"ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, ასეთ ფორმაში მყოფი მოედანზე ვერ გავალ"

AutoSharing Option
თქმა რად უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის კაპიტანი ჯაბა კანკავა შეუცვლელი ფიგურაა ქვეყნის პირველი გუნდისთვის. კანკავა მინდორზე ლიდერია, კაპიტანია. შეუძლია პარტნიორების აყოლიება და რთულ სიტუაციაში გუნდის ყოჩობა. ვინძლო, საქართველოს უპირველეს გუნდს სხვა შედეგი ეჩვენებინა ავსტრიასთან თბილისურ მატჩში, კანკავა რომ მინდორზე ყოფილიყო.

სამწუხაროა, რომ ჯაბას საკლუბო კარიერა ბოლო დროს ისე ვერ აეწყო, როგორც ყველა ვისურვებდით. კანკავა დნეპროპეტროვსკის "დნიპროდან" მივიდა ფრანგულ "რეიმსში". გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან გავარდა და ველოდით, რომ კანკავა გუნდს გამოიცვლიდა, მაგრამ... ის დღესაც "რეიმსშია".

რა ხანია, მას
ქართულ მედიასთან არ უსაუბრია. ნავსი გუშინ გატყდა - "ლელო" ჯაბას საფრანგეთში დაუკავშირდა და რამდენიმე წუთი წაართვა.

პირველ რიგში, კაპიტანს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვკითხეთ. სამწუხარო ამბავია - კანკავა, ვინც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 61 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, უელსსა და ირლანდიასთან უახლოეს მატჩებში ვერ ითამაშებს.

"სამწუხაროდ, არ ვარ სათამაშოდ მზად. გამეწელა ფორმაში შესვლის პროცესი. თუ 100 პროცენტით არ ვიქნები მზად, ნაკრებში ვერ ვითამაშებ. ჩემთვის ეროვნულ გუნდში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და ასეთ ფორმაში მყოფი, მოედანზე ვერ გავალ.

როგორც კი თავს ვიგრძნობ ისე, რომ ნაკრებს გამოვადგე, რა თქმა უნდა, ვითამაშებ. ამ ეტაპზე კი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ფორმაში არ ვარ. არც "რეიმსთან" ერთად ვვარჯიშობ. ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ვიტვირთები", - გვითხრა კანკავამ.

ჯაბას იმის თაობაზეც ვკითხეთ, თუ რატომ არ გამოიცვალა გუნდი ამ ზაფხულს. კანკავას მსურველთა შორის რამდენიმე გუნდი ახსენეს, მაგალითად - ესპანური "მალაგა" და თურქული "ტრაბზონსფორი".

"ტრანსფერს რაც შეეხება, იყო ლაპარაკი რამდენიმე გუნდზე. ახლოსაც ვიყავი ახალ გუნდში გადასვლასთან, მაგრამ სულ რაღაც უშლიდა ხელს საქმის ბოლომდე მიყვანას. ძირითადად, "რეიმსი" ითხოვდა იმაზე მეტ თანხას, ვიდრე მას სთავაზობდნენ".

ჯაბას ავსტრიასთან თბილისში წაგებული მატჩის შეფასებაც ვთხოვეთ:

"მეორე ტაიმში ავსტრიის ძლიერ ნაკრებს თამაშით ვაჯობეთ. თუ ავიღებთ სწორედ მეორე ტაიმს, მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ ავსტრიელებს და ეს იმ ეპიზოდში, როცა გიორგი ლორიამ ითამაშა კარგად...

ჩემი აზრით, ავსტრიასთან შეხვედრაში, თუნდაც მეორე ტაიმიდან გამომდინარე, მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით", - ასეთია კაპიტნის აზრი.

ნაკრების კაპიტანს ირლანდია-უელსთან მომავალ შეხვედრებზეც ვთხოვეთ აზრის გამოთქმა:

"რთული თამაშები გველის. ამ ორი მატჩის შედეგი უმნიშვნელოვანესია, რადგან დიდად სწორედ ეს განაპირობებს იმას, თუ რომელ ადგილზე გავალთ ჯგუფში საბოლოოდ.

მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ირლანდიასა და უელსთან შეხვედრებში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ძალიან ვწუხვარ, რომ ნაკრებს ვერ ვეხმარები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მგონი ეს მოკვეთეს და ოფიციალურად არ ამბობენ. ვაისის განცხადება მახსოვს რამდენიმე კაცი ვეღარ ითამაშებს ნაკრებშიო და კანკავა მოიაზრებოდა მაშინ ასეთად. მის შემდეგ არც უთამაშია.
0
Temo,ვთქვთ და შეუწყვიტეს თანხის გაცემა ბიუჯეტიდან, ამ შემთქვევაში, რა თანხით იფუნქციონირის ფედერაციამ??
Giorgi
15:45 25-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული