მებრძოლი წითური, შინაური ვაკო და ყოჩაღი ანატოლი - უკრაინელებმა ქართული ლეგიონი მოიკითხეს

AutoSharing Option
უკრაინულმა გამოცემა "სპორტარენამ" უცხოეთში დასაქმებულ თანამემამულე მოთამაშეებსა და მწვრთნელებზე წერილი გამოაქვეყნა. 2016 წლის გამორჩეულ ლეგიონერებში საქართველოში მოთამაშე უკრაინელებიც ახსენეს. მათ არც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია დავიწყებიათ, რომელსაც დიდ ფეხბურთში გზა უკრაინელებმა გაუხსნეს და, ერთი ხანობა, მათ ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა.

"ზაფხულში "მინსკიდან" ბატე-ში გადასული ვაკო გვილია არჩევანში აშკარად არ შემცდარა. ამ პერიოდში მან მოასწრო არა მხოლოდ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, არამედ, ბორისოვოელთა შემადგენლობასაც უცებ გაუშინაურდა. ნიშანდობლივია, რომ იმ 4 შეხვედრაში, რომელშიც ვაკომ გაიტანა, ბატე-მ კარის "მშრალად" შენახვა ვერ მოახერხა. საქართველოს საუკეთესო
ფეხბურთელის გამოვლენისას კი გვილია მხოლოდ ნაკრებში თავის პარტნიორს, "კრასნოდარის" შემტევ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს ჩამორჩა", - წერს გამოცემა.

მათ არც "სამტრედიაში" მოთამაშე უკრაინელები გამორჩენიათ. ცნობილია, რომ გია მანჯგალაძესა და გიორგი გამყრელიძეს ამ ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ:

"საქართველოს ჩემპიონატი მოკლე, დამაინტრიგებელი პლეი ოფების ფორმატით გაიმართა. მომავალმა ტრიუმფატორმა "სამტრედიამ" ჯგუფში თბილისის "დინამოს" 7-ქულიანი უპირატესობით აჯობა, ფინალურ თამაშებში კი საჩხერის "ჩიხურა" დაამარცხა. არსებობის ისტორიაში ამ კლუბმა ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.

შემტევი ნახევარმცველი გიორგი გამყრელიძე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეობით ვერ დაიკვეხნიდა. სასტარტოში მხოლოდ 3-ჯერ მოხვდა და გოლითაც თავი ერთხელ გამოიჩინა. გია მანჯგალაძე კი კლუბში ჩარიცხვისთანავე ძირითადის ფეხბურთელი გახდა. იმის მიუხედავად, რომ აღნაგობით არ გამოირჩევა, წითურთმიანი საყრდენი ნახევარმცველი ორთაბრძოლებში შეუპოვრობით ჯერ კიდევ უკრაინაში თამაშისას დაგვამახსოვრდა. საქართველოში კი, სადაც ბრძოლა გაცილებით მეტია, მათ შორის - ძალისმიერი, ეს თვისებები განსაკუთრებით წაადგა".

წერილში ბათუმის "დინამოს" მეკარეც ახსენეს:

"ეს გუნდი პლეი ოფში გავიდა და მიყოლებით ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" დაამარცხა. მათ კარში მეკარე ანატოლი ტიმოფეევი იდგა. "ნაფტავიკ-უკრნაფტის" ექსკიპერი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საიმედო მეკარე გახლდათ. მან ჩემპიონატის მსვლელობისას 9 "მშრალი" თამაში ჩაატარა. მისი კარის ერთზე მეტად აღება მხოლოდ ქუთაისის"ტორპედომ" მოახერხა. ბრავო ანატოლი"!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერაბი
გამყრელიძე გაუშვეს სამტრედიიდან!ეს კარგა ხანია უკვე!
M.S.
23:37 20-02-2017
0

სიახლეები პოპულარული