TimeLine: უკალათო ფარები - აი, რატომ ვაგებთ!

AutoSharing Option
ამერიკაში დიდი ტრამპაცუმპაა - ტრამპმა არჩევნები მოიგო, საქართველოშიც დიდ მოგებებს ველით - ჯერ რაგბიში იაპონიასთან, შემდეგ ფეხბურთში მოლდოვასთან... ამ თემებს "ტაიმლაინში" გვერდს როგორ ავუვლიდით, მაგრამ ჯერ წიგნი უნდა გადავშალოთ: მეორე კლასის "ჩვენი ენა ქართული", რომლის ავტორები არიან ნ. მაღლაკელიძე და ც. ყურაშვილი.

მავანმა შეიძლება გაიკვირვოს: სპორტულ გაზეთში რა ესაქმებათ დონალდ ტრამპს, ნ. მაღლაკელიძეს, ან ც. ყურაშვილს?! ახლავე განგიმარტავთ. გადავშალოთ წიგნი მე-19 გვერდზე.

"დავალება #2. გაარკვიეთ, რას გამოხატავენ ქვემოთ მოცემული ძახილის წინადადებები:
1. ვიშ, გაზაფხული მოდის მორთული!
...4. როგორ გამიჭირდა ამოცანის
ამოხსნა!
5. ჩვენმა ფეხბურთის ნაკრებმა კვლავ წააგო!"


რა შეიცვლებოდა ზედა წინადადებიდან, პატივცემულ ფილოლოგებს "კვლავ" რომ ამოეგდოთ? მათთვის არაფერი, ჩვენთვის ბევრი რამ შეიცვლებოდა - მათი ნაშრომი "ტაიმლაინში" ვეღარ მოხვდებოდა, რადგან მივიღებდით ასეთ წინადადებას: ჩვენმა ფეხბურთის ნაკრებმა წააგო. "კვლავ წააგოო" ბავშვი რომ წაიკითხავს, გაუჩნდება "წამგებიან" სპორტზე მისვლის ან მამასთან ერთად თამაშის საყურებლად წასვლის სურვილი?

იმის ნაცვლად, რომ პატარებს სპორტისადმი ინტერესი გავუღვივოთ, მეორე კლასიდანვე ინტერესს ვუკლავთ. სამწუხაროდ, სპორტისადმი მსგავს მიდგომას განათლების სფეროში ხშირად შევხვედრივართ. მეზობლის ბავშვს აქვს მოყოლილი, როგორ დაამზადეს პლაკატი წარწერით: "გაგვიყვანეთ ფიზკულტურაზე დარბაზში!" 

დიახ, სკოლებში სპორტის გაკვეთილების ნაცვლად მათემატიკა, ქართული ან უბრალოდ, საუბრის გაკვეთილები ტარდება. მაშინ, როცა სკოლიდან შინ მისული ბავშვი კომპიუტერს მიახტება და ზედვე დაეძინება, როგორ შეიძლება სკოლაში მაინც არ ჰქონდეს ერთი გაკვეთილი, ხელ-ფეხი რომ გაამოძრაოს?! ფაქტია, ასეთ მასწავლებლებს სულ არ ანაღვლებთ ბავშვის ჯანმრთელობა, შვილს კომპიუტერთან დიდი ხნით ვინც უშვებს, არც იმ მშობელს ანაღვლებს.

ჰოდა, თუ ჯანსაღი მომავალი თაობა სურს, განათლების სამინისტრომ უნდა მიაქციოს ყურადღება ფიზკულტურის თუ სპორტის გაკვეთილებს.

სკოლებში სპორტისადმი მიდგომა, სპორტული პოლიტიკაა შესაცვლელი. როგორ შეიძლება დარბაზში ერთი კალათბურთის ფარი არ ეკიდოს, არ იყოს გოგონებისთვის და ვაჟებისთვის ცალ-ცალკე გამოსაცვლელი...

ბავშვების საუბარს მივაყურადე. ერთი სიხარულით ეუბნებოდა: დარბაზში კალათები ჩამოგვიკიდესო. ეს აპრილში მოხდა, მანამდე მთელი სეზონი უკალათო ფარები ეკიდა.

ესეც ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი: "ფიზკულტურაზე სულ სირბილით ჩავედით, გვეგონა, ფეხბურთს ან კალათბურთს ვითამაშებდით... კალათბურთის ბურთი არ გვაქვს, ჩემს კლასელს წამოღება დავიწყებოდა. მასწავლებელმა ფეხბურთის ბურთი გამოიტანა - დაჩუტული იყო, "ნასოსი" ვერ ვიპოვეთ. ფრენბურთის ბურთი შედარებით სავსე იყო, მაგრამ მასწავლებელმა ფეხბურთი არ გვათამაშა. ბოლოს ქაღალდი დავაგორგოლავეთ და მას დავდევდით..."

ამერიკაში ქაღალდით მეცხრამეტე საუკუნეში თამაშობდნენ, ასე მოიგონა ნეისმიტმა კალათბურთი. დღეს ამერიკაში სულ სხვა ვითარებაა - სპორტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რგოლია სასკოლო აღზრდის პროცესში.

მხოლოდ ამერიკაში? აი, რა ამოვიკითხე ფინელების შესახებ: ფინური სკოლისთვის მთავარია არა გენიოსის, არამედ ჯანმრთელი ადამიანის აღზრდა. ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ სპორტს (თხილამურობას, ციგურაობას, ცურვას). გაკვეთილის შემდეგ ყველა მოსწავლისთვის აუცილებელია შხაპის მიღება.

ხედავთ, რამდენად ჩამოვრჩებით ფინელებს? სკოლიდანვე რომ არ გვაინტერესებს ბავშვთა სწორი ფიზიკური აღზრდა, იმიტომაც ვაგებთ "კიდევ" და "კიდევ"! ეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ბრალი კი არა, სკოლიდანვე არასწორი მიდგომის ბრალია! იცით, რატომ ითამაშა ისლანდიამ ევროპის ჩემპიონატზე? - იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში ახალი პროგრამა განხორციელდა, რომლის ამოსავალი წერტილი სასკოლო სპორტი იყო.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სიტყვებით დავასრულოთ: "...ამიტომაცაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფთიაქი!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მერედა ამ საქმეს მიხედოს ბტონმა მინისტრმა,რაღაც ზღაპრებზე და სისულელებებზე რომ ფიქრობს.
თენგო
12:13 12-11-2016
0
სანამ სპორტი მასიური და ხელმისაწვდომი არ გახდება დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ!!!!
ვასო
16:48 11-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული