[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"

AutoSharing Option
ჩრდილიდან 2015 წელს გამოვიდა და თანაც ისე, რომ ყველა გააოცა: ბევრი გუნდისგან დაწუნებული ფეხბურთელი, უცბად, ჩვენი ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშე გახდა! გაზეთმა "ლელომ" და კომპანია "ლიდერბეთმა" კი ბუდუ ზივზივაძეს ასეთი აღმასვლა დაუფასა და ორი პრიზი გადასცა: 2015/16 წლების სეზონის აღმოჩენის და გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი!...

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ "ესბიერგში" გააგრძელებს. "სამტრედიას" ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელიც გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, დანიურ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბუდუ ზივზივაძე "ლელოს" რედაქციაში დანიაში გამგზავრებამდე გვესტუმრა და ვრცელი ინტერვიუ ჩამოვართვით.

ქუთაისელი
ნახევარმცველი იმედიდან
- იმედია, ამ პრიზებსა და შენი ჯილდოების კოლექციას მომავალში ბევრად მეტი შეემატება. საინტერესოა, პირველი პრიზი თუ გახსოვს?
- იმას რა დამავიწყებს. 10 წლის ვიყავი, ქუთაისის საფეხბურთო სკოლა "იმედის" გუნდი ტურნირზე გავიდა და საუკეთესო ბომბარდირი გავხდი.

- ფეხბურთზე რა ასაკში შეხვედი?
- ვარჯიში ქუთაისში დავიწყე, 8 წლის შემიყვანეს. პირველი მწვრთნელი მამუკა ხუნდაძე იყო, რომლის დამსახურებაც არის, ფეხბურთი კიდევ უფრო რომ შემიყვარდა. სხვათა შორის, თავიდან ნახევარმცველი ვიყავი, თავდასხმაში კი 10 წლიდან გადამწია.

- იმ პირველ პრიზს დღემდე ინახავ?
- რა თქმა უნდა, ქუთაისში, სახლში მაქვს. რამდენი პრიზიც არ უნდა ავიღო, ის ჩემთვის მაინც გამორჩეული იქნება.

- იმ ამბებიდან გავიდა 12 წელი და აი, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდი!
- 2016 წლის ბოლოდან იმდენი პრიზი მივიღე, ხელში ვეღარ ვიჭერ (იცინის)... სხვათა შორის, ბავშვობის შემდეგ ინდივიდუალური პრიზი არ მიმიღია და რა თქმა უნდა, ამის გამო ეს აღიარებები ორმაგად სასიხარულოა. რაც უნდა სუსტი ჩემპიონატი გვქონდეს, საუკეთესო ბომბარდირობა და, მით უფრო, საუკეთესო ფეხბურთელობა ყველგან დიდი აღიარებაა. მაგრამ, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობაც არის - ამაზე "ქვემოთ ჩამოსვლას" არ გაპატიებენ.

- თბილისში როგორ აღმოჩნდი?
- 14 წლის ვიყავი, "იმედის" შემადგენლობაში თბილისში "ოლიმპის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში რომ ვითამაშე. პირველ 5 წუთში 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ, საბოლოოდ 2:6 წავაგეთ; თუმცა გია ცეცაძეს მოვეწონე, რომელიც მაშინ "ოლიმპს" ავარჯიშებდა. მაგრამ სანაკრებო პერსპექტივის გამო, 35-ე სკოლაში გოჩა ავსაჯანიშვილთან გადავედი, მწვრთნელი კი თემურ ლორთქიფანიძე იყო, რომელიც ახლა "სამტრედიას" ფიზმომზადების მწვრთნელია - მან ბევრი რამ მასწავლა. 17 წლისას თბილისის "დინამოს" სელექციონერ თემურ უგრეხელიძესთან რეკომენდაცია გამიწია - ასე აღმოვჩნდი "დინამოში", სადაც სამწელიწადნახევარი გავატარე.

Sportall.Ge

რთული ისტორია დინამოში...
- თავიდან "დინამოში" ყველაფერი კარგად მიდიოდა და პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდი. მაგრამ მთავარ გუნდში თავის გამოჩენა რატომ ვერ მოახერხე?
- ეს რთული ისტორიააა. თავიდან, სადაც მეუბნებოდნენ, იქ ვთამაშობდი - "დინამო 2"-ში, დუბლებში, ჭაბუკთა ლიგაში. ამავე პერიოდში სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც მიწვევდნენ. მაგრამ მთავარ გუნდში რატომღაც საქმე ვერ ამეწყო.

Sportall.Geჩემი აზრით, მთავარი მიზეზი მწვრთნელების ხშირი ცვლა იყო. უცხოელი სპეციალისტების მთავარი ამოცანა შედეგი იყო, ქართველ ახალგაზრდებს კი არც გვიცნობდნენ, არც გვენდობოდნენ და ბუნებრივია, შანსსაც თითქმის არ გვაძლევდნენ.

ამის გამო, 2015 წლის ზაფხულში ბათუმის "დინამოს" შეკრებაზე გავყევი. მაგრამ ევროსეზონის ნაადრევად და წარუმატებლად დასრულების შემდეგ, "დინამოს" იმდროინდელი მწვრთნელი, ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი მოხსნეს, გუნდის გაახალგაზრდავება დაიწყეს და ბათუმიდან სასწრაფოდ დამაბრუნეს.

ვიფიქრე, ახლა მაინც მომეცემა შანსი-მეთქი. მაგრამ მთელ სეზონში მხოლოდ 23 წუთი ვითამაშე და ისიც 0:3 წაგებული მატჩის ბოლოს.

ფეხბურთელი მარტო ვარჯიშით ვერ გაიზრდები, უთამაშებლად კი ფსიქოლოგიურად ითრგუნები. ასეთი დამოკიდებულების გამო, 6 თვით ქუთაისის "ტორპედოში" წავედი. იქ ბევრად მეტი შანსი მქონდა და მინდოდა, ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდში გამომეჩინა თავი. მაგრამ ვერ მოვახერხე და ეს უკვე ჩემი ბრალი იყო - ფაქტობრივად, მთელი წლის უთამაშებლობამაც იმოქმედა და იმანაც, რომ უმაღლეს ლიგასთან შეგუებული არ ვიყავი.

ამ დროს "გამოჩნდა" გია ცეცაძე და "სამტრედიაში" გადასვლა შემომთავაზა.

- "ტორპედოში" დარჩენა არ შემოგთავაზეს?
- ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გავიგე, რომ 2015/16 წლების სეზონში გია ცეცაძე ან ლანჩხუთის "გურიაში" იმუშავებდა, ან "სამტრედიაში". მიხარია, რომ მას გავყევი.

Sportall.Ge

ნაკლი თავით თამაშია
- მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, "სამტრედია" რომ თბილისის "დინამოს" რეალურ კონკურენციას გაუწევდა.
- იმ სეზონის პირველი წრე შეთამაშებისთვის გამოგვადგა. მაგრამ მეორე წრეში ავთამაშდით და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ეს ჩემი პირველი მედალი იყო. გარდამავლ ჩემპიონატში კი, დამეთანხმებით, "სამტერდია" ყველას სჯობდა. ეს ინდივიდუალური პრიზები და გუნდის ჩემპიონობა გია ცეცაძის დამსახურებაა. მიცნობდა, მენდობოდა, მათამაშა და მეც იმედი გავუმართლე

- გარდამავლი ჩემპიონატის მსვლელობისას როდის მიხვდი, რომ საუკეთესო ბომბარდირობისა და ფეხბურთელობის შანსი გქონდა?
- ბომბარდირობის რწმენა წინა სეზონში ნაჩვენები შედეგების გამო გამიჩნდა. პირადად ჩემთვის კარგი სეზონი იყო, 16 ბურთი გავიტანე და საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზე გავედი. გარდამავალ ჩემპიონატში კი მიზნად პირველი გოლეადორობა დავისახე. თავიდან თეიმურაზ შონია ლიდერობდა, მერე - საბა ლობჟანიძე, მაგრამ თამაშები აგვეწყო, მეც გოლები გამქონდა და, სხვათა შორის, ერთი პენალტიც არ გამიტანია.

საუკეთესო ფეხბურთელობის იმედი სხვა საქმეა, ამაზე სერიოზულად სამტრედიაში გამართული პირველი საჩემპიონო პლეი ოფის მატჩის შემდეგ დავფიქრდი.

- პირდად შენს ნაკლად რას მიიჩნევ?
- თავით თამაშს. პირველ ლიგაში "დინამო 2-ში" რომ ვთამაშობდი, აი, იმის მერე თავით გოლი არ გამიტანია. შესაძლოა, მიზეზი "სამტრედიას" სათამაშო სტილიც იყოს - ბურთი სულ ქვემოთ გორავს, უაზრო ჩაწოდებები ჩვენი სტილი არაა.

Sportall.Ge

ახდენილი ოცნება
- სანაკრებო თემაზეც ვილაპარაკოთ. რეალურად, გულშემატკივარმა ასაკობრივი ნაკრებებიდან გაგიცნო.
- კობა ჟორჟიკაშვილმა 17-წლამდელებში ელიტრაუნდზე გუნდის გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ამიყვანა. ეს კურიოზული შემთხვევის შედეგად მოხდა - ბაჩანა არაბული დაშავდა და მე მხოლოდ ბოლო ვარჯიშზე მიმიწვიეს. გია ცეცაძე კი დანიშვნის დღიდან მიწვევდა. მისი ასისტენტი მაშინაც თემურ ლორთქიფანიძე იყო და ურჩია, ჩემს თამაშებზე ევლო. მაშინ "დინამო 2-ში", პირველ ლიგაში ვთამაშობდი, გიას ყურადღებას ვგრძნობდი და ვცდილობდი, თავი გამომეჩინა.

ელიტრაუნდში ბელგიას, ინგლისსა და შოტლანდიას შევხვდით. მათთან ბრძოლა წარმოუდგენლად ჩანდა. მაგრამ მოხდა სასწაული და იმ ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით. თანაც, შოტლანდიას 9 კაცით მოვუგეთ - ერთი გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემაც გავაკეთე.

მერე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ვითამაშეთ, სადაც ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოვხვდით.

- თუმცა, ეს შენს საკლუბო კარიერაზე არ აისახა. ბევრი არც ახალგაზრდულ ნაკრებში გითამაშია.
- ახალგაზრდულში? პირველად ლუქსემბურგთან ვითამაშე, ალექსანდრე ჩივაძის დროს; მერე კი გია გეგუჩაძემ უკრაინასთან მათამაშა. აი, სულ ეს იყო - ორიოდე მატჩი; ანუ, ახალგაზრდულ ნაკრებში ძირითადის ფეხბურთელად არ მოვიაზრებოდი...

- სულ ახლახან კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გქონდა დებიუტი, უზბეკეთსა და იორდანიასთან ამხანაგურ მატჩებში...
- ბავშვობის ოცნება 22 წლისას ამიხდა. ვცდილობდი, არ გავჩერებულიყავი, მემოძრავა და სასარგებლო ვყოფილიყავი, კარგი საგოლე მომენტიც მქონდა. თამაშის შემდეგ გავიგე, რომ 11 კილომეტრი მირბენია...

- შენი თამაშით კმაყოფილი დარჩი?
- კმაყოფილი როგორ ვიქნები, როდესაც თავი ვერ გამოვიჩინე?! მეტი უნდა გამეკეთებინა. ახალ გუნდში გადასვლამდე ძალიან აფორიაქებული ვიყავი და ამან ძალიან იმოქმედა... ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, რა იქნებოდა.

- "ესბიერგის" ვარიანტი ნაკრების შემდეგ გამოჩნდა?
- მანამდე გამოჩნდა, მაგრამ ტრანსფერის ამბავი ნაკრების შემდეგ გადაწყდა.

- ვლადიმირ ვაისზე რას იტყვი?
- ვაისის მადლიერი ვარ, ეს შანსი რომ მომცა. მაგრამ არ მინდა, ჩემი სანაკრებო კარიერა ამით დასრულდეს. ამიტომ მიხარია, რომ დანიაში მივდივარ. ეს ჩემი შანსია.

Sportall.Ge

კბენა კი უყვარს, მაგრამ...
- სხვათა შორის, გულშემატკივარს იმედი ჰქონდა, რომ ბევრად უკეთეს გუნდში გადახვიდოდი...
- წლევანდელი პრიზების გამო ბევრს ჰგონია, რომ ტოპ-ლიგაში თუ არა, ძლიერ გუნდში მაინც უნდა გადავსულიყავი. მაგრამ ევროპაში ქართველის მოხვედრა ადვილი არაა. ქედმაღლურად კი არ ვამბობ, უბრალოდ, განვითარება მსურს და მიუხედავად იმისა, რომ დანიის ეს გუნდი გრანდი არ არის, კარიერის იქ გაგრძელება სჯობდა. ასე ნაკრებში მოხვედრის მეტი შანსი მექნება.

- ბევრ ფეხბურთელს საკუთარი კარიერა არასწორი ტრანსფერით დაუნგრევია. ბუნებრივია, ამაზე იფიქრებდი...
- მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს. იყო სხვა ვარიანტები, ავსტრია, პოლონეთი, კვიპროსი. ოპტიმალურად დანია მივიჩნიე, რადგან იქაური ფეხბურთი და სუპერლიგა საკმაოდ კარგი დონისაა და გაზრდა შეიძლება.

- საერთოდ, რომელი ლიგა და ფეხბურთელი მოგწონს?
- ბევრი ასეთი ლიგაა. ფეხბურთელებიდან კი - ინიესტა. გაგიკვირდებათ, მაგრამ საერთოდ, ცენტრალური ნახევარმცველების პოზიცია მიზიდავს - ეტყობა, ეს ბავშვობიდან გამომყვა.

- თავდამსხმელებიდან?
- (იცინის) კბენა კი უყვარს, მაგრამ საუკეთესოდ მაინც ლუის სუარესი მიმაჩნია.

- 2016 წელი გამორჩეულად ჩაატარეთ, გისურვებთ, რომ 2017 წელს უფრო მეტი სიხარული და წარმატება მოეტანოს.
- დიდი მადლობა "ლელოს"! მე სწორედ ამის იმედი მაქვს!

მერაბ მამულაშვილი
გია ტუხაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 12 /
მთავარია მოინდომე და ითამაშე ისე რომ ქვეყანას გამოადგე!
rexeli
10:35 05-02-2017
0
წარმატება ვუსურვოთ!
რა გჭირთ ხალხო? სამტრედიაში დარჩენილიყავი სჯობდა დანიასო :))) გასაგებია რომ ის გუნდი ძლიერი არ არის, მაგრამ პირობები???
giorgi
00:36 05-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული