"დიდი წვალებითა და გაჭირვებით მოსულ ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს!"

AutoSharing Option
ფოტოზე: სიხარულის ცრემლები - ავთანდილ ასათიანი და რონინიო
იტალიასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩით საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ელიტრაუნდში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

- საქართველო-იტალია 2:2 - ერთი ნაბიჯი ევროფინალამდე! [VIDEO]

ვიღაცისთვის, ეს "პარკეტის" ფეხბურთია, ზოგი მას "სათბურის" ფეხბურთსაც უწოდებს... მაგრამ ვერავინ დასცინებს და დაამცირებს იმ სიხარულს, რომელიც საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოგვიტანა - ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერა!..

ის არც ევროპის
ჩემპიონი გამხდარა და არც მსოფლიოსი, მაგრამ ევროპის ჩემპიონ იტალიასთან სასურველი შედეგი აჩვენა და ეპიზოდურად შტურმიც მოუწყო. არადა, ლაპარაკია იმ საქართველოს ნაკრებზე, სადაც ფუტსალს მაქსიმუმ 300 კაცი თამაშობს. სწორედ ეს არის დასაფასებელი.

ამ გუნდის ჩამოყალიბება კი ავთანდილ ასათიანის დამსახურებაა, რომელიც წლებია, ამ სახეობის შენარჩუნებას ცდილობს.

იყო დრო, ასათიანს სარმებს უდებდნენ და მის კვალიფიკაციას აუგად იხსენიებდნენ, მაგრამ შედეგებმა ყველაფერს გასცა პასუხი - ამ ახალგაზრდა კაცმა მებრძოლი, ერთსულოვანი და სანახაობრივი გუნდი ჩამოაყალიბა, გუნდი, რომელიც გრანდებსაც ეომება.

12 მატჩი და არც ერთი წაგება!
- ფუტსალი წლების განმავლობაში მიგდებული იყო და როცა ლევან კობიაშვილმა მის განვითარებაზე დაიწყო ლაპარაკი, ცოტა უცნაურად ჩანდა...
- რეალურად, ასეც იყო. გუნდმა, რომელმაც იტალიასთან ითამაშა, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება სულ რაღაც ერთი წლის წინ, გერმანიასთან მატჩით დაიწყო. იქიდან მოყოლებული, 12 მატჩი ჩავატარეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძლიერი მეტოქე გვყავდა, არც ერთი მატჩი არ წაგვიგია - 7 მოვიგეთ და 5 ფრედ დავასრულეთ. ხოლო პლეი ოფში გასვლა ჩვენი კი არა, საქართველოს გამარჯვება იყო!

ქვეყანას იმიჯს წარმატებები უქმნის და ასე რაც უფრო მეტ სფეროსა და სახეობაში გამოვჩნდებით, ისევ ქვეყანას წაადგება.

- მართალია, იტალია მოტივირებული არ იყო, მაგრამ ასეთი დონის გუნდთან სასურველი შედეგის მიღწევა მაინც ძალიან რთული იყო. ალბათ, გადამწყვეტი აღმოჩნდა ბიჭების საოცარი ბრძოლისუნარიანობა...
- იტალიას კლასით და გამოცდილებით ვერც ვაჯობებდით. მათთვის ჟინი, ბრძოლა და ორგანიზებული თამაში უნდა დაგვეპირისპირებინა და ასეც მოხდა. იცით, ფუტსალის ნაკრების მთავარი პლუსი რა არის? ერთი ოჯახია, ერთი სიხარულით და ერთი ტკივილით, აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია და ერთმანეთისთვის თავს დებს.

- პლეი ოფის მატჩებისთვის მზადებას როდის დაიწყებთ?
- ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. სხვათა შორის, წარმატების მიუხედავად, ჩვენი ნაკლი უნდა დავინახოთ და ეიფორიაში არ ჩავვარდეთ. ბევრი ხარვეზი შევნიშნე და ისინი აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ამას გარდა, გაიმართება წილისყრა, გვეცოდინება მეტოქეები და სპარინგებსაც ამის მიხედვით შევარჩევთ.

- პლეი ოფში გასული ნაკრებებიდან რომელია სასურველი მეტოქე და რომელი - არასასურველი?
- 3 გუნდი გამორჩეულად ძლიერია - სერბეთი, ხორვატია და ჩეხეთი. ისინი აშკარა ფავორიტები არიან. ყველა დანარჩენ გუნდთან საბრძოლველად მზად ვართ.

საერთოდაც, მგონია, რომ დიდი მომავალი აქვს ამ გუნდს, რომელიც აქამდე დიდი წვალებითა და გაჭირვებით მოვიდა.

ფორმებიც არ გვქონდა
- გაჭირვებით რომ მოვიდა, ცნობილია, მაგრამ კონკრეტულად რა და როგორ იყო, ბევრმა არ იცის...
- იმაზე არაფერს ვიტყვი, რომ ბიჭები წლების განმავლობაში უფულოდ თამაშობდნენ, მუდმივად იყო ფინანსური პრობლემები. როცა ნაკრებში თავადაც ვიყავი, შესარჩევ ეტაპზე ისე წავსულვართ, ფორმებიც არ გვქონია.

- ეროვნულ ნაკრებს ფორმები არ ჰქონია?!
- დიახ, ასე იყო. ერთხელ 10 კაციც კი ვერ შევაგროვეთ. ახლა ეს ცუდი სიზმარივით მახსენდება, რადგან ბოლო დროს ისეთი პირობები შეგვიქმნეს, ამაზე ვერც ვიოცნებებდით. თამაშებამდე 10 დღე შეკრებაზე ვიყავით და ისეთი მომზადება, კვება და, რაც მთავარია, ყურადღება ვიგრძენით, ყველა მიხვდა, რომ საქართველოში ფუტსალით სერიოზულად დაინტერესდნენ.

2016 წლის დეკემბერში ისეთი რამ მოხდა, დამატებით სტიმულად გვექცა - წლის საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოებაზე ფუტსალის ნომინაცია პირველად დაწესდა. ეს უბრალო ამბავი არ იყო იმ სახეობის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მიგდებული იყო.

სხვათა შორის, ელიტრაუნდის მატჩებამდე ფედერაციამ ანალიტიკური პროგრამაც მოგვაწოდა, რომლითაც მეტოქეთა თამაშები გავაანალიზეთ. ეს კი სამწვრთნელო სტაფს ძალიან დაგვეხმარა. წარმატება შემთხვევით არ მოდის, დამოკიდებულების შეცვლამ და ათასგვარი ნიუანსის მოგვარებამ შედეგი გამოიღო.

- საინტერესოა, საქართველოში რამდენი რეგისტრირებული ფუტსალელია?
- უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი გვყავს, სადაც 200-მდე მოთამაშეა. ამას დავამატოთ ბიზნესლიგის მოთამაშეები და უცხოეთში წასული რამდენიმე ლეგიონერი. 300 მოთამაშე თუ გამოვა, ესეც მაქსიმუმი იქნება.

წარმოიდგინეთ, მასობრივად ყველა მინი-ფეხბურთს თამაშობს და წესით, ჩვენ პრობლემა არ უნდა გვქონდეს, მაგრამ გუნდები მასობრივად მხოლოდ შარშან ჩამოყალიბდა, რეგიონებში პრობლემებია და ამის მიუხედავად, 300 კაცში ისეთი გუნდი გაკეთდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის.

...ასე მოვხვდი ფუტსალში
- თავად როდის და როგორ მოხვედით ფუტსალში?
- როგორც უმრავლესობა, მეც - შემთხვევით. მეგობრებმა მთხოვეს მეთამაშა, დავემატე და ისეთ აზარტში შევედი, დავრჩი და წასვლაზე არც მიფიქრია.

- კლასიკურ ფეხბურთზე დადიოდით?
- დავდიოდი, ფუტსალშიც იქიდან მოვედი. მაგრამ ზღაპრების მოყოლას არ დავიწყებ, ვერ "გავქაჩე" და ჩემი თავი ფუტსალში ვიპოვე.

- ცნობილია, რომ საქართველოს ჩემპიონის, "თელასის" მოთამაშე-მწვრთნელი ხართ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, მეტოქეს საკუთარი კარიდან რომ გაუტანეთ. ზვიად კუპატაძეს კონკურენტი ჰყავს?
- კუპატაძე ჩვენთვის დიდი ძალაა და ნაკრებში მის გოლებს სხვა ფასი აქვს. მე კი თამაშს ვერ ველევი და საქართველოს ჩემპიონატში ვერთობი ხოლმე. სხვათა შორის, შორიდან ბევრჯერ გამიტანია.

- წლების წინათ, საბჭოთა კავშირის პირველი საკლუბო ჩემპიონი თბილისის გუნდი გახდა. მაგრამ ახლა სხვა რეალობაა და ამ წარმატების მიუხედავად, მაინც გკითხავთ - გჯერათ, რომ საქართველოში ფუტსალს მომავალი აქვს?
- მიმაჩნია, რომ ევროპის ყოფილ ჩემპიონ იტალიასთან შეხვედრამ ამ კითხვას პასუხი უკვე გასცა. ჩვენთან ფუტსალი მასობრივად რომ განვითარდეს, დარწმუნებული ვარ, გრანდების დონეზე ვითამაშებთ.

- 11 აპრილის შედეგს მოკლედ როგორ შეაფასებდით?
- ეს იყო ისტორიული შედეგი, რომელზეც შვილიშვილებს სიამოვნებით მოვუყვები.

- იმედია, შვილიშვილებისთვის მოსაყოლად უკეთესი ამბებიც დაგიგროვდებათ...
- მეც ამის იმედი მაქვს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
am bihebisatvis araferi menaneaba,magram fexi imxelaze unda gahalo rac sabans sigrdze aqvs.
0
რა ფუტზალი რა დაფინანსება..... საერთოდ ეს რა სპორტია ან რა მოვიგეტ რო ჯერ?
korkota
12:29 16-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული