მწვრთნელმა თავადაც არ იცის, რას მერჩის - გიორგი გადრანი "ჩერნომორეციდან" მიდის

AutoSharing Option
გიორგი გადრანის ისტორია რაღაცით მათე ღვინიანიძის, საბა კვირკველიასა და ჯანო ანანიძის კარიერის დასაწყისს გვაგონებს. საქართველოში არავინ იცნობდა, უმაღლეს ლიგაში არ ეთამაშა, რომ 2015 წლის დასაწყისში, პირველი ლიგის ბინადარ "გაგრიდან" უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე და პოპულარულ კლუბ ოდესის "ჩერნომორეცში" მიიწვიეს.

22 წლის ცენტრალური მცველის კარიერა აღმავლობით მიდიოდა - "ჩერნომორეცში" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც სისტემატურად იწვევდნენ. თუმცა, 2016 წლის თებერვალში თურქულ შეკრებაზე მძიმედ დაშავდა და ფეხბურთს დროებით ჩამოშორდა.

მერე ოდესელთა დუბლშემადგენლობაში თამაშით ცდილობდა ფორმის აღდგენას, ახლა კი "ჩერნომორეცის" პირველ
გუნდში ვარჯიშობს, მაგრამ რაც უკრაინაში სეზონი განახლდა, გადრანს ერთი წუთიც არ უთამაშია. ცხადია, არასასიამოვნო ამბავია, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ცხვირი არ ჩამოუშვა და მომავალს იმედით შეხედა. ის მოსამზადებელ ეტაპზეც ახლდა გუნდს შეკრებაზე და საკონტროლო მატჩებიც ჩაატარა.

"ყველაფერი კარგად არის, ვთამაშობ, ფორმაში ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ, მაგრამ... მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ბაბიჩი პირველ გუნდში არ მათამაშებს. პრაქტიკა რომ მქონოდა, ამის გამო დუბლებში თამაში მიწევს.

ყველაზე უცნაური ის არის, ბაბიჩი "ჩერნომორეცის" დუბლების შეხვედრებს რომ ესწრება, მაშინაც მაქებს, თუმცა ვერ ვხვდები, რატომ მიქმნის პრობლემებს" , - ამბობს გადრანი.

ის მწვრთნელთან კონფლიქტს უარყოფს:

"ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა. ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა მოვახერხე და მეუბნება - შენით კმაყოფილი ვარო. აბა, რაღას მიწუნებს?! გაურკვეველი მიზეზით ამითვალწუნა და პირველ გუნდში თამაშის შანსს არ მაძლევს.

ფაქტია, ბაბიჩმა ჩემი უკრაინული კარიერა შეიწირა. აქ უკვე ფეხბურთზე აღარ არის ლაპარაკი, ალბათ, მისი ასეთი საქციელის მიზეზი სხვა რამ არის - ასე მგონია, რომ ყველაფრის თავი და თავი მისი პირადი ინტერესებია. მაშინ, უნდა მითხრას, რას მერჩის, მაგრამ, ეტყობა, თავადაც არ იცის...

თუმცა არა უშავს, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მეც ყველაფერი წინ მაქვს. მთავარია, თავს კარგად ვგრძნობ და ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. იმედს არ ვკარგავ, რომ სეზონის ბოლომდე ძირითად შემადგენლობაში ადგილს დავიბრუნებ".

გადრანი სამომავლო გეგმებზეც გველაპარაკა:

"აქედან მივდივარ! - ეს საკითხი გადაწყვეტილია. მაისში ჩემპიონატი დასრულდება, მეც თავისუფალი აგენტი გავხდები და იმედია, ზაფხულში უკეთეს გუნდში ვითამაშებ.

შემოთავაზებები სხვადასხვა გუნდებიდან მაქვს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. თუ რომელ გუნდში მიწვევენ, წინასწარ ამაზე ლაპარაკსაც მოვერიდები. მხოლოდ ქვეყნების დასახელება შემიძლია - ლაპარაკია ბელგიის, უკრაინის, ბელარუსის, რუსეთისა და ყაზახეთის გუნდებზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული