აქტუალური თემა: სჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებს აკაკი გოგია

AutoSharing Option
ამ ბოლო დღეებში სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენი გაზეთის რამდენიმე მკითხველის მესიჯი მივიღე. კითხვა ერთი იყო - თქვენი აზრით, სჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებს აკაკი გოგიაო, კითხულობდა ქართულ ფეხბურთზე მოფიქრალი ხალხი და რა უფლება გვაქვს, მათ კითხვას ჩვენი პასუხ-ნააზრევი არ შევაგებოთ.

- ალექსანდრე იაშვილი: გოგიასა და ჯიქიასთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს
- ლეგიონი გუშინ: აკაკი გოგიამ მეორე ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა [VIDEO]

ეს წერილი სწორედ ამ აქტუალურ თემას ეხება.

კონკურენციის სიკეთე
საქართველოს ნაკრების ბოლო ორმა მატჩმა ქართველ ქომაგში იმედის ნაპერწკალი გააჩინა. თავისთავად, ორ თამაშში
მოპოვებული ერთი ქულა დიდი ვერაფერი ბედენაა, მაგრამ ალბათ ის სკეპტიკოსებიც დაგვეთანხმებიან, ცოტა ხნის წინ საქართველოში ფეხბურთის სამუდამოდ აკრძალვას რომ ითხოვდნენ: ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორივე შეხვედრაში ნაღდი ფეხბურთი ითამაშა.

დღეს იგებს ან აგებს მთელი გუნდი, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ნაკრების პროგრესში "ლომის წილი" ნახევარდაცვისაა. ბიჭები ოპტიმალურ საფეხბურთო ასაკში შევიდნენ. ნაკრების შუა ხაზში გვყავს კვალიფიციური შემსრულებლები - თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი...

კონკურენცია მართლაც არის. უფრო დიდი, ვიდრე თუნდაც ცოტა ხნის წინ იყო და ეს კარგია, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ეს კონკურენცია გაიზრდება. საქართველოს ნაკრებს დაარსების დღიდან ასეთი ბედი დაჰყვა: თითქმის ვერასოდეს თამაშობს ოპტიმალური შემადგენლობით.

ამის და, ზოგადად, საფეხბურთო ფაქტორების გათვალისწინებით, გოგიას გამოჩენა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კარგი უნდა იყოს თუნდაც კონკურენციის გაზრდის მიზნით.

როგორ თამაშობს აკაკი გოგია?
მთელი ორი დღის განმავლობაში ვუყურებდი გოგიას თამაშს და პირდაპირ უნდა დავწერო - ჩვენ საქმე გვაქვს მაღალი დონის ფეხბურთელთან, ნამდვილ უნივერსალთან, რომელსაც მინდვრის ძალიან ბევრ წერტილში შეხვდებით.

გოგიას შეუძლია, მთელი მატჩის განმავლობაში დაუღალავად იმუშაოს, შეუქმნას პარტნიორს საგოლე შანსი, ან თავად შეიქმნას ის და გამოიყენოს. დარტყმის სიძლიერე და სიზუსტეც შესაშური აქვს.

კიდევ ორი პლუსი გოგიას საფეხბურთო არსენალიდან - ის ძალიან ხშირად ურტყამს კარში და ამით შეუძლია ერთობ ფასეული ფეხბურთელი გახდეს საქართველოს ნაკრებისთვის. ეს ერთი.

მეორე: ის შესანიშნავად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს და ესეც ძალიან უნდა გამოადგეს საქართველოს ნაკრებს. ჩვენმა რამდენიმე ფეხბურთელმა "სტანდარტულის" კარგად შესრულება იცის, მაგრამ მათი რაოდენობა დიდი ნამდვილად არ არის.

მოკლედ რომ ვთქვათ, სათამაშო დონით, გოგია, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და იმავე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, აშკარად აკმაყოფილებს საქართველოს ნაკრების დონეს.

არავინ მიწვევდა...
საქართველოს ნაკრები ძალიან ფაქიზი თემაა და როცა მის შესაძლო ახალ წევრზე ვსაუბრობთ, ყველაფერი აფთიაქარის სასწორზე უნდა ავწონოთ. ფეხბურთელზე შთაბეჭდილების შესაქმნელად მისი თამაშების ცქერა ერთ-ერთი გზაა, მაგრამ უტყუარ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. მაინც ძნელია ფეხბურთელის ბოლომდე პირუთვნელად შეფასება, როცა მისი თამაში უშუალოდ სტადიონზე არ გინახავს.

ჩვენ მიერ ზემოთ დაწერილი სიტყვების სიმართლეს ირიბად ამტკიცებს გოგიას საფეხბურთო კარიერა, რომელიც "ჰანოვერში" დაიწყო და "ვოლფსბურგში" გაგრძელდა. ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში ის რეგულარულად თამაშობდა.

ის შეიყვანეს "ვოლფსბურგის" მთავარი გუნდის განაცხადშიც, მაგრამ ძირითადში დამკვიდრება ვერ შეძლო. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გოგია დაბალი დონის ფეხბურთელია. უნდა გავითვალისწინოთ, რა დონის კონკურენტებთან უწევდა მას ბრძოლა ნახევარდაცვაში ადგილის დასამკვიდრებად.

სამაგიეროდ, გოგია ძირითადის ფეხბურთელი იყო "აუგსბურგში", "ზანკტ პაულისა" და "ჰალეშერში". განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა მან თავი "ჰალეშერში", საიდანაც ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარ "ბრენტფორდში" გადაბარგდა.

გოგიამ მოირგო გერმანიის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების ფორმა. გამორიცხულია, უნიჭო ფეხბურთელი გერმანიის თუნდაც ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიონ. მეტიც - იქაურ იუნიორთა ნაკრების შემადგენლობაში მან 2011 წელს ბელგიას გოლიც გაუტანა.

რატომ ვერ შეეგუა ბრენტფორდს?
წინა სეზონი პროვინციული ინგლისური კლუბისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. გუნდი კინაღამ პრემიერლიგაში აღზევდა, რასაც არავინ ელოდა. როგორც წესი, ასეთი გუნდების ცხოვრებაში აღმავლობას უმალ კრიზისი მოჰყვება ხოლმე.

ასე მოხდა "ბრენტფორდშიც". ამ დროს ახალწვეულს ყოველთვის უჭირს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, გოგიას შეგუება მოუხდა მისთვის სრულიად ახალ საფეხბურთო რეალობასთან. ის გერმანულ ფეხბურთს იყო მიჩვეული და უცბად ვერ აუღო ალღო ინგლისურს.

მკითხველი დაგვეთანხმება - ინგლისური ფეხბურთი განყენებული თემაა. მასთან შეგუება ძალიან ბევრ ვარსკვლავს უჭირს და ამის მაგალითები უამრავია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოკლე ხანში გოგიამ ვერ შეძლო ინგლისურ ფეხბურთთან შეგუება...

სწორი ნაბიჯი
...სამაგიეროდ, გოგიამ "ათიანში" გაარტყა, როცა გერმანიაში დაბრუნდა და მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე დრეზდენის "დინამოს" მაისურა მოირგო. ის ამ გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად და ლიდერად იქცა.

არ შეიძლება, მეორე ბუნდესლიგის საშუალო კლუბში გამორჩეული ფეხბურთელი ზედმეტი იყოს საქართველოს ნაკრებისთვის. გერმანელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გოგია კიდევ მოუმატებს.

იქ მას აქვს მწვრთნელის ნდობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია 24 წლის ნახევარმცველისთვის.

უნდა დავივიწყოთ!
ყველას კარგად გვახსოვს: ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გოგიას შესთავაზა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაშინ ფეხბურთელმა მიწვევაზე დელიკატური უარი განაცხადა.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში თამაშზე არავის უნდა ვეხვეწოთ. ეროვნულ გუნდში გარჯა, მშობლიური ქვეყნის ღირსების დაცვა უდიდესი სიამოვნებაა ყველა ნორმალური ადამიანისთვის და გამორიცხულია, რუსთავში დაბადებული გოგია ამას არ გრძნობდეს.
უბრალოდ, როგორც ჩანს, მაშინ მან ზედმეტად არ გარისკა. ეს ის პერიოდია, როცა გოგია ინგლისურ "ბრენტფორდში" გადადიოდა. ქართული პასპორტით კი ამ ტრანსფერის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.

მოკლედ, ალბათ უმჯობესი იქნება, ის უარი დავივიწყოთ. ახლა გოგიას არანაირი საფუძველი აღარ აქვს, უარი თქვას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებაზე, თუ ასეთი რამ მოხდება.

ყველაზე კარგად სწორედ მან უნდა იცოდეს, რომ გერმანიის ნაკრებში მოხვედრის თეორიული შანსიც კი არ აქვს. ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრა ერთია და ეროვნულ გუნდში დამკვიდრება - მეორე. გერმანიას იმდენი ვარსკვლავი ჰყავს, რომ სამ თანაბარ ნაკრებს თავისუფლად შექმნის.

არადა, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა, როცა მას სანაკრებო ასპარეზზე თავის გამოჩენის საშუალება ეძლევა. სუფთა ემოციურს რომ თავი დავანებოთ, აქ არის პრაგმატული საფეხბურთო მომენტებიც.

მოკლედ, ჟამი მომწიფებულია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკაკი გოგიასთვის ხელახალი შეთავაზების გაკეთება მართებს. ვფიქრობთ, ფეხბურთელი ამჯერად დათანხმდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კაცო გამაგებინეთ ეს გოგია თუ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელია რატო არ თამაშობს ჩელსიში ან ბარსელონაში?
guga
13:54 24-10-2016
0
ყველანაირად უნდა ვეცადოთ ეს კაცი ნაკრებში მოვიტყუოთ . დასაკარგი ფეხბურთელები ჩვენ არ გვყავს !
lasha
11:09 24-10-2016
0

სიახლეები პოპულარული