SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!

AutoSharing Option
8 და 9 ივლისს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის მორიგ ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა.

საფეხბურთო კლუბი პსპ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის სუპერლიგა A-ს გათამაშების ჩემპიონია! "ფარმაცევტებმა" 8 ივლისს გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ვარსკვლავური შემადგენლობით" დაკომპლექტებული გუნდი დაამარცხეს, ანგარიშით 7:2 და ლიგის უმთავრეს ტიტულს არსებობის ისტორიაში მეორედ დაეუფლნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

გათამაშების საუკეთესო მეკარედ მფკ "ნატახტარის" კარის დარაჯი ეროს აკოფოვი დასახელდა, საუკეთესო მცველი სფფ-ის ფეხბურთელი გივი
კვარაცხელია გახდა, საუკეთესო უნვერსალის პრიზი პსპ-ს ლიდერს, ნიკოლოზ კურტანიძეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელის კი - "ფარმაცვეტების" შემტევ გიორგი აფციაურს.

სეზონის საუკეთესო მენეჯერის წოდება პსპ-ს გუნდის ხელმძღვანელმა კოტე ჯავახიშვილმა მიიღო. საუკეთესო ბომბარდირი 16 გატანილი გოლით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გახდა, ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტად (16 საგოლე პასი) და საუკეთესო ფეხბურთელად სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი დასახელდა.

Sportall.Ge

ჩემპიონი ოქროს მედლებით და საჩემპიონო თასით სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოეს.

08.07.2017. სუპერლიგა A. ფინალი
სკ პსპ - სფფ 7:2
გოლები: 01:00’ თევზაძე (1:0), 04:00’ იაშვილი (1:1), 10:00’ თევზაძე (2:1), 15:00’ გოგიჩაიშვილი (3:1), 23:00’ აფციაური (4:1), 24:00’ კალაძე (4:2), 25:00’ სარდანაშვილი (5:2), 26:00’ აფციაური (6:2), 30:00’ კვირკელია (7:2)
მატჩის შედგომი კომენტარები:

ლევან კობიაშვილი, სფფ: "არ ვიცით, რას დავაბრალოთ, ვხუმრობდით, რომ "იუვენტუსის" წყალი გადმოგვესხა, რადგან რამდენიმე ფინალია ვმარცხდებით, მაგრამ გულშემატკივარს პირობას ვაძლევთ, რომ არ დავნებდებით, კიდევ მივიღებთ მონაწილეობას, კიდევ ვითამაშებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამარჯვება მოვიპოვოთ. მინდა მივულოცო გამარჯვებულს. ღირსეულად მოიგეს, აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდათ დღევანდელ თამაშში და მინდა წარმატება ვუსურვო".

ალექსანდრე იაშვილი, სფფ: "ჩვენთვის მთავარი იყო მოგება. რაც მთავარი იყო, ის ვერ მივიღეთ, თუმცა საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადმომეცა. ყოველთვის ვთამაშობთ მოსაგებად, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მეტოქე დღეს ჩვენზე ძლიერი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტურნირია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოთამაშემ დიდი სიამოვნება მიიღო, ჩვენ კი შევეცდებით, ეს შედეგი გამოვასწოროთ და გავიმარჯვოთ ფინალში".

კოტე ჯავახიშვილი, პსპ-ს გუნდის მენეჯერი: "იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო, საჭიროა გუნდურობა, გუნდში უნდა იყო და მათი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე. არ მოველოდით გამარჯვებას ნამდვილად, თუმცა ცხრა წელია გუნდი გვყავს და ერთი განწყობით ვუდგებით ნამდვილად ყველა ჩემპიონატს. წლევანდელი პირველობა კი იყო განსაკუთრებული, განსხვავებული, კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ.

ჩვენ ვეთამაშეთ ძალიან ტიტულოვან ფეხბურთელებს, ჩვენი გუნდის მეტოქეები იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს; ის ფეხბურთელები, რომელთა საგულშემატკივროდ დავდიოდით მოედანზე და კალას, იაშკას, კობის და სხვების სახელებს გავიძახოდით. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ახალი განწყობით და შემართებით დავიწყებთ ფიქრს ახალ სეზონზე".  

მიხეილ თევზაძე, პსპ: "ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ვითამაშეთ დღეს, ძალიან კარგი ტურნირის გამარჯვებულები გავხდით. ჩვენ ვეთამაშეთ ისეთ სპორტსმენებს, რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს, გვასწავლეს და მათთან თამაში ჩვენთვის პატივი იყო. ძალიან გახარებული ვარ შედეგით, ვიბრძოლეთ მთელი წელი და მივაღწიეთ შედეგს".

8 ივლისს დასრულდა ასევე სუპერლიგა C-ს წლევანდელი გათამაშებაც. წრიული ეტაპის შედეგად, სატურნირო ცხრილში 14-14 ქულით პირველ-მეორე ადგილები აჭარის ნაკრებმა და "უნიკრედიტმა" დაიკავეს, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით, პირველობა "ზღვისპირელებს" ერგოთ.

სუპერლიგა A-ს დაჯილდოების დაწყებამდე საუკეთესოები სუპერლიგა C-შიც გამოვლინდნენ. საუკეთესო მეკარის პრიზი "ტატიშვილის" კიპერ დავით კეფაშვილს ერგო, საუკეთესო მცველი "უნიკრედიტის" ფეხბურთელი ლექსო ინწკირველი გახდა, თავდამსხმელი - აჭარელი მალხაზ შამილაძე, ხოლო უნივერსალი - "ჯეო ჰოლდინგის" ფეხბურთელი ბიჭი მენთესაშვილი. 10 შედეგიანი გადაცემით, საუკეთესო ასისტენტი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფეხბურთელი ნადიმ კახაძე გახდა, ხოლო 12 გატანილი გოლით, საუკეთესო ბომბარდირის ტიტული კახაბერ ვაჩეიშვილს ერგო.

08.07.2017. სუპერლიგა C. VII ტური
Menu.ge - აჭარა ჯგუფი 6:7
რუბიკონი - ეთა 5:9
ჯეო ჰოლდინგი - აჭარა 0:1
ტატიშვილი - Unicredit.ge 1:4

კვირას, 9 ივლისს გაიმართა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წწ. გათამაშების კორპორატიული თასის ფინალური დაპირისპირება საპატრულო პოლიციისა და "ევროპაბეთის" გუნდებს შორის, რომელიც "ძალოვნების" გამარჯვებით, 5:2 დასრულდა.

Sportall.Ge

შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, ოქროს ლიგის შარშანდელმა ჩემპიონმა გადამწყვეტი უპირატესობა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოიპოვა და აღნიშნულ ტიტულს პირველად დაეუფლა.

გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი, 11 გატანილი გოლით "ევროპაბეთის" ლიდერი გიორგი ლუკავა გახდა, ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პატრულის კაპიტანი ირაკლი ქარჩავა დასახელდა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში თავი "დუბლით" გამოიჩინა. ნომინანტები და გამარჯვებული გუნდი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა დააჯილდოვა.

Sportall.Ge

09.07.2017. კორპორატიული თასი. ფინალი
ევროპაბეთი - პატრული 2:5
გოლები: 06:00’ ქარჩავა (0:1), 20:00’ ლობჟანიძე (1:1), 24:00’ რაქვიაშვილი (1:2), 28:00’ ლუკავა (2:2), 33:00’ ქარჩავა (2:3), 36:00’ თავაძე (2:4), 40:00’ ინჯგია (2:5)

მატჩისშემდგომი კომენტარები:
გიორგი ლუკავა, "ევროპაბეთი": "ძალიან დაძაბული თამაში იყო. ვულოცავ მოწინააღმდეგეს, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. "პატრული" ძლიერი გუნდია. თანაბარი თამაში მიდიოდა თავიდან, სადამდეც შევძელით, ვითამაშეთ, ბოლოს დავმარცხდით, თუმცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ძალიან მიხარია, რომ გავხდი ბომბარდირი, თუმცა ჩემპიონობა უკეთესი იქნებოდა".

ირაკლი ქარჩავა, პატრული: "პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოწინააღმდეგეს ასეთი ლამაზი, ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთისთვის; ასევე, ჩემს ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო, მათ დღეს ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს თასი მოგვეგო. შარშანდელი ოქროს ლიგის ჩემპიონები ვართ და არც გვქონდა უფლება, წელს უტიტულოდ დავრჩენილიყავით. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს გუნდს, გულშემატკივრებს და ამ ტურნირის ორგანიზატორებს".

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი: "გაიმართა დაუვიწყარი ფინალები. სუპერლიგა A-ში გაიმარჯვა პსპ-მ და მივულოცავ გამარჯვებას, მათ ძალიან რთული მეტოქე ჰყავდათ ფეხბურთის ფედერაციის სახით და მაყურებელმა იხილა ძალიან საინტერესო ბრძოლა. კორპორატიული თასის გათამაშების ფინალური მატჩიც ძალიან დაძაბული და საინტერესო იყო. ვფიქრობ, დარჩენილი ორი ფინალი -  კორპორატიული, ვერცხლის ლიგის და ოქროს ლიგის, გვპირდება ძალიან კარგ თამაშებს და მოვუწოდებ გულშემატკივარს, მობრძანდეს და უგულშემატკივროს ფავორიტ გუნდს". 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი 15-16 ივლისს, ვერცხლის და ოქროს ლიგის ფინალური შეხვედრებით დასრულდება, რომელსაც ტრადიციულად, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო "ბილტმორი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული