ლევან მჭედლიძე: ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს, თავს უხერხულად ვგრძნობ...

AutoSharing Option
ჭეშმარიტად, დრონი მეფობენ და არა მეფენი. და მართლაც იყო დრო, როცა ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში არაერთი ქართველი ჩაუქობდა, სადღეისოდ კი ტოპდივიზიონებში ორი ჩვენებურიღა შემოგვრჩა - "ემპოლის" 24 წლის ფორვარდი ლევან მჭედლიძე და ფრანგული "ბასტიას" ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე, რომელსაც ჯერ არ მისცემია თავის გამოჩენის შანსი...

გუშინ "ლელო" იტალიური კლუბის ქართველ შემტევს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც მჭედლიძე სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ლევან, პირველ რიგში შეაფასეთ მიმდინარე სეზონი თქვენთვის და "ემპოლისთვის"...
- მე ვფიქრობ, სერია A-ში ნორმალურ პოზიციაზე ვართ. ჩვენი მდგომარეობა უკეთესი
იქნებოდა, რამდენიმე შეხვედრაში დასანანი ქულები რომ არ დაგვეკარგა. მაგალითად, ავიღოთ "ნაპოლსა" და "მილანთან" მატჩები. იმ შეხვედრებში, თავიდან 2 ბურთით დავწინაურდით, თუმცა ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და ჩვენივე შეცდომებმა განაპირობა ის, რომ ეს მატჩები ფრედ დავასრულეთ.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს თამაშს მიმდინარე სეზონში, თავიდან ძირითადში დავიწყე, მაგრამ მერე ტრავმამ შემიშალა ხელი. ამის გამო, რამდენიმე მატჩი გამიცდა. უკეთესი მომავლის იმედი მაქვს - მთავარია, თავს კარგად ვგრძნობ.

- ალბათ, უპრიანი იქნებოდა, "ემპოლიში" მეტი გეთამაშათ, თუმცა ფაქტს ვერსად გავექცევით - გუნდში დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით - თავდასხმის ხაზში. დაიწერა, რომ ზამთარში კლუბს არ გამოიცვლით. გადაწყვეტილია, რომ "ემპოლიში" რჩებით?
- რა თქმა უნდა, მეტ სათამაშო დროს ვითხოვ, თუ არა და, არანაირი პრობლემა არ არის - გუნდიდან წავალ. თუ კლუბი გადაწყვეტს, რომ არ ვარ შესაბამისი დონის ფეხბურთელი, მათ შეუძლიათ, უპრობლემოდ გამიშვან, თუმცა... არ მიშვებენ. გამოდის, რომ გუნდს ვჭირდები. იმედია, სულ მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და მეტს ვითამაშებ. "ემპოლიმ" ასე გადაწყვიტა - უნდა დავრჩე. ეს ფაქტია, მაგრამ ისიცაა, რომ მეტი პრაქტიკა მჭირდება.

- გულახდილად გვითხარით, მზად ხართ 90 წუთის სათამაშოდ?
- მზად ვარ. აქ ერთი დეტალია - უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა სულ სხვაა და ვარჯიში - სულ სხვა. რაც უნდა ირბინოს და ივარჯიშოს ფეხბურთელმა, თავიც რომ მოიკლას, ვარჯიში თამაშს ვერასდროს შეცვლის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთმა თამაშმა, შესაძლოა, ერთი თვის ვარჯიში გადაწონოს.

ამ ეტაპზე ფიზიკური თვალსაზრისით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და შემიძლია, 90 წუთი სტაბილურად ვითამაშო. არანაირი პრობლემა არ მაწუხებს.

- როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ მორჩა ტრავმების ეპიდემია თქვენს კარიერაში? რომ არა ტრავმები, დღეს, ალბათ, სულ სხვა დონეზე იქნებოდით...
- მართალი ხართ, თუ რამემ ცუდად იმოქმედა ჩემს კარიერაზე, ეს ტრავმებია. თავს პირობა მივეცი, რომ აღარ ვიფიქრებ იმაზე, რაც გამოვიარე. აღარასოდეს ვიფიქრებ ნეგატიურზე. ამდენი წვალების მერე ჯანმრთელად ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და ამაში ვპოულობ პოზიტივს. მინდა, სულ წინ ვიარო.

24 წლის ვარ და ეს არ არის ის ასაკი, რომ ხელები ჩამოვუშვა და ჩავთვალო - აწი ვეღარაფერს მივაღწევ. არაფერია დაგვიანებული - ამის მჯერა.

- ლევან, გაიხსენეთ "ჯენოას" კარში გატანილი გოლი, რომელიც იტალიურმა მედიამ სეზონის მშვენებად მონათლა...
- საკმაოდ ლამაზი გოლი გამოვიდა. გოლი რომ გავიტანე, მოსალოცად მოსულმა პარტნიორებმა პირველი ის მითხრეს, ვარჯიშის დროსაც ხომ შეაგდე ასეთი ბურთიო. ძალიან მიყვარს ეფექტური გოლები და ვცდილობ, ვარჯიშზეც გავიტანო. სწორედ ვარჯიშზე ვაკეთებ ისეთ რამეებს, რის გადმოტანასაც მერე თამაშში ვცდილობ.

- გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრებს კახა ცხადაძე გაწვრთნის. ეროვნულ გუნდს დღეს არ უდგას არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი. რას იტყვით ზოგადად საქართველოს ნაკრებზე?
- იმედი მაქვს, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი დალაგდება. ჩვენ ვალში ვართ ქართველი გულშემატკივრის წინაშე. ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს, თავს უხერხულად ვგრძნობ...

ერთს ვპირდები ყველას: საქართველოს ნაკრებში ნებისმიერ დაძახებაზე ჩამოვალ და მაქსიმუმს დავდებ ქვეყნისთვის.

კახა ცხადაძეს პირადად ვიცნობ, თუმცა მასთან, როგორც მწვრთნელთან, არ მიმუშავია. სხვა ფეხბურთელებისგან გადმოცემით ვიცი, რომ ძლიერი სპეციალისტია. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი სამწვრთნელო თვისებები საქართველოს ნაკრებს გამოადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
შენ არაფერი გეტკინოს მაგის აფეთქებამდე, მეტი არაა ჩემი მტერი ამან ბევრი გოლები გაიტანოს. 135 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი. მეკარე ჩილავერტი გახსოვს? 25 გოლი გაქონდა ამდენ თამაშში. იმიტომაცაა დაღუპული ქართული ფეხბურთი ახლა მჭედლიძე ქართველებში ყველაზე უკეთესი რომაა.
Giorga-s
08:28 28-12-2014
0
სტატიის ხარვეზები: ლუკა კიკაბიძე მცველი არ არის, გარემარბია, შეუძლია ითამაშოს ნახევარდაცვაში და მეორე ფორვარდადაც კი თუმცა რა, რა და მცველი არ არის, ამას გარდა "ნაპოლს" არის ისეთივე შეცდომა როგორიც ჟიურმა ჩელსმა პუშკინიმ და ა.შ. ნაპოლის არი სწორი, მეტი ყურადღებით, ლელოს თამასა ბევრად მაღლაა ვიდრე ამ ბავშვური შეცდომების დონეა, საწყენად არ ვამბობ, გაითვალისწინეთ ჯანსაღი კრიტიკაა, რაც შეეხება მჭედლიძეს მთელი გულით წარმატებებს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, ნამდვილად იმსახურებს ემპოლისა და ეროვნულის ძირითადს
imedioni
03:34 28-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული