საბა კვირკველია: ჩემი გვარიც რომ ამოვიკითხე, სიხარულით გული ამომივარდა

AutoSharing Option
2014 წელს, თუ რომელიმე ფეხბურთელი იყო გამორჩეული, ეს უპირველესად საბა კვირკველიაა. მან ერთდროულად დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ყაზანის "რუბინშიც".

ქართველებში ის გამონაკლისია იმით, რომ მთელი წელი სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარა და, ალბათ, 22 წლის სამტრედიელი მცველი საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია...

არმიელთა ინტერესი
სექტემბერში "სოვეტსკი სპორტმა" ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ცსკა-ს წარუმატებლობაში ცენტრალური მცველები, ასაკში შესული სერგეი იგნაშევიჩი და ვასილი ბერეზუცკი დაადანაშაულა. გაზეთის ცნობით, მოსკოველები მათ შემცვლელს ეძებდნენ და რამდენიმე მცველით დაინტერესდნენ კიდეც.

არმიელთა ინტერესის სფეროში მოხვდნენ 2.64
მილიონ ევროდ შეფასებული "ჰოფენჰაიმის" დანიელი მცველი იანიკ ვესტერგორი, "პალერმოს" არგენტინელი ესეკილ მუნიოსი (3.8 მლნ), ბელგიური "ვაასლანდ ბევერენის" არგენტინელი დავით ადი (1.5 მლნ), "როსტოვისა" და "ტერეკის" მცველები - ვადიმ დიაკოვი (2.64 მლნ) და ანდრეი სემიონოვი (1.23 მლნ). ამ სიაში მოხვდა მათ ფონზე შედარებით მოკრძალებულად, 880 ათას ევროდ შეფასებული ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია.

ცსკა-ს მიმართ ქართველი გულშემატკივრის პოზიცია ცალსახაა. ამ შემთხვევაში, ყურადღებას ფეხბურთელის შეფასებაზე ვამახვილებთ. დრომ გამოაჩინა, რომ არმიელთა სელექციონერები კვირკველიაში არ ცდებოდნენ. ის sportbox-მა (რუსული ინტერნეტგამოცემა) რუსეთის პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატებში დაასახელა და "სეზონის აღმოჩენა" უწოდა.

ქართველის კონკურენტები არიან მატიე ვალბუენა ("დინამო", მოსკოვი), აჰმედ მუსა (ცსკა), აქსელ ვიტსელი ("ზენიტი") და იგორ სმოლნიკოვი ("ზენიტი").

"სპორტბიზნესგაზეტა" მოსკოვის "დინამოსთან" 1:1-ზე დასრულებული მატჩის შემდეგ კვირკველიაზე წერდა, რომ მან 16 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი წააგო (94% მოიგო!):

"რუბინი" შეიძლება გააკრიტიკო, რომ ის დაცვაში გაუვალი აღარ არის და არასტაბილურობაც დასჩემდა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად კვირკველიას ბრალია".

ქართველი 4-ჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. ამაზე მეტჯერ (6) მხოლოდ "ზენიტის" ბრაზილიელ ლეგიონერ ჰალკს ერგო ეს პატივი.

წლის ბოლოს კი საბა კვირკველიას დიდი აღიარება ეწვია: ინტერნეტპორტალმა whoscored-მა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელთა TOP 5-ში კვირკველიაც დაასახელა: 10-ქულიანი სისტემით, თამაშში მისი საშუალო შეფასება 7.56-ია და მხოლოდ ჰალკი (7.92), ვალბუენა (7.71) და რომან ერემენკო (ცსკა, 7.69) უსწრებენ, ცსკა-ს ებრაელ ლეგიონერ ბიბრას ნათხოსთან კი მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

კვირკველიამ უკან ძალიან მაღალი დონის არაერთი ფეხბურთელი ჩამოიტოვა.

ჩელებაძეს ინგლისისთვის ემეტება
სამტრედიელმა ბიჭმა კარიერა თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში დაიწყო, მერე "დინამოს" აკადემიაში თამაშობდა, "რუბინში" კი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" გადავიდა.

სათამაშო პრაქტიკისთვის რუსეთის პირველი ლიგის ნიჟნეკამსკის "ნეფტეხიმიკში" გაუშვეს. მერე ყაზანელებს დაუბრუნდა და წლეულს, მწვრთნელ რინატ ბილიალეტდინოვის ხელში, გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. რაც ყველაზე აღსანიშნავია, მიმდინარე სეზონში მან "რუბინში" ყველა მატჩი ჩაატარა, თანაც - შეუცვლელად!

მისი მენეჯერი, წარსულში სახელგანთქმული ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე დარწმუნებულია, რომ საბა კარიერას ტოპ-კლუბშიც აიწყობს:

"რუსეთის ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში დასახელება უკვე ყველაფერზე მეტყველებს. კვირკველიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, მისთვის ზედგამოჭრილი იქნება ინგლისის პრემიერლიგა. საამისოდ, ნაკრებში ჩატარებული თამაშების საჭირო პროცენტები და ოდნავ მეტი გამოცდილება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაღალი დონის კლუბებიც სიამოვნებით მიიწვევენ".

მისივე თქმით, კვირკველიათი ახლაც დაინტერესებულები არიან:

"საბას კარგი ვარიანტები ახლაც აქვს, მაგრამ მისთვის აჯობებს, რუსეთში კიდევ ერთი წელი ითამაშოს. მერე ტოპ-ლიგისთვის გაცილებით უკეთ მომზადებული იქნება. საჩქარო არაფერია, 22 წლისაა და კარიერა წინ აქვს. ასეთ პერსპექტიულ ფეხბურთელზე უარს არავინ იტყვის. საბა ნიჭიერიცაა და შრომისმოყვარეც. მან იცის, რაც უნდა.

ნეტავ მსგავსი შრომისმოყვარეობით ბევრი ქართველი გამოირჩეოდეს. მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ ვაფასებ: რომ იცოდეთ, გულიანი ადამიანია და თავი შვილივით შემაყვარა".

მეგონა, რონდონი დაასახელეს
თავად კვირკველია რუსეთში აღიარებამ ძალიან გაახარა. "ლელოსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ წლევანდელი პროგრესი სათამაშო პრაქტიკის შედეგია:

"ვერ ვიტყვი, რომ ამ ერთ წელიწადში ჩემს მიდგომებში შეიცვალა რაიმე. როგორი მონდომებულიც ვიყავი, ასეთივე ვარ ახლაც.

კარგი ის იყო, რომ "რუბინში" მწვრთნელი შეგვეცვალა და ბილიალეტდინოვი დაგვინიშნეს. ეს კაცი მენდო, მათამაშა და მეც გაცილებით თავდაჯერებული გავხდი. ამის გარეშე რუსეთის ჩემპიონატში თამაში შეუძლებელია.

წლეულს ძირითადში 43 შეხვედრა ჩავატარე და ამით ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. პრაქტიკის ხარჯზე ნებისმიერი ფეხბურთელი იზრდება. სწორედ ამას მივაწერ ჩემს პროგრესსა და აღიარებასაც".

კვირკველიასთვის რუსეთის პრემიერლიგის ტოპხუთეულში მოხვედრა მოულოდნელი აღმოჩნდა:

"ინტერნეტში სტატიებს რომ ვათვალიერებდი, დამაინტერესა წერილმა, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ დასახელებული. სიას შევხედე და "სოლომონი" რომ წავიკითხე, თავიდან ვიფიქრე, "ზენიტის" თავდამსხმელი რონდონი დაასახელეს-მეთქი. ის ვენესუელის ნაკრების ფეხბურთელია და მისი ტრანსფერი 13 მილიონი ღირს.

მაგრამ "სოლომონის" გასწვრივ ჩემი გვარიც რომ ამოვიკითხე, სიხარულით გული ამომივარდა.

არ დავმალავ, იმ ჩემპიონატში, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი და ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს, ჯერ ასეთ აღიარებას არ ველოდი".

როცა ცსკა-ს დაინტერესებაზე ვკითხეთ, კვირკველიასთვის ეს სიახლე გამოდგა:

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, ცსკა თუ იყო დაინტერესებული, რადგან მე არავინ დამლაპარაკებია. ეს იმიტომაც გამიკვირდა, რომ ცსკა-სა და "ზენიტში" ქართველს თითქმის არ იწვევენ.

ისე, მიწვევები საკმაოდ მქონდა. ზაფხულში 5-6 სერიოზული გუნდი დაინტერესდა - თავად რუსეთში, ინგლისში, ევროპის ქვეყნებში... მე მაინც ყაზანელების შემოთავაზებას დავთანხმდი და ახლახან კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტიც გავაფორმე.

ეს არ იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. "რუბინში" დავიწყე თამაში, მწვრთნელი მენდობა და თავს სადაც კარგად ვგრძნობ, იქ დარჩენა მირჩევნია. ევროპაში წასვლას კი, იმედია, კიდევ მოვასწრებ.

და თუ ჩემით რომელიმე ძლიერი ევროპული კლუბი სერიოზულად დაინტერესდება, არა მგონია, 5-6 მილიონი ევრო დაენანოს".

კვირკველია ამბობს, რომ წარუმატებლობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების უკეთეს გუნდად ჩამოყალიბების იმედი აქვს:

"ნაკრებში სხვა სიხარულით ჩამოვედი, მაგრამ წარუმატებლობებმა ყველას გული გვატკინა. ყველაფერი ირლანდიასთან წაგებით დაიწყო, რასაც არ ვიმსახურებდით. პირველ ტაიმში ცუდად არც პოლონეთს ვეთამაშეთ, მაგრამ მაინც დიდი ანგარიშით წავაგეთ.

თუმცა, ისეთი კარგი თაობა მოდის, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებისგან ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მიხარია ხოლმე მსგავს ამბებს რომ ვიგებ მაგრამ მერე ქართული სული იმარჯვებს ხოლმე დიდწილად და ფეხბურთელებს ზედმეტი თავდაჯერებულობა ღუპავთ. თვლიან რომ უკვე მაგრები არიან და ნელნელა ვარჯიშს უკლებენ. უკვე რამდენი "ამომავალი ვარსკვლავი" ჩაქრა თუნდაც უკანასკნელ ათწლეულში სათვალავი ამერია. იმედია და დარწმუნებული ვარ რომ საბა მათ გზას არ გაუყვება და ყველა ერთად ვიამაყებთ მისი მიღწევებით საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე. ერთი ევროპული, თუნდაც საშუალო დონის ვარსკვლავიც აღარ გვყავს უკვე რამდენი ხანია. მიდი საბა შენს იმედზე ვართ
goga
16:33 18-12-2014
0
წარმატებები საბა... შენი იმედი მაქვს!
SHUKOVANI
16:03 18-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული