თორნიკე თარხნიშვილი: თურქეთი? ჯერ ზუსტად არ ვიცი...

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა თორნიკე თარხნიშვილმა ლატვიური "ვენტსპილსი" დატოვა. ის ახლა თბილისშია, სასურველ ვარიანტს ელის და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

თორნიკე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და ლიდერი. 24 წლის ფეხბურთელი ლატვიის ჩემპიონატშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის ამპლუაში.

"მივიჩნიე, რომ "ვენტსპილსიდან" წამოსვლის დრო იყო. ლატვიის ჩემპიონატში ორჯერ მოვიგე ოქრო. ჩავთვალე, რომ იქ ვეღარ მოვუმატებდი და კლუბის ხელმძღვანელობამაც გამიგო. კონტრაქტი ამომეწურა და "ვენტსპილსმა" ხელი აღარ შემიშალა.

ლატვიის ჩემპიონატი ჩემთვის უკვე წარსულია. ახლა მთავარია, რამდენიმე ვარიანტიდან ისეთი გუნდი ავარჩიო, რომელიც ჩემს კარიერულ
წინსვლას წაადგება", - გვეუბნება თარხნიშვილი.

თორნიკეს "ვენტსპილსში" გატარებული პერიოდის გახსენება ვთხოვეთ:

"უკმაყოფილო ვერაფრით ვიქნები. ორჯერ გავხდი ლატვიის ჩემპიონი, მოვიგე ქვეყნის თასი. გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიყავი. აქედან გამომდინარე, ლატვიაში გატარებულ პერიოდს ჩემი კარიერისთვის წარმატებულად მივიჩნევ.

სხვა საქმეა, რომ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დგება მომენტი, როცა მას სურს, ახალ რეალობაში მოსინჯოს ძალები და ახალ სიმაღლეებს შეეჭიდოს, რადგან მიაჩნია, რომ ამა თუ იმ გუნდში საკუთარი თავი ამოწურა. ეს მომენტი მეც დამიდგა", - აცხადებს საყრდენი ნახევარმცველი.

სად გააგრძელებს კარიერას თარხნიშვილი? როგორც შევიტყვეთ, მისით თურქეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ჩამოდის იქაური მენეჯერი, რომელსაც სიაში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ჰყავს მონიშნული.

"ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში ვარ და სპორტულ ფორმას ინდივიდუალური ვარჯიშით ვინარჩუნებ. არის რამდენიმე ვარიანტი.

ზუსტად ჯერ ვერაფერს გეტყვით, მათ შორის - თურქეთზეც. გაირკვეს ყველაფერი და თქვენც მაშინვე შეიტყობთ ტრანსფერის თაობაზე", - გვითხრა თარხნიშვილმა.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ თარხნიშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ლიდერი გახლდათ. საქართველოს ნაკრებში ახალი მწვრთნელი მოდის. ეროვნული გუნდი ყველა კანდიდატს ვერ დაიტევს, თუმცა, ალბათ, იქნება საშუალება, რომ მომავალმა მწვრთნელმა ყველა პოტენციური კანდიდატი შეამოწმოს.

"მართლაც, მქონდა ბედნიერება, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში მეთამაშა. თუ ჩემს ქვეყანას რაიმეში გამოვადგები, მზად ვარ, თავი დავდო მინდორზე.

მესმის, საქართველოს ნაკრები ვერ ამართლებს მოლოდინს, ზოგისთვის კარგია, ზოგისთვის - ცუდი, მაგრამ ის არის ჩემთვის უძვირფასესი გუნდი ამ ქვეყანაზე", - ასე ამთავრებს თარხნიშვილი "ლელოსთან" საუბარს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული