უცნობი ქართველი დონეცკში - ვინ არის ლუკა ნადირაძე?

AutoSharing Option
ლუკა ნადირაძე 20 წლის ქართველი მოთამაშეა, რომელიც დონეცკის "ოლიმპიკის" დუბლებში თამაშობს.

ვინ არის, საიდან მოხვდა უკრაინაში და მთავარ გუნდში დაწინაურების რა პერსპექტივა აქვს? ახალგაზრდა მოთამაშემ "ლელოს" ეს უთხრა:

"ბავშვობაში "საბურთალოში" ვვარჯიშობდი, მერე - 35-ე სკოლაში. პროფესიულ ფეხბურთში "სპარტაკის" დუბლებიდან მოვხვდი, საიდანაც მეორე ლიგის "საქართველოს უნივერსიტეტში" გადავედი. შარშან ზაფხულში კი კიევში ჩავედი, სადაც იყო ასეთი გუნდი "ლოკომოტივ-გრუზია" - იქ ცოტა ხანი ვიყავი და გავიცანი მენეჯერი, რომელმაც დონეცკის "ოლიმპიკში" სინჯებზე მიმიყვანა. დონეცკელები დამაკვირდნენ და დამტოვეს.

თითქმის ერთი წელია, ამ კლუბის დუბლებში ვთამაშობ.
მითხრეს, რომ ახალი სეზონიდან მთავარ გუნდში გადასვლის შანსიც მომეცემა", - ამბობს ნადირაძე.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, გუნდებს საკმაოდ კარგი მოსამზადებელი პირობები აქვთ:

"მე დონეცკურ გუნდში ვარ, მაგრამ ამ ქალაქში ვერ ვთამაშობთ, ბელაია ცერკოვში არსებულ სპორტულ ცენტრში ვვარჯიშობთ, ხოლო მთავარი გუნდი - კიევში ემზადება. აქ ომი და არეულობა არ იგრძნობა და მშვენიერი პირობები გვაქვს. მე სწორედ ასეთი გარემო მინდოდა, რომ გავიზარდო და დიდი ფეხბურთი ვითამაშო.

იმედია, "ოლიმპიკის" მთავარ გუნდში დამაწინაურებენ და უკრაინის პრემერლიგაში თამაშის საშუალება მომეცემა".

საინტერესოა, რომ უკრაინული მედიის ცნობით, შარშან "ოლიმპიკში" ნადირაძესთან ერთად "ჩიხურას" ყოფილი გარემარბი, კიევის "დინამო 2"-ის ექსწევრი ევგენი ტროიანოვსკი და "ზუგდიდის" ნახევარმცველი პაატა ჭანტურია ისინჯებოდნენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, გუნდში მხოლოდ ნადირაძე დაიტოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული