"მშობლებმა ისე გამზარდეს, რომ ჩემთვის საქართველო და მისი ნაკრები უპირველესია!"

AutoSharing Option
ვაკო გვილიამ ბატე-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და გუნდისთვის სულ უფრო სასარგებლო ხდება.

ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში ის ძირითად შემადგენლობაში იყო - ერთი საგოლე პასი გააკეთა და ერთიც თავად გაიტანა - "ნაფტანთან" მატჩის მე-19 წუთზე, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, ბურთი თავზე ტექნიკურად გადაუგდო და ანგარიში 2:0 გახადა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გვილიამ გოლი მიუძღვნა მამას, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა:

"გოლის გატანა ძალიან მინდოდა, რადგან მამას დაბადების დღე იყო. ის დედასთან ერთად ბელარუსში ჩამოვიდა და ტრიბუნაზე იმყოფებოდა. გოლის შემდეგ პირველად სწორედ იმ ტრიბუნისკენ გავიქეცი,
სადაც ჩემი მშობლები ისხდნენ. მაისურის ქვემოთ კი საგანგებოდ ამ დღისთვის ქართული წარწერა მქონდა გაკეთებული", - ამბობს გვილია კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ის გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა. 22 წლის ქართველი ბევრი თანამემამულისგან რომ გამოირჩევა, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს - 7 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მის მიმართ მწვრთნელების პოზიტიური დამოკიდებულებაც აშკარაა: ბატე-ს დამრიგებელი ალექსანდრ ერმაკოვიჩი მას ძირითადში აყენებს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში კი პირველად გია გეგუჩაძემ მიიწვია. საინტერესოა გეგუჩაძის კომენტარი:

"ახალგაზრდულ ნაკრებში გვილიას თამაშები, საქმისადმი დამოკიდებულება და თანაგუნდელებთან ურთიერთობა მომწონს. ძალიან კარგი მოთამაშე და დადებითი პიროვნებაა, მებრძოლი ხასიათი აქვს და, ამავე დროს, ძალიან დაკვირვებულიცაა. წმინდა საფეხბურთო ასპექტს რაც შეეხება, ტექნიკურია და სათამაშო აზროვნებითაც გამოირჩევა.

ჩემი აზრით, ეროვნულ ნაკრებში დასამკვიდრებლად პოტენციალი აქვს და არც უნდა გაუჭირდეს. მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებს სხვა დატვირთვა აქვს და ეროვნულს - სხვა. მთავარია, გუნდს როგორ მოერგება".

თავად გვილიამ კი "ლელოს" უთხრა, რომ მასზე დადებით გავლენას ახდენს ბატე-ში არსებული კონკურენცია:

"ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არავის აქვს. ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცო, რომ სასტარტოში მოხვედრის ღირსი ხარ. როდესაც შანსს მაძლევენ, ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო და თამაშში სული და გული ჩავდო".

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში მიწვევას, გვილია ამბობს:

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე ყოველთვის ვოცნებობდი. მშობლებმა ისე გამზარდეს, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ჩემთვის საქართველო და მისი მთავარი გუნდი უპირველესია.

უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში რომ მოვხვდი.

მაგრამ ახლა მეტის თქმას მოვერიდები - ღმერთმა ქნას, ირლანდიასა და უელსში გავემგზავრო და ვითამაშო. მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს, ჯერ თავი საქმით უნდა გამოვიჩინო, მწვრთნელი რომ მენდოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული