"როკი" კაშია - Goal.com-ის ჩანახატი "ვიტესის" ქართველ კაპიტანზე

AutoSharing Option
ახლახან მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საფეხბურთო საიტის (აუდიენციის რიცხვის მიხედვით), Goal.com-ის ჰოლანდიურმა რედაქციამ ინტერვიუ შემოგვთავაზა არნემის "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიასთან.

კაშია 27 წლისაა, ის 2010 წლის ზაფხულში თბილისის "დინამოდან" გადავიდა "ვიტესში". გურამი მე-5 სეზონია გუნდში და უკვე კარგა ხანია, მისი კაპიტანია, თუმცა ამ ბოლო დროს სასტარტოში მოხვედრის პრობლემა მასაც აქვს.

სტატიას, სათაურით -"როკი" კაშია - სიჩუმე ქარიშხლის წინ" თითქმის უცვლელად გთავაზობთ. ვიტყვით, რომ ჩანახატში აღწერილი თამაშის შემდეგ გურამ კაშია ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს:

"როკი" კაშია - სიჩუმე ქარიშხლის წინ"
2013 წლის "ვიტესი"
თამამი ოცნებების საშუალებას იძლეოდა, მაგრამ მას მერე გუნდის კაპიტნისთვის და თავად "ვიტესისთვის" ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ისევე, როგორც მისი გარეგნული მხარე - კაშიამ წვერი მოუშვა.

არნემი
კვირა საღამოს, 4-ის მერე "ხელრე დომზე" ირთვება ორი დიდი ეკრანი, მიმდინარეობს სხვადასხვა ვიდეორგოლის ჩვენება, როგორც ეს "ვიტესის" საშინაო მატჩებისას ხდება ხოლმე.

"იმის გამო, რომ ფრინველის გრიპის გამო შეზღუდვებია, ჰერცოგი აღარ დაფრინავს", - ამბობს თეო ვან ბაალი.

ვან ბაალი "ვიტესის" ცნობილი გამომცხადებელია სტადიონზე, ჰერცოგი კი კლუბის არწივის სახელია, "ვიტესის" ლოგოზეც ხომ არწივია გამოსახული.

Sportall.Ge

სრული კონტრასტისთვის, "ხელრე დომის" სახურავს ყვავების ჯგუფი უახლოვდება...

ჰოლივუდი ჰოლანდიურად
"ლისველდ, მადლობა, მადლობა, ლისველდ", - ისმის ზუსტად ორი საათის მერე "ხელრე დომიდან" ხმები. 3-4-ჯერ შესძახა 16 ათასამდე ფანმა ეს ფრაზა, ზოგიერთმა კი დააყოლა, რომ ლისველდის დედა ბოზია.

რიჩარდ ლისველდი "ვიტესი"-"ტვენტეს" მატჩის მთავარი არბიტრია.

ტრიბუნებთან მსაჯთა ბრიგადა ჩაივლის, ცვივა საგნები, რომელთაგანაც ერთი ძალიან ახლოს ეცემა ერთ-ერთ ლაინსმენთან. ეს იყო ჩიპსების პაკეტი. "ვიტესის" მცველი როჩდი ანჩეტე უმალვე იღებს პაკეტს და მოედნის იქით აგდებს, მაგრამ ახლა ლაინსმენისკენ უკვე კარტოფილი მოფრინავს.

გგონიათ, თამაში მორჩა? არა, იწყება და ლისველდს ჯერ არაფერიც არ დაუშავებია.

"კეთილი იყოს თქვენი ფეხი FC ჰოლივუდში. აქ არასოდეს მოიწყენთ", - აწერია თეო ბოსის სახელობის ტრიბუნაზე განთავსებულ დიდ შავ-ყვითელ ბანერს. მის თავზე ეკრანზე აჩვენებენ შავ-ყვითელ მაისურში გამოწყობილ კაპიტან გურამ კაშიას - ის მზადაა ბრძოლისთვის.

Sportall.Ge

კაპიტანი
"ვიტესის" 11-ეული თბილისელ გურამ კაშიას გაჰყავს, ეს თერთმეტი კაცი კაშიას დაძახებულზე ერთ წრედ იკვრება და თავჩაღუნული წინასამატჩო განწყობის ასამაღლებლად თათბირობს.

"ხშირად ვუყურებ "იუთუბზე" ვიდეოს ერიკ თომასის შესრულებით. ეს ვიდეო ძალიან მამხნევებს. ჩემი წვერის გამო ბიჭები ფილმ "300 სპარტანელის" მთავარი გმირის სახელს მეძახიან. ერთნაირი წვერები გვაქვს", - გვეუბნება კაშია და ამატებს - "არა, რა სპარტელები? თავს უფრო როკი ბალბოად მივიჩნევ", - იცინის კაპიტანი.

"რა თქმა უნდა, ის ისევ ჩვენი კაპიტანია", - ამბობს მისი თანამემამულე და უმცროსი მეგობარი ვაკო ყაზაიშვილი. - ჩვენ აქ, ჩემს საუკეთესო მეგობარ გიო ჭანტურიასთან ერთად სამი მუშკეტერივით ვიყავით. მუდამ ერთად!"

Sportall.Ge

"მე და გურამი ერთად ბევრ დროს ვატარებთ", - გვეუბნება ვაკო, რომელიც ოზურგეთიდანაა წარმოშობით, თბილისიდან თითქმის 300 კილომეტრში.

ჟორდანია
2013 წლის 10 დეკემბერს ყოფილი მეპატრონე მერაბ ჟორდანია პრეზიდენტობიდან გადააყენეს და "ვიტესიდან" გაუშვეს, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს მასთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ.

"ახლაც ხშირად ვურთიერთობთ, უფრო ტელეფონით. მერაბი ხშირად გზაშია, სულ დაფრინავს, არნემიდან საქართველოში, სხვაგანაც.

მერაბი ახლაც დიდი გულშემატკივარია "ვიტესის", - ამბობს კაშია და იქვე, რამდენიმე მეტრში, მიქსზონაში იმყოფება ვაკო ყაზაიშვილი თავისი სმარტფონით.

პეტერ ბოშმა "გო ეჰედ იგლსთან" მატჩში სათადარიგო კაშიას გახურება სთხოვა. აი, სწორედ ამის შემდეგ მოხვდა გაზეთებში მოკრივის პოზაში მდგომი კაშია კუთხურის ალამთან:

Sportall.Ge

"გაზეთში ვნახე ფოტოები. ცოტა სულელურია ამისგან სკანდალის აგორება. ვფიქრობ, რომ აქ ყველამ იცის, რომ პროფესიონალი ვარ და გუნდის თავკაცის წინააღმდეგ გამოსვლას არ დავიწყებ და ამას კუთხურის ალამის "ცემით" არ გამოვხატავ. ეს არ იყო პროტესტი.

"ვიტესში" თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ამ კლუბმა ჩამომაყალიბა იმ ფეხბურთელად, როგორიც ახლა ვარ. დიახ, ჩემთვის მძიმე დრო იყო. ყოველთვის სასტარტოში არ ვთამაშობ და ბოლო წელიწადში ბევრი შეიცვალა", - გვიხსნის კაშია ოთხიოდე ჟურნალისტს და იქვე ამატებს, რომ ის თავს ისევ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად გრძნობს.

გიჟური ლიგა
ზუსტად ერთი წლის წინ, 7 დეკემბერს "ვიტესმა" "პსვ ეინდჰოვენს" 6:2 მოუგო და ლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა. გურამ კაშია მაშინაც გუნდის კაპიტანი იყო. მაგრამ ოცნება გადაიდო, "ვიტესი" ევროთასებზე არ თამაშობს და ჰოლანდიის ჩემპიონატშიც მხოლოდ მე-11 ადგილზეა.

"2014 წელი მძიმე წელი გამოდგა ჩვენი კლუბისთვის და კარგია, რომ ის უკვე წარსულია. ბევრი რამ მოხდა კლუბის ირგვლივ. არეულობაც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი "ვიტესისთვის".

ახლა ყველაფერი დაწყნარდა, შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც. შეიძლება ეს ქარიშხლის წინ სიჩუმეა და ქარიშხალს იანვარში უნდა ველოდოთ", - იღიმება კაშია.

"ბევრი კარგი ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან. ლუკას პიაზონი კარგი მაგალითია. ის, რომ პსვ მაშინ დავამარცხეთ, ბრაზილიელის დამსახურება იყო.

ყოველ სეზონს ახალი ფეხბურთელების ბირთვით ვიწყებთ. ახლა ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი გვყავს. არადა, ფანები ბევრს ითხოვენ და კლუბის ხელმძღვანელობაც. ფეხბურთელებზე დიდი ზეწოლაა.

ეს სეზონი კი ჩავაგდეთ, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ბოლო სამი სეზონი ცუდი გუნდი გვყავდა, ამსტერდამშიც მოგვიგია და ეინდჰოვენშიც.

ამ სეზონის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება, ხუთეულში მსურს გავიდეთ. მე ყოველთვის ოპტიმისტი ვარ. ჩვენ ეს შეგვიძლია და თან, ჰოლანდიური ლიგა ნამდვილად გიჟური ლიგაა.

თავდადება
"ბრძოლისა და შემართების გარეშე არაფერი მოვა. ჩვენს ბანერსაც ხომ აწერია: "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის". მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები", - ამბობს კაშია, რომელმაც "ტვენტესთან" მატჩის წინ მხოლოდ 2 საათით ადრე შეიტყო, რომ ტრავმირებული არნოლდ კრეისვეიკის შეცვლა მოუწევდა შემადგენლობაში.

Sportall.Ge

"ბოლო კვირების განმავლობაში ხშირად საუბრობდნენ, რომ გუნდს შემართება აკლია. მე, როგორც კაპიტანი, ამაზე პასუხისმგებელი ვარ.

ფანები შაბათს ვარჯიშზეც მოვიდნენ ჩვენთან და ვფიქრობ, დღეს მათ მიიღეს ის, რაც სურდათ - ბრძოლა და თავდადება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული