ჯიმი ტაბიძე: "ურალის" მწვრთნელმა მითხრა, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო

AutoSharing Option
ჯიმი ტაბიძე რუსეთში რომ ისინჯებოდა, ეს სიახლე იქაურმა მედიამ გაავრცელა. 20 წლის მცველი ბელგიურ "გენტში" 2015 წელს "საბურთალოდან" გადავიდა, თუმცა დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, მთავარ გუნდში კი ვერა და ვერ დაწინაურდა.

ტაბიძე ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იანვარში, უზბეკეთსა და იორდანიასთან ამხანაგური შეხვედრებისთვის მიიწვია. შეკრების შემდეგ ტაბიძე ბელგიის ნაცვლად, "ურალში" აღმოჩნდა - ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა რუსეთის პრემიერლიგელის შემადგენლობაში თურქულ შეკრებაზე "უფასთან" ითამაშა.

მაგრამ რუსული სააგენტო TACC-ის ცნობა, თითქოს ახალგაზრდა ქართველი "ურალში" ისინჯებოდა, არასწორი გამოდგა. ეს ფეხბურთელის მენეჯერმა ლაშა ჯაკობიამ გვითხრა.

"სინამდვილეში, ჯიმი
ტაბიძე "ურალში" გასინჯვაზე არ წასულა. მისით დაინტერესებულია გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ტარხანოვი. რუსები კვიპროსში ემზადებიან, სადაც ოთხშაბათს მე და ტაბიძის აგენტი ჩავფრინდებით და კლუბის პრეზიდენტს დაველაპარაკებით. აქამდე ამას ფიზიკურად ვერ ვახერხებდით და ტარხანოვმა გვითხრა, თავად მაინც ჩამოვიდეს, ჩვენთან იყოს, ივარჯიშოს და გუნდს შეეგუოსო. მას ჯიმი ძალიან მოსწონს და დაინტერესებულია, რომ ბელგიურ მხარესთან ყველა საჭირო საკითხი მოაგვაროს", - ამბობს ჯაკობია.

მისივე თქმით, ეკატერინბურგულ კლუბს ორი ვარიანტი შესთავაზეს: "ახლა ლაპარაკია "გენტიდან" მის 6-თვიან იჯარაზე ან ტრანსფერის გამოსყიდვასა და 1,5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე. იმედია, რუსული კლუბის ხელმძღვანელთან შევთანხმდებით და "გენტის" დუბლების ნაცვლად, რუსეთის პრემიერლიგის გუნდში დარჩება.

ტაბიძე ნიჭიერი ბიჭია და ასეთ დონეზე თამაში და გამოცდილება აუცილებლად წაადგება".

გუშინ გვიან თავად ჯიმი ტაბიძესთან კვიპროსში დაკავშირებაც მოვახერხეთ:

- როგორც შევიტყვეთ, გასინჯვის ნაცვლად, "ურალთან" მიმდინარეობს მოლაპარაკება ტრანსფერის გამოსყიდვაზე...
- დიახ, ასეა. გასინჯვაზე სიტყვაც არ თქმულა.

- აბა, რუსულ მედიაში რატომ დაიწერა, თითქოს ისინჯებოდით?
- საქმე ისაა, რომ "გენტთან" კონტრაქტი 6 თვის შემდეგ მიმთავრდება და საერთოდ არ მსურდა, ჩემი გვარი გაჟღერებულიყო. მაგრამ დაწერეს და თანაც - ასეთი უცნაური ინტერპრეტაციით. გუნდის შეკრებაზეც მენეჯერებთან ერთად 8 თებერვალს უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ მწვრთნელმა მითხრა - თუ შეგიძლია, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო.

- უფრო რეალური იჯარით გადასვლაა თუ ტრანსფერის გამოსყიდვა?
- პირადად მე, ექვსთვიანი იჯარა მირჩევნია.

- რატომ?
- იჯარის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გავხდები და "ურალი" უპრობლემოდ ამიყვანს. ტრანსფერის გამოსყიდვაზე კი ვერაფერს გეტყვით, რადგან არავინ იცის, რა თანხას მოითხოვენ ბელგიელები.

- "გენტში" დარჩენა აღარ გსურთ?
- ცხადია, ბელგიის მთავარ ლიგაში და "გენტის" მთავარ გუნდში რომ მეთამაშა, წასვლაზე არც ვიფიქრებდი, მაგრამ იქ დუბლებში ყოფნას რუსეთის პრემიერლიგაში თამაში მირჩევნია. დამიჯერეთ, აქ ფინანსები არაფერ შუაშია, 20 წლის ვარ და ჩემთვის დუბლების დონეზე დარჩენა აღარ შეიძლება.

- რუსებმა იჯარაზე უარი რომ თქვან?
- იმედია, მოლაპარაკება ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით დასრულდება. გამოსავალი უნდა არსებობდეს.

- "გენტში" თამაში კარგად დაიწყეთ, საკონტროლო შეხვედრებშიც მონაწილეობდით და თითქოს, პერსპექტივაც გამოჩნდა, მაგრამ 2016 წლიდან უცნობი მიზეზის გამო საქმეები აგერიათ. ასეთი რა მოხდა?
- თავიდან მართლა ყველაფერი კარგად მიდიოდა. დიდი კონკურენცია იყო და გამოუცდელ მოთამაშეს ვერ მენდობოდნენ, მაგრამ შანსი მაინც ჩანდა. ყველაფერი ერთი უიღბლო შემთხვევის შემდეგ აირია. საქმე ისაა, რომ შარშან გაზაფხულზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე მოვემგზავრებოდი, როცა სტამბოლის აეროპორტში საფულე ამომაცალეს თუ დავკარგე, იქ კი პასპორტი მქონდა. სანამ ახალი პასპორტი გავაკეთე, ამასობაში ევროპას ტერაქტების სერიამ გადაუარა და ვიზების გაცემა გართულდა. ამის გამო 3 თვე გამიცდა. როცა დავბრუნდი, ისეთი დამოკიდებულება აღარ იყო ჩემ მიმართ, როგორიც თავიდან.

- ბელგიური პერიოდით უკმაყოფილო ხართ?
- არა, რატომ? იქ თამაშის დამსახურებაა, ეროვნულ ნაკრებში რომ ვითამაშე. სხვათა შორის, პირადად ჩემით ვაისი კმაყოფილი დარჩა, რამაც გამახარა. ბელგიაში საგრძნობლად გავიზარდე, ბევრი ვისწავლე და ავითვისე. თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე წასვლამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ გენკი რაა და იქ ფეხვერმოკიდებული ფეხბურთელი... მიზეზთა გამო ამ ბავშვის წარმატება განსაკუთრებით გამახარებს,მაგრამ უფრო პირად ცხოვრებას თუ კეთილმოიწყობს. ძალიან გამიხარდება თუ შევცდები.
გიორგი 78.
12:26 09-02-2017
0
წარმატებები ჯიმის
aaaaaaaaaa
23:46 08-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული