ლევან შენგელია: კორეაში თამაში უფრო გამომადგება...

AutoSharing Option
21 წლის ლევან შენგელიამ კორეის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა თავი მე-10 ტურში გამოიჩინა. მისი "დეჟონ სითიზენი" "ანიანგს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და თამაშში მეორე ტაიმის დაწყებიდანვე ჩაერთო, 59-ე წუთზე კი ანგარიში ეფექტური გოლით გაათანაბრა. თუმცა, საბოლოოდ, მისი გუნდი წაგებას მაინც ვერ გადაურჩა. 10-გუნდიან ლიგაში "დეჟონ სითიზენი" 6 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

ეს გუნდი რანგით მეორე ლიგაშია. შენგელია იქ ზამთარში გადავიდა. მანამდე, 2016 წელს, შენგელია ედენ აზარის ყოფილ კლუბში, ბელგიის პირველი დივიზიონის ბინადარ
"ტუბიცეში" ჩაირიცხა, მაგრამ წლეულს იჯარით კორეაში გაუშვეს. რეალურად, ამ ორ კლუბს ერთი პიროვნება - კორეელი ბიზნესმენი პატრონობს. მან "დეჟონ სითიზენს" სახელი გადაარქვა და "ტუბიცე კორეად" მონათლა.

შენგელია აზიურ ქვეყანაში დიდი იმედებით მიდიოდა და ფიქრობდა, რომ ახალ კლუბში თავის გამოჩენას მოახერხებდა, ეს კი კარიერის აწყობაში დაეხმარებოდა. მაგრამ ჯერ საქმე ვერ არის კარგად - გუნდიც მოიკოჭლებს და თავად შენგელიაც პირველ ტურებში არ თამაშობდა. ამის მიზეზით დავინტერესდით და შენგელიას შევეხმიანეთ.

"კლუბში ჩემი მოსვლის შემდეგ "ტუბიცე კორეამ" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, ბევრი თამაში წააგო... პირადად მეც პრობლემები მქონდა, ტრავმის გამო 4 ტური გამოვტოვე, ვმკურნალობდი და ახალ გუნდში ჯერ მხოლოდ 5 მატჩი ჩავატარე", - განმარტავს შენგელია.

თუმცა ეს პერიოდი, ასე თუ ისე, მაინც საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ფეხბურთელს კორეული პერსპექტივა დაენახა. საინტერესოა, ახლაც გამართლებულად მიიჩნევს თუ არა გუნდის შეცვლას?

"ამის თქმა ჯერ არ შემიძლია. ცოტა დრო რომ გავა, მერე ვნახავ, ამ ნაბიჯის შეფასებას მოგვიანებით უფრო შევძლებ. ჯერ 25 მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი და საწყის ტურებში წარუმატებლობის მიუხედავად, მდგომარეობის გამოსწორება კიდევ შეიძლება.

ჯერ ისიც არ ვიცი, ზამთარში ბელგიაში დავბრუნდები თუ არა. ამის შესაძლებლობა კი არის, რადგან ბელგიელებთან კონტრაქტი ჯერ არ დასრულებულა. ახლა გადაჭრით ვერაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც მგონია, რომ კორეაში თამაში უფრო გამომადგება, ვიდრე ბელგიის მეორე დივიზიონის კლუბში თამაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მალტაშიც კარგად გამოიყურებოდნენ. აზიაში კი - ადრე თურქმენეთშიც არა უშავდათ...
zura
00:27 06-05-2017
0
თქვენი არ ვიცი თუმცა მე მიმაჩნია, რომ ლეგიონერები უფრო მეტად ჩინეთში უნდა გავუშვათ იქ უფრო ადვილია თავის დამკვიდრება!!!!!!!!!!!!!!!!
გენო
19:02 05-05-2017
0

სიახლეები პოპულარული