გუგა ფალავანდიშვილი: თამაში და ნაკრებში მოხვედრა მინდა და არა ფეხბურთით სარგებლობა

AutoSharing Option
მოლდოვაში სეზონი დასრულდა და გუგა ფალავანდიშვილმა კიშინიოვის "დაჩია" დატოვა. მართალია, იქაური მედიის ცნობით, ეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ ზამთარში ვიცოდით, რომ 23 წლის ნახევარმცველი "დაჩიაში" დროებით გადავიდა, უგუნდოდ რომ არ დარჩენილიყო...

გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ გუგა ფალავანდიშვილმა (1 მატჩი საქართველოს ნაკრებში) ქუთაისის "ტორპედო" ევროპაში წასვლის იმედად დატოვა. მაგრამ კვიპროსული კლუბის ფინანსურმა პრობლემებმა ტრანსფერი ჩაუშალა და მოლდოვურ გუნდში აღმოჩნდა. "დაჩიაში", რომელმაც ვიცე-ჩემპიონობა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა, ფალავანდიშვილმა 9 შეხვედრა ჩაატარა.

ის ზაფხულიდან ახალ გუნდში ითამაშებს. "ლელო" მას სატრანსფერო და
სხვა საინტერესო ამბებზე ელაპარაკა:

"ახალ კლუბში ჩარიცხვას ყოველდღე ველოდები. არის ვარიანტები და ვაზუსტებ, კონკრეტული რომელი მათგანია. მაქსიმუმ ერთ კვირაში გაირკვევა ყველაფერი", - გვეუბნება ფალავანდიშვილი.

მისი თქმით, კვიპროსში ჩაშლილმა ტრანსფერმა გაუთვალისწინებელი პრობლემები შეუქმნა, მაგრამ მაინც იმედიანად არის:

"სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მსურდა და ჩრდილში მოვექეცი. ისეთ გუნდში ვთამაშობდი, ცხადია, ნაკრებშიც აღარ მიძახებდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, ეს წარსულს ჩაბარდება და ისეთ ლიგასა და გუნდში გადავალ, კვლავ ეროვნული ნაკრების კანდიდატი რომ გავხდე. 99 პროცენტით ასეც უნდა იყოს".

ფალავანდიშვილი მოლდოვიდან წამოსვლის მიზეზებსაც განმარტავს:

"კონკრეტული თანხის დასახელება არ მსურს, მაგრამ ისეთი პირობები შემომთავაზეს, რასაც, შესაძლოა, რუსული კლუბები თუ აკეთებენ. მაგრამ მოლდოვაში ისედაც დროებით წავედი და იქ კიდევ ერთი წლით დარჩენა არანაირად არ მაწყობდა. ფეხბურთის თამაში და ნაკრებში მოხვედრა მინდა და არა ფეხბურთით სარგებლობა. იმედია, გამომივა კიდეც".

დაბოლოს, საინტერესო ინფორმაცია, რომელიც "მოლდფუტბოლზე" იყო მითითებული: მოლდოვის ჩემპიონატში მოთამაშეთა მონაცემები შეაჯამეს და აღმოჩნდა, რომ ერთ შეხვედრაში საუკეთესო კილომეტრაჟის მაჩვენებელი (ანუ ვინ რამდენი ირბინა) ფალავანდიშვილს ჰქონია:

"დიახ, იყო ასეთი შემთხვევა და გამიხარდა, რომ ყველას ვაჯობე. შესაძლოა, მოლდოვაში ძლიერი ფეხბურთელები არ ჰყავთ და ჩემპიონატის დონე ჩვენსას ვერ სჯობია, მაგრამ "დაჩია" იქაური ფეხბურთის ლიდერია და მოთამაშეებს ფიზიკურად კარგად ამზადებენ.

მოლდოვაში, რეალურად, ძლიერები არიან "შერიფი" და "დაჩია". ტირასპოლელებთან ჩემპიონობისთვის ბრძოლაც ბოლო მომენტში დავთმეთ. აღმოჩნდა, რომ "დაჩია"-"მილსამის" შეხვედრაში 13,8 კილომეტრი ვირბინე, რაც საუკეთესო მაჩვენებელი ყოფილა. არ მჯეროდა, მაგრამ ფაქტია. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა".

საქართველოში ამ თემაზე ბოლო წლებში დაიწყო ლაპარაკი, რადგან ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ რამდენს მოძრაობს და დარბის. 14 კილომეტრი კი, რომელიც ფალავანდიშვილს დაუფიქსირდა, ძალიან იშვიათი მონაცემია და მსგავსი კილომეტრაჟი ჩემპიონთა ლიგასა და უმაღლეს სანაკრებო თამაშებში ფიქსირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
tarmatebas vusurveb am bichs, namdvilad karg gunds imsaxurebs!
kai bichi
18:24 05-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული