ფუტსალის ლიგა 2016/17: პრინციპული ტური!

AutoSharing Option
10 მარტს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, საქართველოს ფუტსალის ლიგის XI ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

სათამაშო დღე პრინციპული დაპირისპირებებით იქნება გამორჩეული, რაც ძირითადად საპლეიოფო ზონის საგზურის მაძიებლების უშუალო "გარჩევებს" უკავშირდება. გამონაკლისი მხოლოდ სათამაშო დღის სასტარტო შეხვედრა იქნება, რომელშიც ერთმანეთს ორი აუტსადიერი, "თბილისი ვარიორსი" და იბსუ დაუპირისპირდებიან.

14:00 სთ-ზე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი მფკ ტატიშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბს უმასპინძლებს. მიუხედავად სატურნირო ცხრილში დიდი სხვაობისა, პირველ წრეში ბათუმში გამართული შეხვედრიდან გამომდინარე, სადაც "სტუდენტები" მატჩის განმავლობაში ორჯერ ამარცხებდნენ მრისხანე მეტოქეს, ეს დაპრისპირებაც საინტერესო უნდა გამოდგეს.

16:00
სთ-ზე დაიწყება ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში II-III ადგილზე მყოფი სტუ-თელასი და აგორა დაუპირისპირდებიან. პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ყველასთვის მოულოდნელად, ფრედ 2-2 დასრულდა. შესაბამისად გამონაკლისი არც პარასკევს გასამართი დაპირისპირება უნდა გამოდგეს. ორივე გუნდის მთავარი საფიქრალი და მიზანი, სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევრებთან და კონკურენტებთან მინიმუმ სხვაობის შენარჩუნებაა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, პირველ წრეში გამართულ შეხვედრაში, გამათანაბრებელი გოლის ავტორი, დავით გეგეგშიძე ახლა უკვე "ენერეგეტიკოსების" რიგებში ეცდება თავის გამოჩენას.

მომდევნო ორ შეხვედრაში ოთხეულში მოსახვედრად მებრძოლი გუნდების უშუალო დაპირისპირებები გაიმართება.

მფკ თბილისი, მფკ დინამო ბათუმს მიიღებს და გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულების დაგროვებისა, ეცდება პირველ წრეში "არასტუმართმოყვარე დახვედრისთვის" რევანშიც აიღოს. მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება.

სათამაშო დღეს აფხაზეთისა და მგლების დაპირისპირება დაასრულებს. ამ ტურის წინ "ზღვისპირელები" მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ეს, ადგილის დაკარგავად დაუჯდეთ, თავის მხრივ მგლებს კარგი შანსი აქვთ, სანატრელ "ოთხეულს" მიუახლოვდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, თუ თბილისი-დინამოს დაპირისპირებაც "დედაქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა, მომდევნო ტურს სწორედ საპლეიოფო ზონაში შეხვდნენ. შეხვედრა 20:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

შეგახსენებთ, რომ ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებ-გვერდ sbm.ge-ს საშუალებითაა შესაძლებელი, სადაც ასევე, ონლაინ რეჟიმში შეძლებთ ადევნოთ თვალი მატჩების სტატისტიკურ მონაცემებს.

10.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XI ტური
12:00 მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ იბსუ
14:00 მფკ ტატიშვილი - მფკ ბსუ (ბთ)
16:00 მფკ სტუ-თელასი - მფკ აგორა
18:00 მფკ თბილისი - მფკ დინამო (ბთ)
20:00 მფკ აფხაზეთი - მფკ მგლები

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული