[ლეგიონის უქმეები] გურამ კაშიას პირველი, ნიკა კაჭარავას მეცამეტე გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
წინა უქმეებზე ქართველ ლეგიონერებს თავი არაფრით გამოუჩენიათ, ახლა კი სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა - გურამ კაშიამ და ნიკა კაჭარავამ გოლები გაიტანეს, ხოლო ჯაბა კანკავამ, გიორგი ბერიძემ და ნიკა ძალამიძემ საგოლე პასებით გამოიჩინეს თავი.

იტალია, სერია A:
ლევან მჭედლიძის მოედანზე დაბრუნება შემდეგი ტურისთვის იგეგმება, მანამდე კი მის გარეშე მოთამაშე "ემპოლიმ" მორიგი მარცხი განიცადა, ამჯერად, "კიევოსთან" განადგურდა - 0:4.

იტალია, ლეგა პრო:
ირაკლი შეყილაძის გარეშე მოთამაშე "ტუტოკუოიო" სტუმრად დამარცხდა "კრემონეზესთან" - 1:3.

ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3:
გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკოსა" და მისი ყოფილი
გუნდის, "ხიმნასტიკის" დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია, იგი სათადარიგო იყო.

საფრანგეთი, ლიგა 2:
ბრაზილიელმა დიეგომ ჯაბა კანკავას პასით გახსნა ანგარიში "რეიმსი"-"აიაჩოს" მატჩში, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. ჩვენებურმა 90 წუთი გაფრთხილების გარეშე ჩაამთავრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
გერმანია, II ბუნდესლიგა:
ტრავმირებული აკაკი გოგიას "დინამომ" სტუმრად 2:0 მოუგო "ვიურცბურგერს".

არ უთამაშია არც ლუკას ჰუფნაგელს, რომლის "ნიურნბერგმაც" 1:0 მოუგო "არმინიას".

ჰოლანდია, ერედივიზიე:
არნემის "ვიტესმა" შინ 5:0 გაანადგურა როტერდამის "სპარტა". სტუმართა კარში ბოლო გოლი ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ გაიტანა. გოლი 61-ე წუთზე კუთხურის შემდეგ გავიდა, თუმცა ჩვენებურს თავით არ გაუტანია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამით კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატის ზედიზედ მეშვიდე სეზონში შეძლო გოლის გატანა. მართალია, კაშიამ ჩემპიონატში პირველად გაიტანა, მაგრამ ამ სეზონში მას თასზეც აქვს გატანილი და კვლავ როტერდამული კლუბის (ოღონდ "ფეიენოორდის") კარში. სხვათა შორის, ორივე გოლი 2017 წელზე მოდის.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენებურმა "სპარტასთან" შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია, პრიმეირა ლიგა:
ტრადიციულად, "მორეირენშეს" კარს იცავდა გიორგი მაკარიძე "რიუ ავესთან" საგარეო მატჩში, რომელიც დრამატულად წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

პორტუგალია, სეგუნდა ლიგა:
ავთო ებრალიძის (90 წთ) "ჟილ ვისენტე" სტუმრად "ბრაგას" დუბლებთან დამარცხდა.

პოლონეთი, ექსტრაკლასა:
ჯერ უცნობია, როდის შედგება ლუკა ზარანდიას დებიუტი პოლონურ "არკაში", ტრავმირებული ქართველის გარეშე კი მისმა გუნდმა შინ დათმო ლიდერ "ლეხთან" 1:4. საინტერესო დეტალი ზარანდიაზე: იგი (წყვეტით) მესამე სეზონია, ლეგიონერია და ჯერ ამ სტატუსით ერთხელაც არ უთამაშია.

გიორგი მერებაშვილს არ უთამაშია, მისმა "პლოცკმა" კი "ტერმალიცა" 1:0 დაამარცხა.

ნიკა ძალამიძემ საგოლე პასით გამოიჩინა თავი"ლენჩნასა" და "პოგონის" დაპირისპირებაში. იგი 73-ე წუთზე შეცვალეს, სტუმართა რიგებში კი 61-ე წუთზე გამოჩნდა მათე ცინცაძე. ასე რომ, ქართული დუელი 12 წუთს გაგრძელდა.

ვაკო ყაზაიშვილი "ლეგიას" სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა, ის "ვისლასთან" 1:0 მოგებულ შეხვედრაში არ გამოსულა.

ავსტრია, ბუნდესლიგა:
გიორგი ქვილითაიას (90 წთ) "რაპიდი" გრაცში "შტურმთან" 1:2 დამარცხდა.

ჩეხეთი, გამბრინუსლიგა:
ტრავმირებული ლევან ყენიას "სლავიამ" 2:1 მოუგო ზურაბ ცისკარიძის (სათადარიგო) "ტეპლიცეს" და ლიდერობა განიმტკიცა.

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა:
გიორგი ბერიძე კარგად მოერგო "ტრენჩინს", რომელმაც ამჯერად, საგოლე პასი მიითვალა. "ტრენჩინმა" "მიხალოვცეს" 4:1 მოუგო. ჩვენებური 75-ე წუთზე შეცვალეს.

უნგრეთი, OTP ლიგა:
ბუბა დაუშვილის (90 წთ) "დიოშდიორი" კვლავ გასავარდნ ზონაშია, მას მერე, რაც ლიდერ "ვიდეოტონთან" დამარცხდა - 0:2.

თურქეთი, I ლიგა:
სანდრო კობახიძის "გიოზთეფე" შინ 0:1 დამარცხდა "უმრანიესთან". ქართველმა ნახევარმცველმა მხოლოდ I ტაიმი ითამაშა. ზედიზედ ორმა მარცხმა "გიოზთეფე" პირველ ორ, სუპერლიგის საგზურის მომტან ადგილს დააშორა.

დანია, სუპერლიგა:
დავით სხირტლაძის (62-ე წუთზე შეცვალეს) "სილკებორგი" სტუმრად "ნორდსიელანდთან" განადგურდა - 1:5. ჩვენებურმა სეზონი დიდებულად დაიწყო, მის ანგარიშზე უკვე 7 გოლია, მაგრამ მას ოქტომბრის მერე გოლი აღარ გაუტანია.

მათე ვაწაძის (65-ე წუთზე შეცვალეს) "ვიბორგი" სტუმრად "ლიუნგბიუსთან" დამარცხდა - 0:1.

ქართველთა "ესბიერგი" სტუმრად "კოპენჰაგენთან" დამარცხდა - 0:2. ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ბუდუ ზივზივაძე თამაშში 67-ე წუთზე ჩაება, ხოლო ლაშა პარუნაშვილი ისევ არ ჩანს.

მაკედონია, I ლიგა:
"ვარდარის" რიგებში მეორე ტაიმი ითამაშა ჯაბა ჯიღაურმა. სწორედ მისი შესვლის მერე 10 კაცის ამარა დარჩა "ბრეგალნიცა" და შემდეგ "ვარდარმა" ორი უპასუხო გოლი გაუტანა მას.

კვიპროსი, I დივიზიონი:
კვიპროსის ჩემპიონატი ორ ექვსეულად დაიყო, ქართველთა გუნდები გადარჩენისთვის იბრძვიან - "ახნასი" სტუმრად "კარმიოტისასთან" დამარცხდა - 3:5. ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ნიკა კაჭარავამ, რომელმაც ერთხელ დაამწუხრა მეტოქე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ქართველი ფორვარდის მე-13 გოლია სეზონში. გიორგი ილურიძე მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, დუბლი შეასრულა ნიკა ყიფიანმა, რომელიც, მოგეხსენებათ, რუსეთის მოქალაქეა.

ირაკლი მაისურაძის (არ უთამაშია) "ერმისი" სტუმრად "დოხასთან" დამარცხდა - 1:2.

ესტონეთი, მეისტრილიგა:
ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ", სუპერლიგის 0:5-ს დაემატა ჩემპიონატის ორი სასტარტო ფრე. "კალიუსთან" საგარეო მატჩში "ფლორა" 10 კაცით 1:1-ს შესწვდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. 26 წლის ფეხბურთელი უკვე 7 წელია "ფლორაში" ირიცხება.

რუსეთი, პრემიერლიგა:
ტრავმირებული გია გრიგალავას "არსენალმა" 2:0 მოუგო ტრავმირებული გიორგი ჭანტურიას "ურალს", რომლის რიგებშიც სათადარიგო იყო ჯიმი ტაბიძე. ტაბიძე მთლად უთამაშებელიც არ ყოფილა, მან წინა დღით დუბლების ჩემპიონატში ბოლო 23 წუთი ითამაშა ("ურალის" დუბლებმაც წააგეს - 1:4).

ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი "კრილია სოვეტოვი" "უფას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. გიორგი ლორია გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო (ამას მოწმობს "ჩემპიონატის" შეფასებაც - 7,5 ბალი), მაგრამ ერთხელ მანაც ვერ უშველა გუნდს.

