საქართველო VS იტალია - გადამწყვეტი ბრძოლა ისტორიული შანსისთვის

AutoSharing Option
დღეს, 11 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.

მეინ რაუნდის გადამწყვეტი, მესამე ტურის შეხვედრა ავთანდილ ასათიანის გუნდს, რომელსაც 2 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში მოხვედრის შანსს უნარჩუნებს. ეს ჩვენი გუნდის ისტორიული შანსია, რადგან ასეთ ზღვარს საქართველოს ფუტსალის ნაკრები არასოდეს მიახლოებია...

მართალია, იტალიამ 6 ქულა მოაგროვა და ჯგუფში მისი დამწევი აღარავინაა, მაგრამ საეჭვოა, ბოლო ტურში "სკუადრა აძურამ" საქართველოს ნაკრებს "დერეფანი" მოუწყოს, რასაც გულუბრყვილო გულშემატკივარი შეიძლება
იმედოვნებდეს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენზეა დამოკიდებული და თუ საქართველო იტალიასთან გადამწყვეტ მატჩს მოიგებს, მეორე ადგილს დაიკავებს, სხვაგვარად, ჩვენი გუნდი მეორე შეხვედრის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

თუ საქართველო ამ შეხვედრასაც ფრედ დაასრულებს, პლეი ოფში მხოლოდ ბელორუსი-ჰოლანდიის ფრის შემთხვევაში გავალთ, ხოლო, თუ წავაგებთ (მინიმალური ანგარიშით, ოღონდ ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ), შანსი კიდევ გვექნება, ოღონდ მეორე შეხვედრაშიც ქულები უნდა გაიყოს.

მინიმალური ანგარიშით წაგების შემთხვევაში, სამ ნაკრებს თანაბარი ქულები ექნება და გადამწყვეტი გახდება გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა. თუ ეს მაჩვენებელიც ერთნაირი იქნება, მაშინ უპირატესობა გატანილი გოლების რაოდენობას მიენიჭება. ამიტომაც არის საშური რაც შეიძლება ბევრი გოლის გატანა.

2018 წლის იანვარში ევროპის 12 საუკეთესო ნაკრები ჩემპიონობისთვის სლოვენიაში იბრძოლებს - მასპინძელი, ჯგუფების 7 გამარჯვებული და პლუს ამათ პლეი ოფით გამოვლენილი 4 საუკეთესო გუნდი. სასურველი შედეგის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პლეი ოფის მატჩებს სექტემბერში ჩაატარებს, ევროპის ჩემპიონატზე კი წყვილის გამარჯვებული ითამაშებს.

ნაკრების მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი გაოცებული იყო იმით, რომ შესარჩევი ეტაპის მატჩებზე უფრო მეტი მაყურებელი მოვიდა, ვიდრე მეინ რაუნდზე, სადაც უფრო მაღალი დონის მეტოქეებს ვეთამაშებით:

"მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ და მათაც, ვინც ვერ მოვიდა. მაგრამ მხარდასაჭერად რაც მეტი ხალხი მოვა, მით უკეთესი. ჩვენ ისეთი ბიჭები გვყავს, არაფერს დათმობენ", - ამბობს ნაკრების თავკაცი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლომდე ბრძოლა ბიჭებო
ხვიჩა
16:35 11-04-2017
0

სიახლეები პოპულარული