[ლეგიონის უქმეები] ერთადერთი ნათელი წერტილი [VIDEO]

AutoSharing Option
მართალია, ქართველი ლეგიონერები ევროპის საფეხბურთო მინდვრებს არ აზანზარებენ, მაგრამ ასეთი რამ მაინც იშვიათად გვახსენდება - ამ უქმეებზე არ გასულა არც ერთი ქართული გოლი! ძალიან ბევრ ჩვენებურს კი, მათ შორის, ნაკრების წევრს, მინდორზე გასვლა და თამაში ენატრება. არადა, სანაკრებო მატჩიც ლამის კარს მოგვადგა.

ერთადერთი ნათელი წერტილი კახა ცხადაძის მიერ ყაზახეთის სუპერთასის მოგებაა "ქაირათთან" ერთად.

იტალია. სერია A:
ლევან მჭედლიძე კვლავ ტრავმირებულია, "ემპოლი" მის გარეშე შინ 0:2 დამარცხდა "ჯენოასთან".

იტალია. ლეგა პრო:
ირაკლი შეყილაძე სათადარიგო იყო, მისი "ტუტოკუოიო" კი შინ "პიაჩენცასთან" 1:4
განადგურდა.

გერმანია. II ბუნდესლიგა:
დრეზდენის "დინამოს" ძალიან აკლია აკაკი გოგია, რომლის გარეშეც გუნდი შინ "კაიზერსლაუტერნს" დაუზავდა - 3:3.

ავადმყოფობს ლუკას ჰუფნაგელიც, რომლის "ნიურნბერგიც" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ფიურტთან".

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3:
გიორგი აბურჯანია "სევილია ატლეტიკოს" რიგებში 77-ე წუთზე გამოჩნდა "ალკორკონთან" სტუმრად 0:0 დასრულებულ შეხვედრაში.

საფრანგეთი. ლიგა 2:
ჯაბა კანკავას "რეიმსმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ოსერს". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. "რეიმსი" 46 ქულით მე-3 ადგილზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჰოლანდია. ერედივიზიე:

გურამ კაშიას (90 წთ) "ვიტესმა" მოულოდნელად წააგო სტუმრად "ზვოლესთან" 1:3 და მოწინავე შვიდეული დატოვა.

პორტუგალია. პრიმეირა:
გიორგი მაკარიძემ ამ პრიმეირაში მეოთხედ შეინახა კარი მშრალად, მისი "მორეირენშე" კი შინ "ბოავიშტას" დაუზავდა - 0:0. მის ანგარიშზე 5 "სეივია". "მორეირენშე" მე-16 ადგილზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალია. სეგუნდა:
რომან ჭანტურიას "ოლიანენშე" კვლავ ბოლოა. ეს გუნდი "ბენფიკას" დუბლებთან ლისაბონში დამარცხდა - 1:2. ქართველმა ფორვარდმა ბოლო 10 წუთი ითამაშა.

ავთო ებრალიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი "ჟილ ვისენტე" კი შინ 2:2 დაუზავდა "ლეიშოეშს".

პოლონეთი. ექსტრაკლასა:
ნიკა ძალამიძის (სათადარიგო) "ლენჩნა" სტუმრად "კორონასთან" 1:2 დამარცხდა და უკანასკნელ ადგილზე დარჩა.

სათადარიგოთა სკამს არც ვაკო ყაზაიშვილი გასცილებია, მისმა "ლეგიამ" კი სტუმრად "ზაგლებიე" დაამარცხა - 3:1.

ტრავმირებული ლუკა ზარანდიას "არკა" სტუმრად "კრაკოვიას" დაუზავდა - 1:1.

დღეს მათე ცინცაძის "პოგონი" გიორგი მერებაშვილის "პლოცკს" მასპინძლობს.

დანია. სუპერლიგა:
დანიაში ქართველთა დუელი ვიხილეთ, ჩვენებური ტრიოს "ესბიერგი" შინ 1:3 დამარცხდა მათე ვაწაძის "ვიბორგთან". ვაწაძე სასტარტოში იყო და იგი 85-ე წუთზე გამოცვალეს. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ, ბუდუ ზივზივაძე კი 81-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ლაშა პარუნაშვილის დებიუტს ჯერ კიდევ ველით. მოგების მიუხედავად, "ვიბორგი" ჯერ ისევ ბოლო ადგილზეა, "ესბიერგი" მას ახლა მხოლოდ ქულით უსწრებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სილკებორგმა" დავით სხირტლაძის გარეშე 2:0 მოუგო "რანდერსს".

ავსტრია. ბუნდესლიგა:
გიორგი ქვილითაია 76-ე წუთზე შევიდა ლიდერ "ზალცბურგთან" მატჩში, რომელიც "რაპიდმა" 0:1 დათმო.

ჩეხეთი. 1 ლიგა:
ზურაბ ცისკარიძის (არ უთამაშია) "ტეპლიცემ" 1:0 დაამარცხა "იჰლავა". ლევან ყენიას ამ სეზონში ტრავმის გამო არ უთამაშია, მისმა "სლავიამ" კი ლამის საჩემპიონო მატჩი მოუგო "პლზენს" - 1:0.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა:
გიორგი ბერიძის (83-ე წუთზე შეცვალეს) "ტრენჩინმა" სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი "პრეშოვი" დაამარცხა - 2:1.

უნგრეთი. OTP ლიგა:

ბუბა დაუშვილის (90 წთ) "დიოშდიორი" სტუმრად "დებრეცენთან" 0:3 დამარცხდა და გასავარდნ ზონაშია.

თურქეთი. I ლიგა:
სანდრო კობახიძემ სათადარიგოთა სკამიდან უყურა, როგორ განადგურდა მისი "გიოზთეფე" სტუმრად "ელაზიღთან" (2:5) და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

კვიპროსი. I დივიზიონი:
"ახნასი" სტუმრად "არისთან" 1:3 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში გიორგი ილურიძე 61-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ნიკა კაჭარავას კვლავ არ უთამაშია. ირაკლი მაისურაძე 44-ე წუთზე, სავარაუდოდ, ტრავმის გამო შეცვალეს აელ-ისა და "ერმისის" მატჩში, რომელიც ჩვენებურის "ერმისმა" 2:1 მოიგო.

რუსეთი. პრემიერლიგა:
რუსულ პრემიერლიგაში ბათუმელი ელგუჯა ლობჟანიძის დებიუტი შედგა, მისმა "ორენბურგმა" 3:0 მოუგო ტულის "არსენალს". ჩვენებურმა ბოლო ხუთი წუთი ითამაშა. სტუმრებს არ ჰყოლია ტრავმირებული გია გრიგალავა.

ტრავმირებული გიორგი ჭანტურიას "ურალმა" 1:0 დაამარცხა "ამკარი". მასპინძელთა შემადგენლობაში სათადარიგო იყო ჯიმი ტაბიძე.

როგორც ჩანს, საბა კვირკველიას "ლოკომოტივში" სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ ექნება, მან ჩემპიონატში სადებიუტო მატჩშივე შეუცვლელად ითამაშა, მოსკოველებმა კი გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვის" კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს. "ჩემპიონატმა" კვირკველიას თამაში 7 ბალით შეაფასა, ხოლო ლორიას 5,5 ბალი დაუწერა.

თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" ლიდერ "სპარტაკთან" 2:2 ითამაშა, ქართველი 71-ე წუთზე შევიდა მოედანზე და ერთხელ შეაწუხა "სპარტაკის" მეკარე (6 ბალი). ჯანო ანანიძე, რომელიც ახლახან გამოჯანმრთელდა, სათადარიგო იყო.

რუსეთი. ახალგაზრდული პირველობა:
ჯიმი ტაბიძემ "ურალის" დუბლებში პირველი ტაიმი ითამაშა "ამკართან" შეხვედრაში - 1:1.

უკრაინა. პრემიერლიგა:

"დნიპროსთან" საგარეო მატჩის 92-ე წუთზე "ჩერნომორეცის" ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ხელით თამაშისთვის გააძევეს, მანამდე კი საგოლე პასის ავტორი გახდა. მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" სტუმრად 2:1 მოუგო "ვორსკლას". ჩვენებური სასტარტოში იყო, ის 77-ე წუთზე შეცვალეს.

