ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან ყენია: იმედია, სწრაფად გავა ეს ორი თვე...

AutoSharing Option
ლევან ყენია მაგრად დაითარსა. საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველს მთლიანად გაუცდა გასული სეზონი იმ ტრავმის გამო, რომელიც პრაღის "სლავიასა" და "ანდერლეხტს" შორის ევროპალიგის პლეი ოფის მატჩის წინ მიიღო.

ყენია მას მერე უქმობს. პაუზა ძალიან დიდია. ალბათ, ქართველ გულშემატკივარს ძალიან მოენატრა ყენიას თამაში - ის ემოცია, რომელიც მას შეუძლია, გულშემატკივარს აჩუქოს...

მაგრამ ყენია ბედს არ ურიგდება. კიდევ ერთი ოპერაცია, სარეაბილიტაციო პერიოდი, გადალახული დაბრკოლებები - ფეხბურთელს, რომელიც ტრავმებმა გატანჯა, სირთულეებით ვერ გააკვირვებ...

ფაქტია, მის კარიერაში ოდესმე უნდა დასრულდეს უიღბლობის პერიოდი. ეს მას
საშუალებას მისცემს, სრული დატვირთვით ივარჯიშოს და ითამაშოს. თუ ასე მოხდა, მას შეუძლია, კვლავაც ფასეული ფიგურა იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.

მაშ ასე, პირველი ინტერვიუ ლევან ყენიასთან ოპერაციის შემდეგ...

- ლევან, რა თქმა უნდა, თავდაპირველად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებს...
- მადლობა, რომ მომიკითხეთ. მედიის თანადგომას სულ ვგრძნობ, მადლობა ქართველ გულშემატკივარსაც!.. რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყველაფერი კარგადაა, ოპერაცია გავიკეთე და ახლა სარეაბილიტაციო კურსს გავდივარ.

- როდის და სად გაიკეთეთ ოპერაცია?
- სამი კვირის წინ, გერმანიაში გავიკეთე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რეაბილიტაციის მხრივაც ნორმალურად მიდის პროცესი.

- რამდენ ხანს გრძელდებოდა ოპერაცია და ვინ ჩაატარა ის?
- დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოპერაცია კოსტმაიერმა გამიკეთა, გერმანიაში ცნობილი ქირურგია.

- და რამდენ ხანს გასტანს სარეაბილიტაციო პერიოდი?
- ორი თვე. ამის მერე გუნდთან ერთად ჩვეულებრივად შევუდგები ვარჯიშს.

- "სლავიასთან" მიმართებაში რა ხდება? რა ისმის კლუბისგან?
- განსაკუთრებული არაფერი. ზაფხულში მიმთავრდება კონტრაქტი.

- დარჩებით გუნდში?
- ახლა ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. რა და როგორ იქნება ზაფხულში, დღეს ამის თქმა ძალიან ძნელია.

- ალბათ, ძალიან მოგენატრათ ფეხბურთი...
- ძალიან! იმედია, სწრაფად გავა ეს ორი თვე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