რუსეთი მიყვარს, პატივს ვცემ, მაგრამ... - ჯანო ანანიძის ვრცელი ინტერვიუ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ championat.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სეზონის განახლების მოლოდინსა და საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის საგაზაფხულო ეტაპს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ხვდება.

- მსგავსი რამეების დიდად არ მჯერა. ვიღაცას 13 ნომრის შიში აქვს, მე - არა. უბრალოდ, მომწონს 7 ნომერი.

- ბავშვობაში 7-ნომრიანი მაისურით თამაშობდი?
- ბავშვობაში, კიევის "დინამოს" სკოლაში და ეროვნულ ნაკრებშიც.

- როცა ბოიარინცევმა, იბსონმა "სპარტაკი" დატოვეს, მაშინ არ გითხოვია 7-ნომრიანი მაისური?
- მინდოდა, მაგრამ ბევრად გამოცდილი
ფეხბურთელები იყვნენ გუნდში. ვუთმობდი. ახლა კი ისე მოხდა, რომ კირილ კომბაროვის წასვლის შემდეგ 7 ნომერი მე მომცეს. ფერნანდოსაც უნდოდა, მაგრამ უკვე დაკავებული იყო (იღიმის).

- ნომრის შეცვლის შემდეგ თამაშსაც მოუმატე. ეს უბრალო დამთხვევაა?
- არ ვიცი, შეიძლება ასეც ითქვას. "როსტოვსა" და "სპარტაკში" წინა ნომრითაც კარგად ვთამაშობდი. 7-ს 7-ზე თუ გავამრავლებთ, 49 გამოდის. სწორედ ამ ნომრით ვიწყებდი თამაშს "სპარტაკის" დუბლებში. ტრავმის შემდეგ ნახევარი წელი 27 ნომრით ვირბინე, შემდეგ - 12. მაგრამ კარიერის დიდი ნაწილი 7 და 49-ით გავატარე.

- თუ რიცხვებში არა, მაშინ რაშია შენი კარგი თამაშის საიდუმლო?
- ყველაფერი შედარებით მარტივადაა. მთავარი მწვრთნელის ნდობაა. ჩემთვის ესაა მნიშვნელოვანი. ვარჯიშებზე ადრეც 100%-ით ვიხარჯებოდი, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის გარეშე თავის გამოჩენა რთულია. ალენიჩევმა და კარერამ სათამაშო პრაქტიკა მომცეს. მწვრთნელის ნდობისას კი ორმაგად ვძლიერდები.

უთხარით ფეხბურთელს: "45 წუთი გაქვს. თუ ცუდად ითამაშებ, ოთხ მატჩს სათადარიგოთა სკამზე გაატარებ" და ის ცუდად ითამაშებს.

- ასე გეუბნებოდნენ?
- თქმით არა, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე ასე გამოდიოდა. ერთ მატჩს მოედანზე ვატარებდი, მომდევნო სამს - სკამზე. სადღაც ალბათ მეც დავაკელი რაღაც, სადღაც მწვრთნელის სქემაში ვერ ჩავჯექი, სადღაც კი ტრავმა მივიღე...

სერიოზული ტრავმა მხოლოდ ერთხელ მქონდა. მაშინ 7 თვის გამოტოვება მომიწია. მენისკის ოპერაციიდან 20 დღეში ვარჯიში დავიწყე, დანარჩენი კი მუხლის დაზიანებებია.

- 2009 წლიდან წონა და სიმაღლე შეგეცვალა?
- მაშინ 56-57 კგ-ს ვიწონიდი, ახლა - 64-ს. სიმაღლეშიც დაახლოებით სამი სანტიმეტრით გავიზარდე.

- რაში გამოიხატება კარერას მეთოდები?
- "სპარტაკში" 10 წელია ვარ და მოსამზადებელ პერიოდში პირველად ვნახე ასეთი ფიზიკური დატვირთვა. ადრე აქცენტი მხოლოდ ბურთზე კეთდებოდა. ახლა კი, როგორც ბურთთან, ისე უბურთოდაც ბევრს დავრბივართ. შედეგებიდან გამომდინარე, ეს მეთოდი ამართლებს.

- ამბობდი, კარერა ტაქტიკას დიდ ყურადღებას ანიჭებსო. "ბევრი" რამდენია?
- ტაქტიკაზე ყოველი მატჩის წინ ვმუშაობთ. ამის გარეშე ახლა შეუძლებელია. ტაქტიკა და ფიზიკური მომზადება - აი, ორი მთავარი რამ, რასაც ჩვენი მწვრთნელი აქცევს ყურადღებას.

