"ვარდარში" ზუსტად ისეთი ატმოსფეროა, როგორიც ჩემპიონ გუნდში უნდა სუფევდეს"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური მაკედონიურ "ვარდარში" ამ წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა.

24 წლის ნახევარმცველს "ვარდარში" ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა. ჯიღაურს მთავარი მწვრთნელი მხოლოდ მატჩის ბოლო რამდენიმე წუთს ანდობდა ხოლმე, ბოლო სამი მატჩიდან კი ფეხბურთელმა ორში სრულად ითამაშა და როგორც ჩანს, ნელ-ნელა ერგება ახალ კლუბს.

ჯიღაურმა Sportall.ge-სთან ადაპტაციის პერიოდსა და ნაკრების ბოლო ორ ჩატარებულ მატჩზე (სერბეთთან და ავსტრიასთან) ისაუბრა.

"ადაპტაციის პერიოდი საკმაოდ კარგად გავიარე და ახლა მხოლოდ ტიტულების მოგებაზე ვფიქრობ გუნდთან ერთად. იმედია, ჩემპიონები გავხდებით, შემდეგ კი ევროასპარეზზეც
წარმატებით ვითამაშებთ.

ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული სიახლე აღმოვაჩინე აქ, მაგრამ ატმოსფეროა ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემპიონ გუნდში უნდა სუფევდეს. აქ დიდი კონკურენციაა და ყველა მატჩში გიწევს დამტკიცება იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობის ღირსეული წევრი ხარ. გუნდთან შესაგუებლად გარკვეული დრო მჭირდებოდა. ამ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.

საერთოდ, მაკედონიის ჩემპიონატში ძალისმიერი ფეხბურთია, "ვარდართან" კი მეტოქეები ამ მხრივაც განსაკუთრებით მონდომებულები არიან.

რაც შეეხება ნაკრებს, სერბეთთან კარგად ვითამაშეთ. გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ კი, სამწუხაროდ, თავისი სამი დარტყმა გოლად აქცია.

ამის შემდეგ ლატვიასთან გამარჯვება და ხასიათის გამოსწორება გვსურდა. სასიხარულოა, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მატჩი ნაკრების წარმატების საწინდარი იქნება.

უეფას ახალი პროექტის, ერთა ლიგის შესახებ გავიგე და გამიხარდა, მაგრამ ამ ტურნირზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან წინ სხვა მნიშვნელოვანი მატჩები გველის", - გვითხრა ჯიღაურმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული