ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რატომ არ თამაშობს გიორგი ლორია?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 31 წლის მეკარე გიორგი ლორია ბოლო დროს "კრილია სოვეტოვის" სათადარიგოთა სკამზე ზის.

ეროვნული გუნდის გოლკიპერთან დაკავშირებით მართლაც რომ პარადოქსული სიტუაცია იქმნება - რუსეთის პრემიერლიგის არაფრით გამორჩეული გუნდის მეკარე, ლამის ყველა მაჩვენებლით, ჩემპიონატის საუკეთესო კარის დარაჯთა შორისაა. არადა, ამ დროს მას სამწვრთნელო შტაბის ნდობა მოაკლდა.

ვიცით რა მისი სათამაშო შესაძლებლობები, ყველა დაგვეთანხმება - გამორიცხულია, ისეთი კლუბის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილოს, როგორიც "კრილია სოვეტოვია". მაშ, რაშია საქმე?

ამ დროისთვის ლორიას უთამაშებლობა ლეგიონერების ლიმიტით იხსნება. ცნობილია, რომ ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელობას ურჩევნია, ძირითად
მეკარედ ადგილობრივი დააყენოს, რათა წინა ხაზში რაც შეიძლება მეტი ლეგიონერის გამოყენების საშუალება ჰქონდეს.

ეს ჩვენთვის დიდი ვერაფერი შვებაა. ფაქტია, საქართველოს ნაკრების ძირითად მეკარეს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს და ეს ძალიან ცუდია. ვიცით ისიც, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ლორია ვერ შეურიგდება "კრილია სოვეტოვის" სათადარიგო მეკარის სტატუსს.

შეგახსენებთ, რომ ის სამარულ კლუბს ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" შეუერთდა. არადა, მას ლონდონის "ჩელსის" ვარიანტი ჰქონდა და ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც უკვე მიღწეული ჰქონდა შეთანხმება "კრილიასთან", სადაც მალევე დაიმკვიდრა ადგილი და აქამდე მის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.

იმედია, მალე ყველაფერი დალაგდება და საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე მაინც არ შეუერთდება პრაქტიკას მოკლებულთა რიგებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"