"ორენბურგი" სტუმრად "რუბინს" დაუზავდა - 0:0. სტუმართა რიგებში ელგუჯა ლობჯანიძე სათადარიგო იყო.

ჯანო ანანიძე "სპარტაკს" "ანჟისთან" თამაშის (1:0) მე-60 წუთზე დაუბრუნდა. ქართველი საკმაოდ აქტიური იყო, "ჩემპიონატმა" მისი თამაში 6 ბალით შეაფასა.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარს" დღეს მასპინძლობს.

უკრაინა, პრემიერლიგა:
დავით ხოჭოლავასა (დისკვალიფიკაცია) და გიორგი გადრანის (სათადარიგო) "ჩერნომორეცი" შინ 0:1 დამარცხდა "სტალთან".

ჯაბა ლიპარტია "ზორიასა" და "შახტარის" მატჩის (1:2) შესვენებაზე გამოცვალეს.

უკრაინა, ახალგაზრდული პირველობა:
ლუკა ნადირაძემ "ოლიმპიკისა" და "ვორსკლას" დუბლების მატჩში (2:0) გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი გადრანმა "ჩერნომორეცისა" და "სტალის" მეორე გუნდების მატჩში (2:2) I ტაიმი ითამაშა.

ბელორუსი, სუპერთასი:
ვაკო გვილიამ სეზონი ტიტულით დაიწყო, მისმა ბატე-მ ქვეყნის სუპერთასი მოიგო, 3:1 დაამარცხა "ჟოდინო". ჩვენებური მხოლოდ 81-ე წუთზე გამოჩნდა.

ლიტვა, A ლიგა:
ლევან ჭაფოძის "კაუნო" შინ 0:1 დამარცხდა "ატლანტასთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ლატვია, ვირშლიგა:
ვასიკო ბაჩიაშვილისა (67-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ერისთავის (სათადარიგო) "ლიეპაია" შინ "რიგასთან" დამარცხდა - 0:1.

ლაშა შერგელაშვილის
(90 წთ, გააფრთხილეს) და გიორგი დიაკვნიშვილის (სათადარიგო) "რიგასმა" "სპარტაკსს" 2:1 მოუგო.

მოლდოვა, დივიზია ნაციონალა:
"დაჩიამ" 3:0 მოუგო "უნგენს", რომლის რიგებშიც შეუცვლელად ითამაშა ირაკლი ჩომახაშვილმა. მასპინძელთა შორის კი გუგა ფალავანდიშვილის (ასევე შეუცვლელად ითამაშა) დებიუტი ვიხილეთ და ის მატჩის მერე მწვრთნელმა ვიორელ ფრუნზემ შეაქო:

"ჩანს, რომ ხარისხიანი და განსწავლული ფეხბურთელია. თავის პოზიციაზე როგორ ითამაშოს, კარგად იცის. იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს".

აი, ნუკრი რევიშვილი კი კვლავ არ ჩანს "დაჩიას" განაცხადში.

სომხეთი, პრემიერლიგა:
ირაკლი კვეკვესკირის "ალაშკერტმა" 3:0 დაამარცხა "შირაქი".

ყაზახეთი, პრემიერლიგა:
"ირტიშში" დებიუტი ჰქონდა ლაშა დვალს, რომელიც პოლონეთიდან იჯარის წესით თამაშობს პავლოდარში. მან 90 წუთი ითამაშა ჩემპიონ "ასტანას" წინააღმდეგ შეხვედრაში - 1:1.

"ორდაბასისა" და "ატირაუს" შეხვედრაში (1:1) ქართული დუელი არ შედგა, რადგან ოთარ მარცვალაძე მასპინძელთა შორის კვლავ სათადარიგო იყო. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს უჩა ლობჟანიძემ და ლადო დვალიშვილმა.

კახა ცხადაძის "ქაირათი" შინ 2:2 დაუზავდა "ოკჟეტპესს".

უზბეკეთი, PFL:
შოთა გრიგალაშვილის "ოლმალიქმა" 0:0 ითამაშა "ბუნიოდკორთან". ქართველის დებიუტს ჯერაც ველით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
samagierod mag gundebshi tamashit sakmaod karg xelpasebs igeben da magattvis xo mtavari eg aris
0
მეცოდებიან მაგრად! იმას ერ ხვდებიან რო დონე მაღლდება თამაშით და არა სკამზე ჯდომით. ტიპი სამი წელია ლეგიონერია და ერთხელაც არ უთამაშია :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული