საქართველოს ფუტსალის ნაკრები: მოდით, გვიქომაგეთ და იმედებს არ გაგიცრუებთ!

AutoSharing Option
დღეს, 27 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის გადამწყვეტ მესამე შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი ნაკრების მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იქნება და სწორედ ამ მატჩში გაირკვევა ჯგუფიდან გამსვლელი გუნდის ვინაობა. მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება.

შვეიცარიამ, საქართველოს ნაკრების მსგავსად, გასულ ორივე მატჩში გამარჯვება იზეიმა, თუმცა ჯგუფიდან გასასვლელად ჩვენთან დაპირისპირებაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, ქართველებს კი ბურთების უკეთესი მაჩვენებლის გამო ფრეც ჰყოფნით.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მოთამაშეები პირობას დებენ, რომ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ და გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ
მოუწოდებენ.

ზვიად კუპატაძე:

"ორივე შეხვედრაში დამაჯერებლად ვიმარჯვეთ და რაც დაგეგმილი გვქონდა, მაქსიმალურად შევასრულეთ - გოლი არ გაგვიშვია და ბურთების უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ამის გათვალისწინებით, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც გვყოფნის...

მსურს, გულშემატკივარს ვთხოვო, ისრაელთან თამაშის მსგავსად, დარბაზი ახლაც გაავსონ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, შეგვიძლია მას ფინალიც ვუწოდოთ".

რონინიო:

"ბოლო წლებში ფუტსალი საქართველოში პოპულარული გახდა. ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როცა "იბერია სტარმა" ჩემპიონთა ლიგის მატჩები თბილისში ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად ეკიდება ფუტსალის განვითარებას. მიხარია, რომ გულშემატკივარი დაინტერესდა ამ სპორტით.

ვფიქრობ, წინა ორი თამაში საკმაოდ კარგად ჩავატარეთ. მართალია, ისრაელს 3:0 მოვუგეთ, თუმცა უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გამარჯვება. იმ შეხვედრაში ბევრი ისეთი მომენტი იყო, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. სამაგიეროდ, შოტლანდიასთან ეს პრობლემა უკვე გამოვასწორეთ.

შვეიცარიის თამაშებს ვუყურებთ, ვსწავლობთ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყოთ. მოდუნების უფლება არ გვაქვს, მესამე მატჩიც უნდა მოვიგოთ, რომ წინა გამარჯვებებს ფასი არ დაეკარგოს.

გულშემატკივრის მხარდაჭერა გუნდში ერთით მეტი მოთამაშის ყოფნის ტოლფასია. მათი შეძახილები მოტივაციას გვიორმაგებს. შვეიცარიასთანაც მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამიტომ ვთხოვ ყველას, მოვიდნენ, ისევ დაგვიჭირონ მხარი და იმედებს არ გავუცრუებთ".

ირაკლი თოდუა:

"უპირველასად, ფეხბურთის ფედერაციას მსურს მადლობა გადავუხადო იმ პირობებისთვის, რომელიც მოსამზადებლად გვქონდა. ისრაელთან მატჩი დაძაბული გამოდგა, შედარებით სუსტ შოტლანდიასთან კი მაქსიმალურად ვეცადეთ, დარბაზში მყოფი გულშემატკივარი გაგვეხარებინა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ იმ მიზნისკენ, რაც დავისახეთ.

შვეიცარიასთან გადამწყვეტი მატჩი გვაქვს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრის, რომლებმაც წინა თამაშებში დარბაზი გაავსეს. მთელი გუნდის სახელით, მათ დიდ მადლობას გადავუხდი.

შვეიცარიასთან ფინალის ტოლფასი მატჩია და მოდით, მხარი დაგვიჭირეთ და ერთად ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება!"

გიორგი ტიკურიშვილი:

"სუსტი მეტოქეები გვყავდა და გავიმარჯვეთ. შვეიცარიასთან გადამწყვეტ მატჩშიც ფავორიტებად ვითვლებით და ვეცდებით, ვიმარჯვოთ და ჯგუფიდან 9 ქულით გავიდეთ. 

ძალიან კარგი ქომაგი გვყავს, რომელიც ეს დღეებია, გვერდში გვიდგას, გვამხნევებს, გვგულშემატკივრობს და ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი მნიშვნელოვანი თამაშები პატარა სპორტის სასახლეში არ უნდა ჩაეტარებინათ, გაცილებით მეტია მსურველი ვიდრე იქ ეტევა. ახალ სპორტის სასახლეში მხოლოდ სპორტსმენის ნათესავებისთვის და ოჯახისწევრებისთვისაა გამოყოფილი ერთი მთლიანი ფლანგი, ხოლო გულშემატკივრებისთვის მხოლოდ კუთხის სკამები, კარების უკანა სკამები და მეორე ფლანგია გამოყოფილი. ახალი სპორტის სასახლე იმდენად ცოტა მაყურებელს იტევს რომ ჯობია აქ მხოლოდ შიდა ტურნირები ჩატარდეს და საერთაშორისო თამაშები კი ძველმა სპორტის სასახლემ უმასპინძლოს.
დათო
11:30 27-01-2017
0

სიახლეები პოპულარული