უკრაინა. ახალგაზრდული პირველობა:
გიორგი გადრანმა შეუცვლელად ითამაშა "ჩერნომორეცის" დუბლებში, რომელმაც სტუმრად "დნიპროს" მეორე გუნდი 3:0 გაანადგურა.

კიევის "დინამოს" დუბლებმა 3:0 მოუგო დონეცკის "ოლიმპიკის" სარეზერვო გუნდს. ამ შეხვედრაში პირველი ტაიმი ითამაშა კიეველთა 21 წლის მცველმა ზურაბ ოჩიგავამ, ხოლო სტუმრებში შეუცვლელად ითამაშა 20 წლის ლუკა ნადირაძემ, რომელიც გააფრთხილეს.

"შახტარის" დუბლებში ტრავმის გამო არ უთამაშია გიორგი არაბიძეს.

მაკედონია. I ლიგა:
ჯაბა ჯიღაურის "ვარდარი" "პობედას" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ჩვენებურმა პირველად ითამაშა ახალ კლუბში შეუცვლელად.

ფინეთი. თასი:
კპვ-მ სტუმრად ირაკლი სირბილაძის გარეშე სძლია "ოულუს" - 2:1.

ესტონეთი. მეისტრილიგა:
ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წთ) "ფლორა" შინ "ლევადიას" დაუზავდა - 1:1.

მოლდოვა. დივიზია ნაციონალა:
ირაკლი ჩომახაშვილის "უნგენმა" შინ 0:2 წააგო "მილსამისთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა:
ზაურ სვანაძის "ინტერი" შინ 0:2 დამარცხდა "გაბალასთან", რომელსაც არ ჰყოლია დისკვალიფიცირებული ნიკა კვეკვესკირი. წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა.

ნუგზარ კვირტიას (65-ე წუთზე გამოვიდა) აზალ-ი სტუმრად "ქიაფაზს" დაუზავდა - 1:1.

"ზირასთან" მატჩში გიორგი ნავალოვსკიმ კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა გუნდი. "ნეფთჩი" 1:2 დამარცხდა. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ჩვენებურმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

სომხეთი. პრემიერლიგა:
განახლდა სომხეთის პირველობაც, სადაც ირაკლი კვეკვესკირის "ალაშკერტმა" სტუმრად მოუგო "ბანანცს" - 2:1. კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ყაზახეთი. სუპერთასი:
კახა ცხადაძემ სეზონი ტიტულით დაიწყო - მისმა "ქაირათმა" ყაზახეთის სუპერთასის მატჩი მოუგო ჩემპიონ "ასტანას" - 2:0.

"მადლობა "ქაირათის" ფანებს, ასეთ ამინდში რომ მოვიდნენ ჩვენს საგულშემატკივროდ. ბიჭებს ვუთხარი, რომ ფანები არ უნდა დაგვეღალატებინა. ჩვენ უფრო მეტად ვიმსახურებდით გამარჯვებას და მოვიგეთ კიდევაც", - განაცხადა ქართველმა თავკაცმა.

უზბეკეთი. PFL:
კახა მახარაძის ჩემპიონმა "ლოკომოტივმა" ახალი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, სტუმრად 1:0 დაამარცხა "მაშალი". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

"ყიზილყუმში" აღარ თამაშობს გიორგი კვესიეშვილი, რომელიც მახარაძესთან ერთად, სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

სამაგიეროდ, ტაშკენტის "ოლმალიქში" ყაზახეთიდან წამოსული შოთა გრიგალაშვილი ჩაირიცხა. "ოლმალიქი" კი "ბუხარას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ჩვენებური განაცხადში არ ყოფილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბიჯო/ ეხლა დავთვალე და 30- ვითომ ფეხბურთელი უცხოეთში თამაშობს,და არაფერს აკეთებენ, ჩამოშავდნენ საქართველოში და უფრო გამოადგებიან ქვეყანას,მარა ,,ამათხომ ფულზე აქვთ თვალები დაქაჩული...
simartle
21:18 06-03-2017
0
ვაკოზე მწყდება გული ძალიან საერთოდ დაკარგა თავი არადა რა ახალგაზრდაა. წარმატებები ბიჭებო
nika
16:13 06-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული