატარე და აქედან 2 - პირველ გუნდში. "დინამო" ერთი დიდი ოჯახია და ჩემთვის ძნელი და ემოციურია აქედან წასვლა.

თუმცა, "ვერდერში" ასპარეზობა ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იქნება და მაინტერესებს, ჩემი შესაძლებლობები ბუნდესლიგის დონეზე გამოვცადო...

ასევე, მინდა მოკლედ მივმართო ჩვენი აკადემიის ბავშვებს და ვუთხრა, რომ რაც შეიძლება მეტი იშრომონ იმისთვის, რათა ასახელონ "დინამო" და საქართველო. მონდომება და თავდადება ფუჭად არ ჩაივლის, რაშიც გარკვეულწილად ჩემმა მაგალითმაც დამარწმუნა...

მადლობას ვუხდი აქ გატარებული წლებისთვის ყველა დინამოელს - კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და "დინამოს" ქომაგებს, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ ყოველთვის მხარში მედგნენ და მამხნევებდნენ.

დარწმუნებული ვარ, ჩემი წარმატება ყველა დინამოელს გაუხარდება და მათ თანადგომას გერმანიაშიც ვიგრძნობ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა ხელი მოგიმართოს,მე პირადად გამეხარდება შენი წარმატებები,მაგრამ ცოტა ჭკუას მოუხმე და საქმეზე იფიქრე,ილუზიებს მოეშვი,თორემ გამოგაპანღურებენ მაქედან და მერე უყარე კაკალი.
roma
11:15 28-07-2015
0

სიახლეები პოპულარული