ბექა ვაჩიბერაძე - მეორე ქართველი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კახა კალაძის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მილანის" ყოფილი მცველი კახა კალაძე ჩემპიონთა ლიგის სამგზის ფინალისტი და ორგზის გამარჯვებული გახლავთ. არავინ უწყის, ამ შედეგს ვინმე როდისმე თუ შესწვდება, მაგრამ ბექა ვაჩიბერაძე კალაძის შემდეგ მეორე ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

მართალია, ეს იუნიორთა ლიგაში მოხდა, მაგრამ ბოლო დროს ჩვენების წარმატებები ისე იშვიათად გვესმის, ამ თინეიჯერის ამბავმა, ალბათ, ყველა გაახარა - ბექა ვაჩიბერაძემ ლიგის ფინალში გუშინ, 13 აპრილს ითამაშა...

დიდების ტურნირისგან განსხვავებით, იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაში გადამწყვეტი შეხვედრები ოთხთა ფინალის ფორმატში გაიმართა, თამაშებს კი შვეიცარიულმა ნიონმა უმასპინძლა. ნახევარფინალში ბექა
ვაჩიბერაძის "შახტარმა" ნახევარფინალში "ანდერლეხტს" 3:1 სძლია და ფინალში გავიდა.

ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, უკრაინელებმა დაძაბული თამაში მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ბელგიელებს წინ ვერაფერი დაუდგებოდათ. "ანდერლეხტი" მატჩის სადავეებს ფლობდა და 55-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა, მაგრამ დონბასელებმა თამაშის ბედის შემოტრიალება მოახერხეს და საბოლოოდ, 3:1 მოიგეს.

ვაჩიბერაძე საყრდენი გახლდათ და მისი მოვალეობა მეტოქის შეტევების შეჩერება იყო, რასაც თავი კარგად გაართვა და მოგებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. 90-ე წუთზე კი ქანცგაცლილი - მწვრთნელმა შეცვალა. მანამდე ბექა მონაწილეობდა "შახტარის" მწვავე შეტევაში, როდესაც დონეცკელთა თავდამსხმელმა ბურთი ძელს მოარტყა, მეორე ტაიმში კი მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა. ამ ეპიზოდიდან მალევე ვაჩიბერაძემ თავისიანი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან ბურთი ვერ დაიმორჩილა და ახლო მანძილიდან კარის აღების შანსი ხელიდან გაუშვა.

მეორე ნახევარფინალში "ჩელსიმ" "რომა" 4:0 გაანადგურა.

ფინალი 13 აპრილს ნიონის სტადიონზე გაიმართა. ვაჩიბერაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. ის მარჯვენა საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ. პირველ გოლზე კომენტატორმა ქართველის შეცდომაც დააფიქსირა - ბექა გოლის ავტორ აიზაი ბრაუნს ჩაუწვა, მაგრამ ხელი ვეღარ შეუშალა.

თამაშიდან ისე ჩანდა, რომ მწვრთნელმა ვაჩიბერაძეს ნახევარდაცვაში დაცვითი ფუნქციები დაავალა, დონბასელები კი ძალიან ფრთხილად და უკბილოდ უტევდნენ. ვაჩიბერაძეს ბურთის სწრაფი "ამოტანა" ევალებოდა და თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მისი გადაცემებით, ძირითადად, ადრესატამდე მიდიოდა, მაგრამ ლონდონელთა პრესინგის გამო ბექას თანაგუნდელებს გახსნა და შეტევის გაგრძელება უჭირდათ.

ამის მიუხედავად, პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველმა თანაგუნდელი მეკარესთან მარტო დატოვა, მან კი მომენტით ვერ ისარგებლა.

ზოგადად, ლონდონელთა უპირატესობა იგრძნობოდა, "ჩელსიმ" 3:2 მოიგო და იუნიორთა ლიგის გამარჯვებული გახდა. თუმცა ასაკობრივი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტობა ისეთი განაცხადია, რომელიც ვაჩიბერაძეს კარიერის აწყობაში დაეხმარება.

იმედია, ქუთაისელი ბიჭი თავის გზას იპოვის და ქართველ გუშემატკივარსაც მომავალში უფრო გაახარებს.

აქვე ვიტყვით, რომ უეფამ 19-წლამდელების ლიგის ფორმატის შეცვლა და 2015/16 წლების სეზონში მონაწილეთა რაოდენობის 64-მდე გაზრდა გადაწყვიტა. გათამაშებაში კი 19-წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები ითამაშებენ - ანუ უეფას რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 32 ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ამ ასაკის ჩემპიონატი ტარდება.

ჭაბუკთა ქართულ გუნდებს ამ ტურნირზე წარმატებით გამოსვლისა და ბოლო ეტაპებზე მოხვედრის გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე დიდების ლიგებში, მაგრამ პირველ გათამაშებაში ვერ მოხვდებიან ის ქვეყნები, სადაც 19-წლამდელთა ჩემპიონატი არ ტარდება. ჩვენ არც რეიტინგი გვაქვს დამაკმაყოფილებელი (უეფას ცხრილში 34-ე ადგილზე ვართ) და, რაც ყველაზე ცუდია, 19-წლამდელთა ჩემპიონატსაც არ ვატარებთ.

P.S. ჩანს, უეფას ბოლო გადაწყვეტილებამ სფფ-ის თავკაცებიც დააფიქრა და, როგორც შევიტყვეთ, მომავალ წელს ტურნირებს ამ ასაკის ჩემპიონატიც დაემატება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველი ქართველი ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა ეროვნული გუნდის კაპიანი იყო,მეორეს თუ აქვს გეგმაში საქართველოსთის თამაში?საინტერესოა პირადად ჩემთვის
Bacho
18:50 14-04-2015
0
გაიგეთ? იმიტო არ თამაშობს აქ რო ფულები ვერ გამაზა მისმა ოჯახმა .... ფეხბურთი ფედერაცია და ... !
zuzuna
15:16 14-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული