ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

[ექსკლუზივი] "შახტართან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე 5-წლიანი სათამაშო პრაქტიკაც კარგია"

AutoSharing Option
სულ ახლახან გადაწყდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს. 24 წლის ქართველმა მცველმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ოფიციალურად: დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია

Sportall.ge ხოჭოლავას უკრაინაში უმალ დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ რიგში, გილოცავთ ახალ კლუბს. "შახტარში" შენს შესაძლო გადასვლაზე მედიაში დიდი ხანი იწერებოდა. კონკრეტულად, როდის გადაწყდა ეს საკითხი?
- დიახ, ლაპარაკი მართლაც დიდი ხნის განმავლობაში იყო და შეთანხმებულები ვიყავით, რომ დონეცკში, "შახტართან" მატჩის შემდეგ დავრჩებოდი და კლუბის წარმომადგენლებთან
კონტრაქტის პირობებზე დავილაპარაკებდით. ასეც მოხდა, შევთანხმდით და ივნისიდან უკვე "შახტარში" ვიქნები.

- "შახტართან" სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც (ოქრიაშვილი, თარგამაძე...) გაუფორმებიათ კონტრაქტი, მაგრამ კლუბს იჯარის წესით სხვაგან გაუშვია. ხომ არ მოხდება იგივე შენს შემთხვევაშიც?
- ვესაუბრე კლუბის ხელმძღვანელობას ჩემს როლზე. დიდი ალბათობით, კლუბს მცველი ალექსანდრ კუჩერი დატოვებს და ძირითადში ადგილის დამკვიდრება მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული. ჩემთვის მთავარია, რომ ხელმძღვანელობას ძალიან ვეიმედები.

- სეზონის ბოლომდე "ჩერნომორეცში" რჩები. რადგან კლუბს ტოვებ, ხომ არ არის საშიშროება, რომ ამ გუნდში სათამაშო პრაქტიკა მოგაკლდეს?
- ეს მწვრთნელების გადასაწყვეტი იქნება. არ მგონია, სკამზე დამსვან.

- 5-წლიანი კონტრაქტი ხანგრძლივია. ამ ხნის განმავლობაში იქნებ უკეთესი კლუბიდან გქონდეს შემოთავაზება. ასეთ შემთხვევაში, "შახტარი" გაგიშვებს?
- დიახ, ხანგრძლივია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე 5-წლიანი სათამაშო პრაქტიკაც ძალიან კარგია. მით უმეტეს, კონტრაქტში გაწერილია თანხა ჩემ სანაცვლოდ.

- ეროვნულ ნაკრებში სამჯერ ითამაშე და სამივეჯერ ამხანაგურში. როგორ ფიქრობ, იმსახურებ თუ არა მეტ ნდობას? იგულისხმება ოფიციალური მატჩი...
- მზად ვარ, ნაკრებს ოფიციალურ მატჩებშიც გამოვადგე, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას სახით ძლიერი კონკურენტები მყავს. ამიტომ მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ უკეთეს ფორმაში იქნება იმ კონკრეტული მატჩისთვის.

- დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა