გვილია მოედანს უბრუნდება - ერევანში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!

AutoSharing Option
12 ივლისს, ბორისოვის ბატე-მ უეფას ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში გულშემატკივართა იმედები ვერ გაამართლა და სომხურ "ალაშკერტთან" საშინაო შეხვედრაში მოულოდნელად ფრეს (1:1) დასჯერდა.

ვაკო გვილიას გუნდის ცუდი სტარტი იქით იყოს და, ჩვენ ის უფრო გვაღელვებს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ბოლო დროს ტრავმები აწუხებდა და მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

ბატე საპასუხო შეხვედრას 18 ივლისს გამართავს. გუშინ გვილიას დავუკავშირდით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით.

"ბატე-ს ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭი ვიტკინე და ბოლო სანაკრებო მატჩებისთვის რომ ჩამოვედი შეკრებაზე, საკმაოდ რთული მდგომარეობა
მქონდა. მაგრამ თამაში ძალიან მინდოდა და იმედი მქონდა, რომ ნატკენი ფეხი მოლდოვასთან თამაშამდე მომირჩებოდა. მაგრამ ტკივილებმა არ გაიარა.

თამაშის წინა დღეს გამაყუჩებელიც გავიკეთე, მაგრამ ამან არ მიშველა და მივხვდი, რომ ნორმალურად ვერ ვითამაშებდი. ამაზე თამაშის წინ ვლადიმირ ვაისს ვუთხარი. ძალიან მინდოდა თამაში და ნაკრების დახმარება, მაგრამ ამით ტრავმა ცოტა გავირთულე და აღდგენას უფრო მეტი დრო დასჭირდა. სომხებთან პირველი თამაშიც ამიტომ გამოვტოვე", - ამბობს გვილია.

მისი თქმით, სათამაშოდ მზად არის:

"საბედნიეროდ, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და უფლის წყალობითა და ჩემი მონდომებით ყველაფერი კარგად იქნება. უკვე კვირაზე მეტია, გუნდთან ერთად სრული დატვირთით ვვარჯიშობ. ბატე-სთან ერთად სომხეთში ვიქნები და ვითამაშებ თუ არა, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. მთავარია, ჯანმრთელად ვარ და თამაში შემიძლია".

გვილია არ მალავს, რომ არც თავად და არც მისი თანაგუნდელები "ალაშკერტთან" ფრეს არ ელოდნენ:

"ვერ ვიტყვი რომ ცუდი გუნდი ჰყავთ, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული გუნდია. უბრალოდ, თამაში თავად არ გამოგვივიდა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ნახევარში გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა.

შესაძლოა, იმის გამოც, რომ მეტოქისგან ასეთ შედეგს არ ველოდით. სომხეთში საპასუხო თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ნამდვილად მოულოდნელი იყო 1:1 ბორისოვოში, მაგრამ წინ მეორე თამაშია და 90 წუთი გვაქვს საიმისოდ, რომ საქმე გამოვასწოროთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ბატე-ს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული