ლეგიონი: კობახიძის გოლი და ძალამიძის საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
სანდრო კობახიძის გოლი უკრაინის პრემიერლიგაში და ნიკა ძალამიძის საგოლე პასი პოლონეთის ექსტრაკლასაში - სულ ეს არის ქართული ლეგიონის მონაგარი ამ უქმეებზე.

უკრაინის პირველობის დასრულებამდე ტურიღა რჩება. ლუცკის "ვოლინი" ევროსაგზურის გარეშე დარჩა, თუმცა მის რიგებში დიდებულად ათამაშდა "დნიპროდან" განათხოვრებული სანდრო კობახიძე - "ვოლინმა" 3:1 მოუგო "ოლიმპიკს", სანდრომ კი მესამე ბურთი გაიტანა - ახლო მანძილიდან, ფაქტობრივად, ცარიელ კარში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

28 წლის კობახიძეს ისეთივე კარგი სეზონი აქვს, როგორც 2011/12 წლების სეზონში, როცა კიევის "არსენალში" 23 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ახლა მის ანგარიშზე
6 გოლია, თანაც ბოლო სამ შეხვედრაში ზედიზედ გაიტანა.

გერმანიაში III ბუნდესლიგა დასრულდა და წესით, გაისად ამ ლიგაში ქართველი აღარ გვეყოლება, რადგან შაბათს აკაკი გოგიამ უკანასკნელად ითამაშა "ჰალეშერის" რიგებში. ის კარიერას ინგლისური ჩემპიონშიპის "ბრეტფორდში" გააგრძელებს. მე-10 ადგილზე გასული "ჰალეშერის" რიგებში 23 წლის ქართველმა შუახაზელმა 35 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, უმოტივაციო "როტ-ვაისთან" დამარცხდა და ლიგიდან გავარდა ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგი" - 0:1. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. სულ "ბაიერნის" აღზრდილი ჰუფნაგელის ანგარიშზე 29 მატჩში 3 გოლია.

თურქულ სუპერლიგაში "ქასიმფაშას" სასტარტოში ადგილი დაიბრუნა ახალგაზრდა ლაშა დვალმა. მისმა გუნდმა "ერქიესპორთან" 3:3 ითამაშა. დვალი არ შეუცვლიათ.

კვიპროსში ჩემპიონატი დასრულდა. გავარდა "ოთელოსი", სადაც ბოლოს მხოლოდ ელგუჯა გრიგალაშვილი შემორჩა. უთამაშებლად დაემშვიდობა "ნეა სალამინას" მისი უფროსი ძმა შოთა, რომლის გუნდიც გავარდნას გადაურჩა.

ქართველთა გუნდებიდან საუკეთესო პოზიცია უჩა ლობჟანიძის "ომონიამ" დაიკავა, რომელიც 56 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა, "ანორთოსისი" 52 ქულით მეხუთეა.

"სპარტაკის" რიგებში კვლავ გამოჩნდა ჯანო ანანიძე, ის "უფასთან" 1:2 წაგებულ შეხვედრაში 71-ე წუთზე გამოჩნდა.

პოლონეთში ბრწყინვალედ ასპარეზობს გიორგი ფოფხაძისა და ნიკა ძალამიძის "იაგელონია", რომელიც 32 ქულით მესამე ადგილზეა. "იაგელონიამ" "ვისლას" მოუგო - 2:1. ფოფხაძე სათადარიგო იყო, ძალამიძე კი შესვენების შემდეგ გამოჩნდა, თუმცა თავისი საქმე გააკეთა - 87-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:1 იყო, საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს ძალამიძის მე-9 საგოლე პასია ჩემპიონატში, წინ მხოლოდ სემირ სტილიჩია (ვისლა) 13 საგოლე პასით. ძალამიძის 9 პასს 3 გოლიც რომ დავუმატოთ, გამოდის, რომ მას პოლონეთში საუკეთესო სეზონი აქვს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როგორც მოსალოდნელი იყო, "ვიტესმა" დაძლია "ზვოლეს" წინააღმდეგობა და ევროპალიგის საგზურისთვის პლეი ოფის ფინალში გავიდა. საპასუხო მატჩი 1:1 დასრულდა (პირველი სტუმრად 2:1 მოიგო ვაკო ყაზაიშვილის გოლისა და საგოლე პასის წყალობით). ქართველებს თავი ამჯერად აღარ გამოუჩენიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე გოლის დროს უფრო მაგრად ითამაშა! ფორმალურად საგოლე პასი მაგან არ გააკეთა, მაგრამ მაგისი გოლი იყო თავიდან ბოლომდე.
Lado
14:47 01-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული