ლაშა პარუნაშვილი: კაკაბაძის სიტყვები "ესბიერგზე" ბოლომდე გამართლდა

AutoSharing Option
24 წლის ლაშა პარუნაშვილი კარიერას დანიურ "ესბიერგში" რომ გააგრძელებს, ეს ამბავი უკვე იცით. ეს დანიური კლუბი ქართველებისთვის შინაური გახდა. პარუნაშვილის გარდა, იქ ოთარ კაკაბაძე და ბუდუ ზივზივაძეც ითამაშებენ...

ლაშას დანიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- კიდევ ერთხელ "ესბიერგში" ტრანსფერზე. როგორ გადაწყდა ეს ამბავი? ვიცით, რომ იყო პლოცკის "ვისლას" ვარიანტიც...
- დიახ, იყო ეს ვარიანტიც, მაგრამ არჩევანი "ესბიერგის" სასარგებლოდ გავაკეთე. კლუბის სპორტულმა დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ ნანახი ჰქონდა ჩემი თამაში. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ტედ ვან ლეუვენმა თქვა კიდეც - ხუთი
წელია, თვალს ვადევნებ პარუნაშვილის თამაშსო. მანვე მითხრა, რომ მწვრთნელსაც მოვწონდი, ოთარ კაკაბაძე და ბუდუ ზივზივაძეც აქ იყვნენ და ეს ფაქტორი ადაპტაციას გამიადვილებდა. მოკლედ, ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ აღმოვჩნდი "ესბიერგში".

- როგორ დაგხვდნენ კლუბში? უკვე გაიცანით თანაგუნდელები, მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა?
- ფეხბურთელები ძალიან კარგად დამხვდნენ. აქ რომ მოვდიოდი, ზუსტად ეს მითხრა ოთარ კაკაბაძემ და მისი სიტყვები ბოლომდე გამართლდა - ერთ მუშტად შეკრული, მეგობრული გუნდია. ხელმძღვანელობისგანაც ყველანაირ მხარდაჭერას ვგრძნობ.

- "ესბიერგში" მე-6 ნომრით ითამაშებთ. თავად აირჩიეთ ნომერი?
- ამაზე ჯერ კიდევ მაშინ დამირეკეს, როცა თბილისში ვიყავი და შემომთავაზეს მე-6 ნომრით თამაში. დავთანხმდი. კარგი ნომერია...

- ზოგადად, რა წარმოდგენა გაქვთ დანიის სუპერლიგაზე?
- ვიცი, რომ საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია. ეს იმითაც მტკიცდება, რომ დანიას ხშირად ჰყავს წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგაში. ჩემპიონატის მატჩებსაც ბევრი მაყურებელი ესწრება, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ...

- ხართ თუ არა ოპტიმალურ ფორმაში? ბოლო დროს უგუნდოდ იყავით, თუმცა, ალბათ, დაგეხმარათ საქართველოს ნაკრების შეკრება...
- ჯერ არ ვარ ოპტიმალურ ფორმაში. ამდენი ხნის განმავლობაში უგუნდოდ ვიყავი. ამას თან დაერთო ტრავმა. "ესბიერგში" ყველა პირობაა იმისთვის, რომ ოპტიმალურ კონდიციებში შევიდე. თან დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ჩემი ტრანსფერი ოფიციალურად დარეგისტრირდეს. აქედან გამომდინარე, ალბათ, პირველი ორი მატჩის გამოტოვება მომიწევს და დრო მექნება ფორმაში შესასვლელად.

საქართველოს ნაკრების შეკრება ძალიან დამეხმარა. გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და არა ინდივიდუალურად. მინდა, მადლობა ვუთხრა ვლადიმირ ვაისს ამ ნდობისთვის. ვგულისხმობ როგორც შეკრებაზე გამოძახებას, ისე ეროვნულ გუნდში ჩემს დებიუტს.

- ენის პრობლემა, ალბათ, არ გაქვთ, რადგან ინგლისურად კარგად ლაპარაკობთ...
- დიახ, ნამდვილად არ მექნება ენის პრობლემა.

- "ესბიერგის" მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს, თუმცა ვიცით ისიც, რომ მომავალი სეზონისთვის უფრო ძლიერი გუნდის გაკეთებას აპირებენ...
- ამ ეტაპზე მართლაც ასეთი მდგომარეობაა. ბრძოლა მოგვიწევს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. რაც შეეხება მომავალ სეზონს, იმედი მაქვს, უფრო დიდი მიზნებისთვის მოგვიწევს ბრძოლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაშა წარმატებებს გისურვებ, იმედი მაქვს ქართველები ერთად ყოფნას დადებითად გამოიყენებთ და გვასახელებთ შუა ევროპაში. მაღალი ღმერთი იყოს შენი შემწე სპორტშიც და პირად ცხოვრებაშიც.
gizog
18:02 16-02-2017
0
მეტი არა ჰემი მტერი ეგ დარჰეს უმაგლეს ლიგაჰი
hako
16:11 16-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული