ახალგაზარდებისთვის სამაგალითო - დავით ხოჭოლავას დიდი გამოწვევა

AutoSharing Option
დოსიე
დავით ხოჭოლავა
დაიბადა 1993 წლის 8 თებერვალს
სიმაღლე: 192 სმ
პოზიცია: ცენტრალური მცველი

კლუბები
2009-11 საბურთალო 0 (0)
2010 ოლიმპი (იჯარა) 2 (0)
2011 სიონი (იჯარა) 0 (0)
2011-14 დინამო თბ 11 (0)
2014 კოლხეთი 1913 (იჯარა) 6 (1)
2014-15 შუქურა 25 (1)
2015- ჩერნომორეცი 39 (3)

ნაკრები
2009-10 საქართველო U17 5 (0)
2011 საქართველო U19 5 (0)
2011-12 საქართველო U21 5 (0)
2017- საქართველო 3 (0).

საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა უკრაინული ფეხბურთის გრანდ დონეცკის "შახტართან". ეს ინფორმაცია 11 აპრილს დონბასური კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

- [ექსკლუზივი] "შახტართან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე 5-წლიანი სათამაშო
პრაქტიკაც კარგია"


ცხადია, ხოჭოლავა სეზონს ოდესის "ჩერნომორეცში" ჩაამთავრებს და "შახტარს" ზაფხულიდან შეუერთდება.

ბოლო დროს ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ის სისტემატურად ხვდება იქაური პირველობის სიმბოლურ ნაკრებში. მის დონეცკურ კლუბში გადასვლაზე უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ...

დღეს, როცა ქართველი ფეხბურთელები სიამოვნებით მიდიან საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში, ხოჭოლავას ტრანსფერი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში მართლაც რომ განსაკუთრებული მოვლენაა, მით უმეტეს, "შახტარს" ამ სეზონში პრაქტიკულად განაღდებული აქვს უკრაინული ოქრო და გადაწყვეტილი ამბავია, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს.

რა თქმა უნდა, "შახტარში" დიდი კონკურენციაა და როცა გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ეს ბუნებრივი მომენტია. რა თქმა უნდა, ეს იცის ხოჭოლავამაც, რომლის სასარგებლოდ მეტყველებს ერთი გარემოება - ის უკვე კარგად იცნობს უკრაინის ჩემპიონატის ავან-ჩავანს და ადაპტაციისთვის დროის კარგვა არ მოუწევს...

Sportall.Ge

კარიერა
2004-09 წლებში დავით ხოჭოლავა ფეხბურთს "საბურთალოს" სკოლაში ეზიარა. ნიჭიერმა ფეხბურთელმა ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია ქართული საფეხბურთო თემის ყურადღება.

მცირე ხნით ითამაშა რუსთავის "ოლიმპსა" და ბოლნისის "სიონში", რასაც მოჰყვა თბილისის "დინამოში" გადაბარგება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კარიერის დასაწყისში დავითი ძალიან ხშირად გვევლინებოდა ცენტრალურ თავდამსხმელად...

თბილისურ გრანდში ხოჭოლავამ ვერ მიიღო საკმარისი ნდობა და ჯერ ფოთის "კოლხეთში" გადავიდა, მერე კი ქობულეთის "შუქურას" მიაშურა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. სწორედ აჭარული კლუბიდან წავიდა ის "ჩერნომორეცში", სადაც "მეორე სუნთქვა" გაეხსნა.

Sportall.Ge

მაგალითის ძალა
ხოჭოლავას კარიერა დამწყები ფეხბურთელებისთვის სამაგალითო შეიძლება იყოს.

კონკრეტულ ეტაპებზე მას აკლდა ნდობა და ბევრმა ჩამოწერა კიდეც, თუმცა მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წამითაც არ დაუკარგავს საკუთარი თავის რწმენა - გააგრძელა თავდადებით მუშაობა და მალე დიდ პროგრესს მიაღწია.

ფეხბურთი მენტალურად ძლიერი ადამიანების თამაშია და, ამის გათვალისწინებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაგალითი თვალწინ ჰყავთ - რომელი მათგანი არ ოცნებობს "შახტარში" გადასვლაზე?

შუქურას ფაქტორი
ფაქტია - ხოჭოლავას სრულფასოვანი დაბრუნება ქართულ საფეხბურთო ორბიტაზე ქობულეთის "შუქურაში" შედგა. კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ნდობამ ფეხბურთელზე უაღრესად პოზიტიურად იმოქმედა.
ქობულეთური კლუბის მესვეურმა, წარსულში სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ, დავითს კოჭებში შეატყო, რომ კარგი მოთამაშე დადგებოდა.

გარდა ამისა, ხოჭოლავას ბოლომდე დაუდგა გვერდით უფროსი მეგობარი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი კახა მჟავანაძე, ვინც მაშინ ქობულეთურ კლუბში კარიერას ამთავრებდა...

სწორედ "შუქურაში" გატარებულმა ნაყოფიერმა პერიოდმა განაპირობა ის, რომ ხოჭოლავა "ჩერნომორეცში" კარგ ფორმაში მყოფი მივიდა. ქობულეთურ კლუბში მან მიიღო ის, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდებოდა - სათამაშო პრაქტიკა და ნდობა.

ზოგადად, როცა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები "დინამოდან" რეგიონებში მიდიან, რეგრესს იწყებენ, ხოჭოლავას შემთხვევაში კი სულ სხვანაირად მოხდა. მან "შუქურა" ტრამპლინად გამოიყენა და ესეც კარგი მაგალითია...

Sportall.Ge

თანამედროვე შახტარი
რა თქმა უნდა, "შახტარის" სახით საქმე გვაქვს ძალიან ძლიერ და თვითმყოფად გუნდთან, რომელსაც ნამდვილ კედლად უდგას უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და კლუბის პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი. ომის გამო მშობლიურ "დონბას არენას" მოწყვეტილი "შახტარი" დღეს მაინც პირველი გუნდია უკრაინაში და კიევის "დინამოს" კონკურენციას არ იმჩნევს.

"შახტარს" წვრთნის პორტუგალიელი სპეციალისტი პაულუ ფონსეკა, ვინც ამ პოსტზე აწ უკვე კლუბის ლეგენდად ქცეული მირჩა ლუჩესკუ შეცვალა. გუნდში წამყვანი როლი აქვს ბრაზილიურ დიასპორას, არიან არგენტინელი და ხორვატი ლეგიონერებიც, ასევე უკრაინის ნაკრების არაერთი მოთამაშე...

სხვადასხვა დროს, ქართველი ფეხბურთელებიდან დონეცკურ კლუბში გიორგი ჩიხრაძეს, მიხეილ ფოცხვერიას, დავით თარგამაძესა და თორნიკე ოქრიაშვილს უთამაშიათ.

ხოჭოლავას "შახტარში" დახვდება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი გიორგი არაბიძე, ვინც ამ დროისთვის დონეცკური კლუბის დუბლშემადგენლობაში თამაშობს.

Sportall.Ge

ნდობის ვოტუმი
5-წლიანი კონტრაქტი დონეცკური კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდ ნდობას ნიშნავს. შეიძლება, ვინმეს ხელშეკრულება ძალიან ხანგრძლივად მოეჩვენოს, მაგრამ მეორე მხრივ, "შახტარი" ამ 5 წლის განმავლობაში, დიდი ალბათობით, სისტემატურად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში.

ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ არ გვგონია, დონბასური კლუბის ხელმძღვანელობამ ჩვენებური შეაფერხოს იმ შემთხვევაში, თუ უკეთესი ვარიანტი გაუჩნდება.

პერსპექტივა ნაკრებში
ბოლო დროს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სისტემატურად უხმობს ხოლმე ხოჭოლავას ქვეყნის მთავარ გუნდში. შეიძლება, ლატვია ზუსტი საზომი ვერ არის, მაგრამ დავითმა ნდობას კარგი თამაშით უპასუხა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბალტიისპირულ ნაკრებთან ამასწინანდელ ამხანაგურ მატჩში.

საქართველოს ნაკრებს ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჰყავს კვალიფიციური ფეხბურთელები გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას სახით, მაგრამ ფეხბურთში კონკურენციას არც ერთი გუნდისა თუ ნაკრებისთვის არ უვნია და რაღა საქართველოს ნაკრები იქნება ამაში პირველი?!

ის კი არა, ალბათ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელიც დაგვეთანხმება, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შემადგენლობის სიღრმესა და კონკურენციის ხარისხზე.

Sportall.Ge

ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა!..
საქართველოს ნაკრების მცველს ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ:

"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. "შახტარი" არის კლუბი, რომელიც მუდამ უმაღლეს მიზნებს ისახავს და სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი. კლუბის ხელმძღვანელობას ჩემი დიდი იმედი აქვს და ვეცდები, ეს იმედები გავამართლო. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

სეზონს "ჩერნომორეცში" ჩავამთავრებ და ამის შემდეგ შევუერთდები "შახტარს", - გვითხრა ხოჭოლავამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბიჭიც არ დააკონსერვონ ამ სლავებმა საშიშია.შახტარიც რუსებისაა.
koka
17:04 16-04-2017
0
banda dinamom chamotera, kargad maxsovs, tarmatebebi davits!
kai bichi
15:30 16-04-2017
0

სიახლეები პოპულარული