[ლეგიონის უქმეები] მერებაშვილმა პოლონეთში გაიტანა, ბერიძემ - სლოვაკეთში [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქართველებმა ორი გოლი გაიტანეს - თუ გიორგი ბერიძისთვის ეს სადებიუტო გოლია სლოვაკურ ჩემპიონატში, გიორგი მერებაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა თავი ნაკრების ხელმძღვანელობას...

იტალია. სერია A.
გასულ კვირაში ლევან მჭედლიძის სტატუსი იცვლებოდა. საბოლოოდ, ექიმები ჩამოყალიბდნენ, რომ იგი "იუვენტუსთან" ვერ შეძლებდა თამაშს. ასეც მოხდა, ლიდერმა კი მშვიდად, 2:0 მოუგო "ემპოლის".

იტალია. ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის (90 წთ) "ტუტოკუოიო" სტუმრად ლიდერ "ალესანდრიასთან" დამარცხდა - 0:3.

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანია 61-ე წუთზე გამოჩნდა "სევილია ატლეტიკოს" შემადგენლობაში ლიდერ "ლევანტესთან" მატჩში, რომელიც 1:1
დასრულდა.

პორტუგალია. პრიმეირა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" სტუმრად "გიმარაეშთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი გოლკიპერი, რა თქმა უნდა, კარში იყო. "მორეირენშე" მე-16 ადგილზეა, გუნდს ჩემპიონატში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

პორტუგალია. სეგუნდა.
ავთო ებრალიძემ შეუცვლელად ითამაშა "ჟილ ვისენტეს" რიგებში, რომელიც სტუმრად 2:2 დაუზავდა "ფრეამუნდეს".

ჰოლანდია. ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესმა" სტუმრად "გო ეჰედ იგლსს" 3:1 მოუგო და 36 ქულით მე-7 ადგილს ინარჩუნებს, რომელიც ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლის შანსს იძლევა. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

გერმანია. II ბუნდესლიგა.
ტრავმირებული აკაკი გოგიას "დინამომ" სტუმრად "აუეს" მოუგო - 4:1. ლუკას ჰუფნაგელის (არ უთამაშია) "ნიურნბერგი" შინ "ბოხუმთან" დამარცხდა - 0:1.

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
"არკას" რიგებში ლუკა ზარანდიას დებიუტს კიდევ უნდა დაველოდოთ, გდინიელებმა შინ ქართველის გარეშე დაამარცხეს "კორონა" - 4:1. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთ ამხანაგურ თამაშში ჩვენებურმა კოჭი დაიზიანა და პოლონური წყაროს მტკიცებით, "რამდენიმე თამაშის" გამოტოვება მოუწევს.

მათე ცინცაძე კვლავ "პოგონის" სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ გუნდს საქმე ცუდად წაუვიდა და ის 73-ე წუთზე გამოცვალეს. "პოგონი" "ლეხთან" მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:3.

პოლონეთის ქართულ ლეგიონში უდავოდ საუკეთესო ამ ეტაპზე 30 წლის გიორგი მერებაშვილია. სწორედ მისი წყალობით "პლოცკმა" "ზაგლებიეს" 2:1 მოუგო. პირველ ტაიმში კანტემ ქართველის პასით გაათანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე ჩვენებურმა გამარჯვების გოლი მიითვალა, რომელიც მისთვის ამ სეზონში მე-6 გოლია.

გოლიც არის და გოლიც - ქართველმა ნახევარმცველმა თავით გაიგდო ბურთი, მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და საჯარიმოში შესულმა ულამაზესი დარტყმით გაიტანა. მერებაშვილმა ყვითელი ბარათიც მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნიკა ძალამიძის (74-ე წუთზე შეცვალეს) "ლენჩნამ" "პიასტს" 1:0 მოუგო.

ვაკო ყაზაიშვილი მხოლოდ 81-ე წუთზე გამოჩნდა "ლეგიას" რიგებში, რომელიც შინ "ტერმალიცას" 1:1 დაუზავდა.

ლაშა დვალის "შლიონსკი" დღეს "რუხს" ესტუმრება.

დანია სუპერლიგა.
თუ წინა ტურში ოთარ კაკაბაძის, ბუდუ ზივზივაძისა და ლაშა პარუნაშვილის დებიუტი დისკვალიფიკაციისა (კაკაბაძის შემთხვევაში) და ვიზების გამო გადაიდო, ახლა ჩვენებურები თოვლმა შეაფერხა - "ლიუნგბიუს" მოედანი 10 სანტიმეტრი სისქის თოვლის საფარით დაიფარა, ამიტომაც თამაში ორშაბათისთვის გადადეს.

დავით სხირტლაძის (90 წთ) "სილკებორგი" სტუმრად 0:3 დამარცხდა "ოლბორგთან".

ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიამ "ვოლფსბერგერთან" საგარეო შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ იგი "რაპიდს" ვერაფრით დაეხმარა, ვენელები 1:2 დამარცხდნენ.

ჩეხეთი. 1 ლიგა.
ტრავმირებული ლევან ყენიას "სლავიამ" სტუმრად 8:1 გაანადგურა "პჟიბრამი". პრაღელები ჩემპიონატში გალიდერდნენ. ყენია ამ სეზონში, დიდი ალბათობით, ვეღარ ითამაშებს, ზაფხულში კი მას კონტრაქტი ეწურება.

ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცე" დღეს "მლადას" სტუმრობს.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა.
გიორგი ბერიძემ სლოვაკეთში სადებიუტო გოლი გაიტანა, მისმა "ტრენჩინმა" სტუმრად "სლოვანთან" 3:4 დათმო. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილი "დიოშდიორის" შემადგენლობას დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მტკ-სთან 2:3 წაგებულ შეხვედრაში დაუბრუნდა. ქართველი ნახევარმცველი 77-ე წუთზე გამოცვალეს. მან სეზონში მე-6 ყვითელი ბარათი მიიღო.

რუმინეთი. ლიგა 1.
აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" 1:1 დაუზავდა "სტიაუას". ჩვენებური ჯერ არ გამოჩენილა რუმინული კლუბის რიგებში.

თურქეთი. I ლიგა.
"გიოზთეფეს" რიგებში მოულოდნელად არ უთამაშია სანდრო კობახიძეს. მისმა გუნდმა 1:0 მოუგო "მანიშას". როგორც შევიტყვეთ, მატჩის დილას ქართველმა ლეგიონერმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

კვიპროსი. I დივიზიონი.
ირაკლი მაისურაძის (სათადარიგო) "ერმისი" შინ 2:3 დამარცხდა აეკ-თან.

ქართველთა "ახნასი" "ნეა სალამინას" 0:0 დაუზავდა, გიორგი ილურიძე 62-ე წუთზე შევიდა, ხოლო ნიკა კაჭარავას არ უთამაშია.

მაკედონია. I ლიგა.
ჯაბა ჯიღაური სათადარიგო იყო, ქართველის "ვარდარმა" კი "შკენდიას" 3:1 მოუგო და ცხრილში 7 ქულით გაუსწრო.

რუსეთი. I დივიზიონის თასი.
ჯიმი ტაბიძის "ურალმა" მე-5 ადგილის მატჩისთვის "ტიუმენთან" პენალტების სერიაში 1:3 წააგო (თამაში 1:1 მორჩა). ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

უკრაინა. პრემიერლიგა.
ჯაბა ლიპარტიას "ზორია" 1:2 დამარცხდა კიევის "დინამოსთან". "მასპინძელთა" რიგებში ლიპარტია 61-ე წუთზე გამოჩნდა.

დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისმა "ჩერნომორეცმა" 1:0 დაამარცხა "კარპატი".

უკრაინა. დუბლები.
"შახტარის" დუბლები 0:1 დამარცხდა "ვორსკლასთან", გიორგი არაბიძე ამ შეხვედრაში მე-80 წუთზე შეცვალეს. ჩვენებურს ერთი კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ მცველი მის დარტყმულს გადაეფარა.

"ჩერნომორეცის" დუბლები შინ 0:1 დამარცხდა "კარპატისთან". ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა გიორგი გადრანმა (გააფრთხილეს), რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ძირითად გუნდს ვერაფრით დაუბრუნდა.

"ზორიას" და "დინამოს" დუბლების მატჩში (0:3) 88-ე წუთზე შეცვალეს კიეველთა მცველი ზურაბ ოჩიგავა.

ფინეთი. თასი.
ირაკლი სირბილაძის (90 წთ) კპვ-მ სტუმრად 3:0 მოუგო ოპს-ს.

ესტონეთი. სუპერთასი.
ზაქარია ბეგლარიშვილის (62-ე წუთზე შევიდა) "ფლორა" 0:5 შერცხვა "ტალინთან".

მოლდოვა. დივიზიონა ნაციონალა.
ბოლო ინფორმაციით, ირაკლი ჩომახაშვილი, თითქოს, "უნგენიდან" "სპერანცაში" გადავიდა, მაგრამ მოლდოვის ჩემპიონატი განახლდა და ქართველმა კვლავ "უნგენში" ითამაშა. "ზიმბრუმ" ბოლოსწინა ადგილზე მყოფი გუნდი 4:0 გაანადგურა, ჩვენებურმა კი შეუცვლელად ითამაშა.

"დაჩიამ" 4:1 გაანადგურა "დინამო-აუტო", მაგრამ მეოთხეადგილოსნის რიგებში ქართველი ახალწვეულები არ გამოჩენილან. გუგა ფალავანდიშვილი და ნუკრი რევიშვილი განაცხადში არ ყოფილან. "დაჩიას" თავკაცმა ვიორელ ფრუნზემ თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ ახალწვეულების ნაწილს სამუშაო ვიზა დაუგვიანდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მგონია რომ ბერიძე უფრო სასარგებლო კაცი ქნება ნაკრებისთვის ვიდრე გიორგი ჭანტურია და თუნდაც არაბიძე რადგან ის განსხვავდება მათგან ხასიათით
bacho
16:31 27-02-2017
0
ქართული პასპორტის არამქონეები კი გახსოვთ მარა მქონე ჭAნტურია რომანის ამბავი მაინტერესებს გადავიდა თუ არა ის ოლიანენშეში მაგრამ flashscore პორტუგალიისა სეგუნდა ლიგის და აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის ლინეუპს ანუ შემადგენლობებს არ აჩვენებს და ვერასდროვ ვერ ვგებულობ ამ ტურნურებში მონაწილეობენ თუ არა ქართველები,აი მაგალითად ამ წუთას ნეფტჩის თამასი მიმდინარეობს მაგრამ არვიცი არის უ არა შემადგენლობაში ნავალოვსკი და თქვენ მაინც დაწერეთ რამე ამ ბიჭბზე.რაშვრება რომან ჭანტურია,სად არის ის?
ბაჩო გ
16:28 27-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული