ბაჩანა ცხადაძე "ინტერზე", მამაშვილობასა და ნაკრებზე...

AutoSharing Option
"ლელომ" უკვე გაცნობათ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა - გიორგი ლომაიამ, ლაშა სალუქვაძემ, ალეკო ამისულაშვილმა და ბაჩანა ცხადაძემ ბაქოს "ინტერი" დატოვეს.

25 წლის ბაჩანა ცხადაძე ბოლო სეზონებში "ინტერის" საუკეთესო თავდამსხმელია. მას დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.

- თავდაპირველად, მიმდინარე სეზონი შეაფასეთ. "ინტერში" არსებული ფინანსური პრობლემების მიუხედავად, გუნდმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა და აზერბაიჯანის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. ეს კი არა, კინაღამ ჩემპიონობასაც შესწვდა...
- მგონი, თქვენს კითხვაში ამომწურავად შეაფასეთ ჩვენი გუნდის სეზონი. ბოლო სამი თვის განმავლობაში რაც ხდებოდა კლუბში, იმის გათვალისწინებით
მართლაც კარგ შედეგს მივაღწიეთ. მიმაჩნია, რომ ასეთი ფონის მიუხედავად, აზერბაიჯანის ჩემპიონობაც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენივე ბრალია - აუტსაიდერებთან ქულები დავკარგეთ და ამან გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე.

კი, იყო ფინანსური პრობლემები, მაგრამ ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც მინდორზე გადის, ფიქრობს იმაზე, როგორ მოიგოს და არ ფიქრობს ფინანსურ პრობლემებზე. ასე რომ, ჩვენს მეორე ადგილს მხოლოდ ფინანსურ პრობლემებს ვერ დავაბრალებ.

- ფაქტია, "ინტერის" წარმატება, კახა ცხადაძის სტაბილური მუშაობა აზერბაიჯანში და ჩვენების კარგი თამაში, იქაური მედიის გარკვეულ ნაწილს არ ეპიტნავებოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში პასკვილებით ცდილობდნენ "ინტერის" ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლას. რატომ ხდებოდა ასე?
- სხვათა შორის, არის მხოლოდ ერთი ჟურნალისტი, რომელიც არც საკუთარ თავს სცემს პატივს და არც თავის პროფესიას. სწორედ იმისგან მოდის ეს ყველაფერი. მას ამოძრავებს პირადი ბოღმა და ეს არის ამ ყველაფრის სათავე. არ ჰყავს იმ საიტს და იმ პიროვნებას ბევრი მკითხველი აზერბაიჯანში. მეტიც, რამდენიც აზერბაიჯანში ჰყავს, ალბათ, იმდენივე ჰყავს საქართველოშიც.

საქართველოში ყველას აინტერესებს "ინტერის" ამბები და ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იყო იქ თამაშის დროს. ამ საიტის მიზანი კი ისაა, რომ როგორმე ყურადღება მიიპყროს და აქცენტს აკეთებს ჭორებზე, დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე...

ესაა ცუდი, თორემ ჯანსაღ კრიტიკას ვინ გაურბის? პირიქით, ის ფეხბურთელს სრულყოფაში ეხმარება. დანარჩენი აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ობიექტურად აშუქებენ მოვლენებს.

- რთულია, როცა მამის გაწვრთნილ გუნდში თამაშობ? თქვენზე ვერავინ იტყვის, "ინტერში" კახა ცხადაძის შვილობის გამო ირჯებაო...
- სიმართლე გითხრათ, ამ მომენტს მე არც ვაქცევ ყურადღებას. ყველამ იცის კახას ხასიათი. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დავფიქრდები ამ მომენტზე, როცა, ვთქვათ, უგოლო სერია გამიგრძელდება ხოლმე.

- როგორი იქნება ქართველი ფეხბურთელების მომავალი "ინტერში"? ჩვენი ინფორმაციით, გუნდი ყველამ დატოვა...
- არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა ლეგიონერმა და წამყვანმა აზერბაიჯანელმა მოთამაშემ დატოვა კლუბი.

სანამ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდებოდა, "ინტერის" ხელმძღვანელობას ყველა ქართველი წინასწარ მოველაპარაკეთ დარჩენაზე. ახლა კი ასეთი სიტუაციაა... ჯერ უნდა გაისტუმრონ ის დიდი დავალიანება, რომელიც დაგროვდა ფეხბურთელების მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი კლუბისა და ქართველი ფეხბურთელების ახალ ურთიერთობაზე.

- პირადად თქვენ "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტი გაკავშირებთ...
- ამ ეტაპზე კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას არ შეუძლია შექმნილი მდგომარეობის გამო ხელფასი გადაუხადოს ფეხბურთელებს.

6 წელიწადია, ამ გუნდში ვარ და არ მახსოვს, ბოლო პერიოდს თუ არ ჩავთვლით, წამით დაგვიანებულიყოს ხელფასი. იმედია, უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია და გაგვისტუმრებენ დავალიანებას. ველოდები სიტუაციის გარკვევას.

- რომელიმე გუნდი ხომ არ შეგხმიანებიათ?
- აქამდე ყველამ იცოდა, რომ "ინტერში" ვრჩებოდი. არის ჯერ მხოლოდ ზოგადი ლაპარაკი და არაფერი - კონკრეტული. 3-4 დღე უნდა დავისვენო, ძალზე დატვირთული სეზონი იყო ჩემთვის...

- საით მიდის აზერბაიჯანის ჩემპიონატი?
- ბოლო 5-6 წელიწადი პროგრესი შეიმჩნეოდა, ეს ტენდენცია აშკარა იყო. ამ სეზონში კი დონე უცებ დაეცა. ერთ-ერთი ტრადიციული კლუბი - "ბაქი" სავალალო დღეშია. ჩვენს პრობლემებზე უკვე ვისაუბრეთ. ერთმა კლუბმა საერთოდ ვერ ჩაამთავრა პირველობა. მაღალბიუჯეტიანი ლენქორანის "ხაზარი" კი მკვეთრად გაახალგაზრდავდა.

- დაბოლოს, საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს მატჩზეც გკითხავთ...
- ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ავსტრიული შეკრება. მწვრთნელს ექნება დრო და საშუალება, სათამაშო მონახაზი დახვეწოს.

უკრაინა ძლიერი და სასურველი სპარინგ-პარტნიორია. როგორც ვიცი, პოლონეთს ფეხბურთელები აკლია და უნდა ვეცადოთ, რომ ეს ფაქტორი საჩვენოდ გამოვიყენოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული