ზაურ მახარაძე "თანამეგობრობის თასზე" უკრაინის ნაკრების კარს დაიცავს

AutoSharing Option
წლეულს, 24 იანვრიდან 2 თებერვლამდე, "თანამეგობრობის თასს" სანკტ-პეტერბურგი უმასპინძლებს. მისი ტრადიციული მონაწილეა უკრაინის ნაკრები, რომლის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმა რუსეთში გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.

შარშანდელ ტურნირზე მან უკრაინული პასპორტის მქონე სამი ქართველი ათამაშა: მცველები - დავით იაშვილი, ბადრი აქუბარდია და შემტევი ნახევარმცველი ირაკლი მესხია.

ამჯერად კოვალეცის რჩეულთა შორის მხოლოდ ერთი ჩვენებური მოხვდა - დონეცკის "ოლიმპიკის" მეკარე ზაურ მახარაძე.

20 წლის მახარაძე სიმაღლით (180 სმ) არ გამოირჩევა. ამის მიუხედავად, ის "ოლიმპიკის" უცვლელი პირველი ნომერია: უკრაინის პირველ ლიგაში 20 ტური გაიმართა და
ზაურმა ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო "ოლიმპიკი" 44 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარ "ოლექსანდრიას" 8 ქულით უსწრებს.

ასე რომ, დონბასურ გუნდს უკრაინის პრემიერლიგაში გადასვლის მშვენიერი შანსი აქვს, მახარაძეს კი - საკუთარი შესაძლებლობების უფრო მაღალ დონეზე წარმოჩენის.

სხვათა შორის, ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლმა" წარმოშობით ქართველი მეკარე უკრაინის პირველი ლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და იქვე დაწერა, რომ მეკარე, რომელიც 2012/13 წლების სეზონში სათადარიგო იყო, მიმდინარე სეზონში "ოლიმპიკს" ლიდერად მოევლინა.

ზაური ოდესის რაიონის ქალაქ ბალტაში დაიბადა და იქვე გაიზარდა. 12 წლის იყო, როცა პირველმა მწვრთნელმა დონეცკის "ოლიმპიკს", ერთი წლით უფროსი ასაკის რამდენიმე მოთამაშესთან ერთად, მახარაძის აყვანაც ურჩია. კონტრაქტი რომ გაუფორმეს, 16 წლისა იყო. ზაურს უკრაინის 16, 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.

უკრაინული მედია წერდა, რომ მახარაძით უკრაინის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული. შარშან ზაფხულში ის ერთ-ერთ გუნდში სინჯებზეც მიიწვიეს, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა. როგორც ჩანს, 20 წლის გოლკიპერმა ამ ერთი წლის განმავლობაში თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, თორემ ამ ასაკში პირველი მეკარე ყველა ვერ ხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული