ალეკო ჩაკვეტაძე: სტევენსთან კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედია, პაოკ-ში ჩავირიცხები

AutoSharing Option
ფოტოზე: მარჯვნივ ალეკო ჩაკვეტაძე

ორიოდე დღის წინათ ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის სუპერლიგის პაოკ-ში (სალონიკი) უცნობი ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშობდა - 18 წლის ცენტრალური მცველი ალეკო ჩაკვეტაძე.

პაოკ-ი საბერძნეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ამჟამინდელი მონაწილე და სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების მეორეადგილოსანია. ამდენად, ასეთ გუნდში ქართველის გამოჩენა პატარა ამბავი არ იყო.

ალეკო ამ გუნდში სინჯებზე სექტემბერში მიიწვიეს. ამის შესახებ ფეხბურთელის მწვრთნელი და თბილისის "იბერიას" პრეზიდენტი გუბაზ დოლიძე გვესაუბრა:

"ბერძნულ პრესაში იყო ინფორმაცია, თითქოს, ალეკო რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელია, რაც არასწორია - ის 6 წლიდან
მოყოლებული, ჩემთან იზრდებოდა, თამაშობდა და მისი ტრანსფერიც "იბერიას" ეკუთვნის.

ჩაკვეტაძე ტანმაღალია და ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს, შრომა არ ეზარება და რაც მახსოვს, ყოველთვის მონდომებული იყო. თავით ძალიან კარგად თამაშობს და საკმაოდ ტექნიკურია.

სინჯებზე ერთი თვის წინათ წავიდა და ორი კვირა პაოკ-ის დუბლებში ავარჯიშებდნენ, შემდეგ ამდენივე ხანს - ძირითად გუნდში.

სალონიკური გუნდის მწვრთნელი ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰუუბ სტევენსია, რომლის ხელმძღვანელობითაც "შალკემ" თავის დროზე უეფას თასი მოიგო, ორჯერ კი გერმანიის თასი მოიპოვა. დამეთანხმებით, მას ფეხბურთელის გამოცნობა არ შეეშლება.

ჩაკვეტაძემ სტევენსს თავი რომ მოაწონა, იქიდანაც ჩანს, ვიზის ვადის გასვლის გამო საქართველოში დაბრუნებული უკან რომ მიიწვია. წერდნენ კიდეც, ქართველმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და აქვს პერსპექტივა, პროფესიული კონტრაქტი გაუფორმონო.

ალეკო ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებში ირიცხებოდა და შარშან ბაქოში, "კასპიის თასზე", ესპანეთთან 1:1-ზე დასრულებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა. ახლა კი ის 19-წლამდელთა ნაკრების წევრობის კანდიდატია.

მჯერა, ალეკო დიდ ფეხბურთს ითამაშებს. მოლაპარაკება სერიოზულ ფაზაშია შესული. ჩვენი კლუბი დიდი მადით არ გამოირჩევა და მერწმუნეთ, ბევრის მსგავსად, ამით ფეხბურთელს ხელს არ შევუშლით",
- ამბობს დოლიძე.

"ლელომ" თავად ფეხბურთელსაც სთხოვა კომენტარი:

"თავდაუზოგავად ვვარჯიშობ. გარემო, პირობები და საწვრთნელი პროცესი ძალიან მომწონს. მართალია, ჯერ ჩემი საკითხი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, დამტოვებენ და კონტრაქტს გავაფორმებ.

სტევენსთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, თანაც - ძალიან კარგი. სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და ვნახოთ, რა იქნება.

წინასწარ არაფერს ვიტყვი".


ჩვენ კი დავძენთ, რომ დოლიძის გაზრდილები ცნობილ კლუბებში აქამდეც მოხვედრილან: ზაფხულში ნიკა კაჭარავა რუსული პრემიერლიგის "რუბინში" ჩაირიცხა, ახლახან კი ლაშა დვალი ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ "რედინგში" გადავიდა.

სხვათა შორის, სალონიკის პაოკ-ის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი ივან სავიდი გახლავთ. საინტერესო ფაქტია - ის 1959 წელს საქართველოში, წალკის რაიონის სოფელ სანტაში დაიბადა. 2002-05 წლებში იყო რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "როსტოვის" მეპატრონე, 2006-08 წლებში კი ამავე ქალაქის სკა-ს ფლობდა. სხვათა შორის, სწორედ მას ეკუთვნოდა საქართველოს ნაკრების მცველ გია გრიგალავას ტრანსფერი და ეს ბიჭი საკმაოდ გააწვალა კიდეც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
:*******************
tata
16:32 23-10-2013
0

სიახლეები პოპულარული