- უკვე იცით, კონკრეტულად რის შექმნას აპირებს კარერა?
- ისეთი კოლექტივის, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს. და ვფიქრობ, მან ეს უკვე შექმნა.

- "როსტოვში" ჩატარებული სეზონი ჯერჯერობით კარიერაში საუკეთესოდ რჩება?
- მიმდინარე სეზონი უკეთესია: 10 მატჩში 5 გოლი. უფრო სწორი იქნება, თუკი სეზონის ბოლოს შევადარებთ. "როსტოვში" თასი მოვიგე. იმედია, "სპარტაკშიც" მოვიგებ ტიტულს.

- ბოჟოვიჩის ფენომენზე რას გვეტყვი?
- ძლიერი ფსიქოლოგია. და, ცხადია, კარგი მწვრთნელიც. "როსტოვში" ასეთი მომენტი მქონდა: პირველი ტაიმი ცუდად ვითამაშე. შესვენებაზე ბუცებს ვიხდიდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ბოჟოვიჩი შემცვლიდა. მან კი, თუ არ ვცდები, კანგა შეცვალა. მეორე ტაიმში გამოსულმა ორი საგოლე გადაცემა გავაკეთე და თვითონაც გავიტანე. "ვოლგას" მოვუგეთ 4:0. ეს მწვრთნელის ინტუიციაა.

- "სპარტაკში" გქონდა ასეთი მომენტები?
- "ორენბურგთან" მატჩი ცუდად დავიწყე, შემდეგ კი მოვუმატე და გავიტანე. ჩემი პოზიცია ნდობას საჭიროებს. მე არც ცენტრალური მცველი ვარ და არც მეკარე. არ შემიძლია, პასს მუდმივად 5 მეტრში მყოფს ვაძლევდე. ჩემი მოვალეობა მეტოქე ფეხბურთელის მოტყუება და თანაგუნდელის მეკარესთან პირისპირ გაყვანაა. ზოგჯერ თვითონაც უნდა გავიტანო. ასეთ დროს შეცდომები არის. 1-2-ჯერ რომ დავუშვებ შეცდომას, მესამედ გამომივა.

- კარერა პირლოს როლში აპირებდა შენს გამოყენებას. ჯერ არ უცდია?
- სცადა, წინა შეკრებაზე საყრდენ ნახევარმცველად მათამაშა. თამაში შეტევაში დავიწყე და თითქოს ნორმალურად გამომდიოდა. ეს პოზიცია ჩემთვის უცხო არ არის - ჯერ კიდევ ეროვნულ ნაკრებში ამ პოზიციაზე კახა ცხადაძე მათამაშებდა. მოედნის ცენტრში დაახლოებით 7-8 მატჩი ჩავატარე.

- როგორია 17 წლის ასაკში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში?
- ოჰ... იტალიელებს თამაშამდე ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.

- გუნდელები გეხმარებოდნენ?
- რა თქმა უნდა. ეს ხომ ჩემი პირველი მატჩი იყო მოქალაქეობის შეცვლის შემდეგ. ნახევრად რუსი ვარ, მიყვარს რუსეთი და პატივს ვცემ, მაგრამ წამითაც არ მიფიქრია, საქართველოს ნაკრებზე უარი მეთქვა.  ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი და ასე ვფიქრობდი: თუ კარგი ფეხბურთელი ხარ, პასპორტის ფერის მიუხედავად ყველგან ითამაშებ.

რამდენიმე მატჩი, შესაძლოა, ამის გამოც გამოვტოვე, განსაკუთრებით, პირველ წლებში, როცა გუნდში ბევრი უცხოელი იყო: ველიტონი, ალექსი, იბსონი. ლიმიტი რომ არა, ახლა 200 თამაში მექნებოდა "სპარტაკში" ჩატარებული, მაგრამ ეგ არაფერი...

- იმ მატჩიდან რა დაგამახსოვრდა?
- საქმეც მაგაშია, რომ არაფერი. 0:2 წავაგეთ. თუმცა არა, ერთი მოგონება დამრჩა - კანავაროს მაისური გავუცვალე.

- "ოქროს ბურთის" მფლობელი კანავარო...
- ფაბიოს პირველი ტაიმის შემდეგ ვკითხე: "შევძლებთ მერე მაისურების გაცვლას?" და მიუხედავად იმისა, რომ მატჩი სრულად არ ჩამიტარებია, კანავაროს ჩემი თხოვნა არ დავიწყებია. მატჩის დასრულების შემდეგ თავად მოვიდა და მაისური მომცა.

- კალაძის ორი ავტოგოლი - ესეც იშვიათი შემთხვევაა...
- ნებისმიერს შეიძლება ეს დაემართოს. ამას წინათ წავიკითხე, ჩინეთის ჩემპიონატში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ოთხი ავტოგოლი გაიტანა.

- საქართველოს ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის მცირე შანსი აქვს?
- მოლდოვა რომ დაგვემარცხებინა შინ, 4 ქულა გვექნებოდა და შანსი დიდი იქნებოდა, მაგრამ 1:1 ვითამაშეთ. თეორიული შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, პრაქტიკულად კი...

- პირველ წლებში რუსული მართლა ცუდად იცოდი თუ ჟურნალისტებთან იმიზეზებდი?
- არა, მართლა. სკოლაში რუსული ენა არ მისწავლია - უკრაინაში შევისწავლე ოდნავ. როცა რუსულად საუბარი დავიწყე, თქვენს კოლეგებს ინტერვიუზე უარს ვეუბნებოდი. ჩემი აქცენტის გამო კამერების დღემდე მრცხვენია.

- წელს იუბილე გაქვს - "სპარტაკში" მოსვლიდან 10 წელი გადის...
- "სპარტაკში" ჩემს დაბადების დღეზე მოვედი - 2007 წლის 10 ოქტომბერს. ჯერ 1992-წლიანებთან ვივარჯიშე, შემდეგ - 1991-იანებთან. ყველგან მნახეს და 4 დღის შემდეგ თქვეს, ვიტოვებთო.

- 24 წლის ასაკში თავს გუნდის ვეტერანად ხომ არ თვლი?
- არა. მაინც ახალგაზრდად ვითვლები - როგორც წესი, ჩემზე უფროსები მოდიან გუნდში.

- გიორგი ჯიქია შენი მეურვეობის ქვეშაა?
- ეს მას არ სჭირდება. ჯიქია კეთილი, მხიარული ბიჭია. ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა. ჩემი დახმარების გარეშეც შესანიშნად მოერგო გუნდს. ერთია, რომ ტექნიკა აქვს არაქართული (იცინის), მაგრამ ეგ არაფერი - გამოვასწორებთ.

- ანუ არის უკვე ვიღაც, ვისთანაც ქართულად ისაუბრებ?
- ქართულად პრაქტიკულად არ საუბრობს - მოსკოვში დაიბადა, აქ გაიზარდა და რუსულ სკოლაში დადიოდა. მელქაძეს ჰქონდა ანალოგიური პრობლემა, მაგრამ ენის საკითხში ძალიან მოუმატა. ჯიქიაც მოუმატებს, თუ ყოველდღე იმეცადინა. მაგრამ ხომ გესმით, აქ სკოლა არ გვაქვს, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია. თამაშია საჭირო.

- "როსტოვს" თუ არ ჩავთვლით, "სპარტაკიდან" წასვლასთან ახლოს ყოფილხარ?
- ახლოს არა. რეალური წინადადებები წინა წელს მქონდა, მაგრამ როგორც კი "სპარტაკმა" ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, დანარჩენი ვარიანტები აღარც განმიხილავს. რა აზრი აქვს სადმე გადასვლას, როცა ჩემი გუნდი სატურნირო ცხრილში პირველია, მე კი სტაბილურად ვთამაშობ და ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ?

ახლა მხოლოდ ერთი რამ მსურს - მინდა ვითამაშო და "სპარტაკის" ლეგენდა გავხდე.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მსიამოვნებს ძმაო შენი თამაშის ყურება,ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი ხარ ნაკრებში.დანარჩენები ჩვენს ნაკრებში პუბლიკის ფეხბურთელები არიან
დელიგლაზოვა
10:40 25-02-2017
0
ხვეწნა კი არ დაუწყეს, კაცურად აირჩია საქართველოს ნაკრები.. ჯანო ჩვენიანია!! ნაკრებს ჯანო ჰაერივით ჭირდება!!
ზაზა
09:16 24-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული