[ოთხშაბათის საკითხავი] ვიყოთ რიგითი ჯარისკაცები!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები და გიორგი ჭანტურია - თემა, რომელიც აქტუალურია დღევანდელ ქართულ ფეხბურთში.

რატომ არ იყო ბრიტანულ ტურნეში ჭანტურია ნაკრებთან ერთად? ამ კითხვას პასუხი ვლადიმირ ვაისმა გასცა. ბოლო პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ავსტრიასთან მატჩის შემდეგ გასახდელში მოხდა ისეთი რამ, რის გამოც მომდევნო შეხვედრებში საჭიროდ არ ჩათვალა ჭანტურიას გამოძახება...

- ვლადიმირ ვაისის სრული პრესკონფერენცია - მჯერა, დიდ სიურპრიზებს მოვაწყობთ

ფრიადი ვაისს!
არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელი და აფერუმ, რომ ეს ჩვენზე კარგად ვლადიმირ ვაისს სცოდნია. მან თქვა, რომ მომხდარის მიუხედავად,
გიორგი ჭანტურიასთვის საქართველოს ნაკრების კარი კვლავ ღიაა.

არადა, ბევრი მწვრთნელი აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცეოდა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ავსტრიასთან მატჩის შემდეგ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

ახლა მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ამაზე წერა, რადგან მწვრთნელიცა და ფეხბურთელიც ერიდებიან ამაზე ღიად საუბარს.

არ გამოვრიცხავთ, რომ ავსტრიასთან დამატებულ წუთზე გაუაზრებელი მოქმედების გამო ვაისმა შენიშვნა მისცა ჭანტურიას, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია.

რაც მთავარია: სანამ ფეხბურთი იარსებებს, მანამდე მწვრთნელი ყოველთვის მართალი იქნება ფეხბურთელთან, რაკი ნებისმიერი პროფესიონალი ვალდებულია, ზემდგომს დაემორჩილოს.

მწვრთნელი იმის მწვრთნელია, უპირველესი ავტორიტეტი იყოს გუნდში და თუ ის ასეთი ვერ არის, მაშინ ვერც კარგი მწვრთნელი იქნება.

მართალია-მეთქი ვაისი და ამას ერთი გარემოებაც მაწერინებს: სლოვაკი მწვრთნელი დესპოტი არ ჩანს. თითქმის გამორიცხულია, მან ტირანიაზე ააგოს საქართველოს ნაკრების მმართველობა და შენიშვნას რაც შეეხება, მწვრთნელი იმის მწვრთნელია, შენიშვნა მოგცეს - შენიშვნა, რაც პედაგოგიური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. შენიშვნა იმისთვისაა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გქონდეს დღევანდელზე.

რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, თუმცა არ მომწონს ის, როგორ მოიშორეს ძველი. ეს ორი სხვადასხვა თემაა და ამ ამბავში ვაისს ბრალი არ მიუძღვის.

ვაისმა არ გაწირა ჭანტურია. არადა, შეეძლო, ეს გაეკეთებინა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყოფილა ასეთი მაგალითები. ახლა რაც მახსენდება, ექტორ კუპერისა და მალხაზ ასათიანის კონფლიქტია.

არგენტინელი ხელაღებით მაშინაც ვერ გავამტყუნეთ. ეგაა - ასათიანის მიერ განაწყენებული მეორე კაცი ალბათ არ არსებობს დედამიწის ზურგზე, მაგრამ ამ ამბავმა მაშინაც დაახლოებით ამ ჭრილში ჩაიარა - მწვრთნელი ყოველთვის მართალია!

ჭანტურიას არჩევანი
უნდა გამოვტყდე: თანამედროვე ქართულ ფეხბურთში თუ ვინმეს თამაში მომწონს და მესიმპათიურება, ჭანტურიასია. მე ვიცი, როგორი იყო ის ბავშვობაში და შეუძლებლად მიმაჩნია, ეს ნიჭი დაიკარგოს.

ახლა უკვე ზუსტად შეიძლება იმის დაწერა, რომ ჭანტურიას გაუჭირდება იმ ფეხბურთის თამაში, იმ საკლუბო სიმაღლეზე ასვლა, რასაც მისგან ველოდით, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი მას შეუძლია, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.

შეუძლია, მაგრამ უნდა მოინდომოს. მან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააკეთოს არჩევანი "საფეხბურთო ბიჭობასა" და "საფეხბურთო კაცობას" შორის. ის ბოლომდე უნდა ჩამოყალიბდეს ნაღდ პროფესიონალად, უნდა გააცნობიეროს, რომ პირველ რიგში გუნდური ინტერესები დგას.

ამას რომ ვწერთ, სულაც არ ვგულისხმობთ იმას, რომ ჭანტურია უნდა ჩაჯდეს ჩარჩოებში. მიიღებს თუ არა ბურთს, მაშინვე პასი უნდა გადააწოდოს ორ მეტრში გახსნილ პარტნიორს. არა, ღმერთმა დაგვიფაროს! ეს ხომ გიორგი ჭანტურია აღარ იქნება!

აქ, უპირველეს ყოვლისა, საქმისადმი მიდგომას ვგულისხმობთ. ამას წინათ, ჭანტურიას აღმზრდელმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა, ძალიან კარგად მითხრა: ჭანტურია აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს ნაკრებს, მაგრამ მან ისეთი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, როგორიც ვაისს უნდა და არა ისეთი, როგორიც თავად სურსო...

- მთავარია, თავს მოერიონ... გიორგი დევდარიანი ოქრიაშვილზე, ჭანტურიასა და სხვებზე

ვერაფერს იტყვი - ერთ წინადადებაში ითქვა მთელი წერილის სათქმელი. ალბათ დროა, ჭანტურია მოიჭრას გუნდურ თარგზე და ეს მოხდეს ისე, რომ მისი თვითმყოფადი სათამაშო სტილი არ დაზარალდეს.

დღევანდელ ფეხბურთში არიან გამოკვეთილი ინდივიდუალისტები. ისინი უფრო მეტნი იყვნენ ადრე, მაგრამ დღესაც არიან. ლიონელ მესის ვინმესთან შედარება უხერხულია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს იდეალური მაგალითია იმისი, თუ როგორ უნდა შეერწყას გუნდს გამოკვეთილი ინდივიდუალისტი.

ჭანტურიას პიროვნებაში დიდი გარდაქმნა უნდა დაიწყოს. სხვანაირად, მას თანამედროვე ფეხბურთის მორევი ჩაყლაპავს და ჩვენ ის არ გვემეტება ამისათვის. ყველაფერი კი იმით უნდა დაიწყოს, რომ ის რიგითი ჯარისკაცი უნდა გახდეს. ეს არის და ეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
auu ra caiget am chanturiati guliiii. ar gezarebat amdeni gverdis cera?
levani
11:38 27-10-2016
0
ნუ მისცემს პასს და შეყაროს გოლები! ენას არ ამოიღებს არავინ! მესი ცოტა მაგაზე მაგარია მაგრამ საგოლე პასები ყველაზე მეტი აქვს. 2-3 კაცის მოტყუება და მეოთხესთან ბურთის დაკარგვა ყველას შეუძლია!...ისე ევროპიდან რომ ურალში წამოვა კაცი, ამით ყველაფერია ნათქვამი! ...თუ ჭკუას მოუხმობს და ითამაშებს თავის თავს წაადგება. არა მგონია ნაკრებისთვის ივარგოს...
fan.ge
03:30 27-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული