ლეგიონის უქმეები: ელგუჯა გრიგალაშვილის გოლი პაუზის წინ [VIDEO]

AutoSharing Option
წლის უკანასკნელი ლეგიონის მიმოხილვა მწირი მონაგარით აღინიშნა - კვიპროსზე გაიტანა თბილისის "დინამოს" ექსფეხბურთელმა ელგუჯა გრიგალაშვილმა.

ქართველთა გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა ზამთრის პაუზაზე გავიდა.

ზამთრის პაუზაზე ქართველთა "ვიტესი" კარგ განწყობაზე გავიდა, არნემელებმა "ჰერაკლესს" 3:0 მოუგეს. გუნდის კაპიტანი გურამ კაშია (შეცვალეს 81-ე წუთზე) და ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

თურქეთში შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" "ბელიქესირთან" 5 გოლი გაუშვა და 3:5 დამარცხდა. ეს ქართველის გუნდის მე-5 მ
არცხი იყო ჩემპიონატში.

ბელგიაში 1:4 დამარცხდა სტუმრად "ბრიუგესთან" ქართველთა "გენკი". თორნიკე ოქრიაშვილმა 77-ე წუთამდე ითამაშა, ლუკა ზარანდია კი განაცხადში არ ყოფილა.

სერია A-ს მორიგ ტურში ტოსკანური დერბი გაიმართა - "ფიორენტინამ" "ემპოლის" უმასპინძლა. სტუმართა რიგებში ლევან მჭედლიძე 72-ე წუთზე გამოჩნდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა, ჩვენებურს თავი არ გამოუჩენია.

"კაენი"-"ბასტიას" შეხვედრაში (1:1), სტუმართა განაცხადში არ ყოფილა ლუკა კიკაბიძე, რომელიც კვლავ ელის კორსიკულ კლუბში ოფიციალურ დებიუტს.

III ბუნდესლიგაში ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგმა" 3:2 დაამარცხა "რეგენსბურგი". ჩვენებური მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 0:2-ს აგებდა, თუმცა დარჩენილ ნახევარ საათში "უნტერჰახინგმა" სამი უპასუხო გოლი გაიტანა. თავად ლუკასიც აქტიური იყო, მან ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა. "უნტერჰახინგი" 26 ქულით მე-14 ადგილზეა.

საბერძნეთის ჩემპიონატში ოფი "პლატანიასს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს გიორგი ლორიამ და გიორგი მერებაშვილმა. მერებაშვილმა ერთი-ორჯერ კარგი დრიბლინგით დაგვამახსოვრა თავი, ლორიამ კი, სამწუხაროდ, საბედისწერო შეცდომა დაუშვა - მეორე ტაიმში მან თავური კი მოიგერია, მაგრამ ხელში ვერ შეიკავა ბურთი და იქვე დადარაჯებულმა ტეტემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

კვიპროსში "ომონიამ" "ნეა სალამინა" 3:0 დაამარცხა. შოთა გრიგალაშვილი აღარ ირიცხება "ომონიაში", გუნდის ერთადერთმა ქართველმა უჩა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა.

"ოთელოსი" შინ "ახნასთან" 1:2 დამარცხდა. მართალია, ელგუჯა გრიგალაშვილმა თავურით გახსნა ანგარიში, მაგრამ მერე მისმა გუნდმა ორი ბურთი გაუშვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ითამაშა ლევან ხმალაძემაც. აი, როინ კვასხვაძე კი "ოთელოსის" კარში არ მდგარა, რადგან 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. 24 წლის ელგუჯა გრიგალაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

ირაკლი მაისურაძემ (გააფრთხილეს) და გიორგი აბურჯანიამ სასტარტოში ითამაშეს აეკ-თან შეხვედრაში, რომელიც "ანორთოსისმა" 10 კაცით დაასრულა და 0:1 წააგო.

აქაც მცირე შესვენება დაიწყო. ქართველთა გუნდებიდან უკეთ ასპარეზობს "ომონია", რომელიც 22 ქულით მე-5 ადგილზეა. "ანორთოსისს" 19 ქულა აქვს, "ოთელოსს" - 11.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ზამთრის პაუზა დაიწყო. ბოლო ტურში კახა ცხადაძის "ინტერი" სტუმრად "გაბალას" 1:1 დაუზავდა. ალეკო ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისი მეწყვილე ლაშა სალუქვაძე კი ტრავმირებულია. სასტარტოში იყო ბაჩანა ცხადაძეც, გიორგი ლომაია კი სათადარიგო გახლდათ. "ინტერი" 29 ქულით მეორე ადგილზეა.

ლაშა კასრაძის აზალ-ი სტუმრად "ხაზარს" 1:1 დაუზავდა, ქართველი შეცვლაზე შევიდა.

"სიმურგის" თამაში ზაქათალაში ნისლის გამო დღეისთვის გადაიდო, გიორგი ჩიხრაძის გუნდი "ბაქის" მასპინძლობს.

21 დეკემბერს პორტუგალიაში ავთო ებრალიძის (ტრავმა) "ჟილ ვისენტე" "ბენფიკას" ეწვია და 0:1 დამარცხდა. "ჟილ ვისენტე" 6 ქულით მოგების გარეშეა და უკანასკნელი ადგილი უჭირავს.

პორტუგალიის სეგუნდა დივიზიონში გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" კუნძულ მადეირაზე მოუგო "უნიაოს" - 2:0. ჩვენებური სათადარიგო იყო. მისი გუნდი კი, ერთ დროს უიმედო აუტსაიდერი, ზედიზედ 5 მოგებით მე-7 ადგილზე გადავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ სადა ხართ ! დარჩეს ეს ხელმძღვანელობა და მალე ჩვენი ვაი ნაკრების ფეხბურთელებს ნახავთ, მალტისა და ფარერების ჩემპიონატების სათადარიგოებად...
ბერჯავახი
13:09 22-12-2014
0
აი ხომ ვხედავთ ქართველები ყველა გუნდში რეზერვშია ანაც საერთოდ ბოლო პლანზეა
gaga
11:39 22-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული