ჯაბა ლიპარტია: სერბების პენალტმა საქართველოს ნაკრები გატეხა

AutoSharing Option
ლუგანსკის "ზორიას" ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა ლიპარტიამ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა:

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში პაუზაა, თქვენ და თქვენი გუნდი ვარჯიშს არ წყვეტთ, "ზორიაში" საბრძოლო განწყობაა?
- გუნდში ყველანი შემართებით ვართ. ბოლო მატჩი "ვოლინს" მოვუგეთ, ახლა კი გვსურს, მწყობრში ვიყოთ "შახტართან" დაპირისპირებისთვის. მოუთმენლად ველით ამ თამაშს, ქულები გვჭირდება.

- თქვენ კარგად გახსოვთ, რა ატმოსფერო იყო ლუგანსკში "ავანგარდზე" "ზორიასა" და "შახტარს" შორის მატჩებში. თუმცა მას მერე "ზორია" ახალ საფეხურზე ავიდა, გუნდი ახლა უკეთ თამაშობს და ფაქტობრივად, "შახტარის" მეზობელია სატურნირო ცხრილში...
- რა თქმა უნდა, ის ატმოსფერო, რაც ლუგანსკში თამაშის დროს იყო, აღარ არსებობს, მაგრამ მეტოქე ძალიან ძლიერია და ის შეცდომებს არ პატიობს. სერიოზულად ვემზადებით და, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ძალაც შეგვწევს, "შახტარს" ქულები ავართვათ.

- ეს საკუთარი ძალების რწმენა, ალბათ, ევროთასებზე ასპარეზობამ განგიმტკიცათ...
- დიახ, როცა ზედიზედ რამდენიმე სეზონი ევროთასებზე თამაშობ და ჩემპიონატშიც მოწინავე პოზიციებზე ხარ, საკუთარი ძალების რწმენაც მოდის. გუნდიც იზრდება და ძლიერდება.

- რის წყალობით არის "შახტარი" უკრაინის ჩემპიონატის ლიდერი?
- მეტოქეს დიდებული შეტევის ხაზი ჰყავს, რომელიც დაცვას შავ დღეში აგდებს. არ უნდა მივაღებინოთ მათ ბურთი და არ უნდა მივცეთ სისწრაფეში უპირატესობის გამოყენების შანსი. თუ მათ დიდ სივრცეებს დავუტოვებთ, პრობლემები შეგვექმნება.

- ჩემპიონატის ახალ სქემას როგორ აფასებთ?
- ახლა უფრო საინტერესო თამაშები გველის. ეს 10 ტური დიდ ინტერესს გამოიწვევს. ჩემპიონატის ეს ფორმატი უფრო მომწონს.

- კი, მაგრამ ქვედა ექვსეულში ინტრიგა თითქმის არ იქნება...
- დიახ, ფორმატს თავისი მინუსები აქვს. იმ გუნდებს, რომელთაც გავარდნა ნაკლებად ემუქრებათ, მოტივაცია აღარ ექნებათ. ამიტომ უნდა გასულიყვნენ ექვსეულში.

- თქვენ ლეგიონერი ხართ, მაგრამ თუ ადევნებდით თვალყურს ხორვატიისა და უკრაინის მატჩს?
- სიმართლე ითქვას, მე საქართველო-სერბეთს ვუყურე, სადაც ჩვენი ნაკრები 1:3 დამარცხდა. თუმცა თავიდან 1:0-ს ვიგებდით, მაგრამ ტაიმის მიწურულს პენალტით გავუშვით. ამ გოლმა ნაკრები გატეხა, რადგან ის ლამის გასახდელში გასვლამდე გაგვიტანეს. რა თქმა უნდა, ხორვატია-უკრაინაში უკრაინის მხარეს ვიყავი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული