ბერძნულ პაოკ-ს გია გრიგალავა სურს? ქართველი "ანჟისგან" კომპენსაციას ითხოვს

AutoSharing Option
25 წლის გია გრიგალავა რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე მახაჭყალის "ანჟის" ოფიციალურ ვებგვერდზე არც პირველ და არც მეორე შემადგენლობაში არ ფიგურირებს.

დაღესტნური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ნარვიკ სირხაევმა ინტერნეტპორტალ "ევროფუტბოლთან" კომენტარში ქართველი მცველის წასვლა უარყო, დღემდე ჩვენი ფეხბურთელიაო, მაგრამ ორივე შემადგენლობაში მის არყოფნაზე ლაპარაკს მოერიდა. მხოლოდ ის თქვა, რომ მიმდინარე სეზონში გრიგალავას უთამაშებლობა პირველ ლიგაში ლეგიონერებზე დაწესებულ მკაცრ ლიმიტს უკავშირდებოდა.

მოკლედ, გაუგებარი ვითარებაა: "ანჟი" ქართველის გვარს ვებგვერდიდან იღებს, პერმის "ამკარი" დაინტერესებულია (რასაც ამ კლუბის პრეზიდენტიც ადასტურებს), მაგრამ საკითხი დღემდე ადგილიდან არ იძვრის.

დავინტერესდით და დავაზუსტეთ, რომ სირხაევი ბოლომდე სიმართლეს არ ამბობს - გრიგალავას აქვს არა შემადგენლობაში მოხვედრის, არამედ - კონტრაქტის პრობლემა. მიზეზი "ანჟისა" და ქართველ ფეხბურთელს შორის წარმოქმნილი დავაა. გრიგალავა "ანჟის" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. 3-წლიანი კონტრაქტის ამოწურვამდე მას კიდევ წელიწადი და 8 თვე აშორებს.

ფაქტია, რომ პირველ ლიგაში დაქვეითებულ "ანჟის" ხელშეკრულების პირობების შესრულება უჭირს, ამიტომ კონტრაქტის გაწყვეტა და გრიგალავას გაშვება სურს. მეორე მხრივ, ქართველსაც სურს, რომ საკითხი დროულად გადაიჭრას, ახალ გუნდში წავიდეს და სეზონისთვის ნორმალურად მოემზადოს. მაგრამ, ამავე დროს, ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტისთვის კომპენსაციას ითხოვს და მიდის ჭიდაობა.

ამასობაში, შევიტყვეთ, რომ გრიგალავას რუსეთის პრემიერლიგის კიდევ ორ კლუბში იწვევენ - "როსტოვში", სადაც მწვრთნელად ყურბან ბერდიევი დაინიშნა, და მოსკოვის "ტორპედოში".

გრიგალავას გადასვლას ყაზახეთში, კერძოდ - პავლოდარის "ირტიშშიც" სთავაზობდნენ, მაგრამ გაცილებით სერიოზულია ბერძნების წინადადება - მას პაოკ-თან შეუძლია ხელშეკრულების გაფორმება.

სხვათა შორის, სალონიკური კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გრიგალავას ყოფილი კლუბის, "როსტოვის" ექსპრეზიდენტი ივან სავიდია, რომელიც წალკის რაიონშია დაბადებულ-გაზრდილი და ქართველ მცველს კარგად იცნობს.

სანამ გრიგალავა დაინტერესებულ კლუბებთან და "ანჟისთან" ურთიერთობას არკვევს, მანამდე მახაჭყალელთა მეორე გუნდში ვარჯიშობს და იმედოვნებს, რომ სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე ყველაფერი მისდა სასიკეთოდ გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული