საქართველო-ყაზახეთი 1:1 [მატჩი დასრულდა]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, "დინამო არენაზე" ამხანაგური მატჩი ყაზახეთის ნაკრებთან გამართა. მატჩი დასრულდა - ფრე 1:1.

* * *
ეს შეხვედრა სადებიუტოა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისისთვის.

თამაშის დაწყების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა დააჯილდოვა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: რევიშვილი, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია.

როგორც ხედავთ, ეროვნულ გუნდში დებიუტი აქვს გიორგი აბურჯანიას.

მე-2 წუთი: პირველი სახიფათო ეპიზოდი სტუმრებმა, საჯარიმო დარტყმის შემდეგ შექმნეს - ბურთი
ნუკრი რევიშვილმა კარგად ვერ შეიმაგრა ხელში, თუმცა მეორე ჯერზე მაინც დაეუფლა.

მე-4 წუთი: ჯანო ანანიძე ყაზახთა საჯარიმოში შეიჭრა, რის შემდეგაც ბურთს თორნიკე ოქრიაშვილი დაეუფლა და გიორგი ჭანტურიას დაუგორა, მაგრამ ამ უკანასკნელს დარტყმა ძლიერი არ გამოუვიდა.

მე-13 წუთი: გიორგი ნავალოვსკი შეტევის მარცხენა ფრთიდან ბურთს ყაზახთა საჯარიმოში მყოფ ყაზაიშვილს აწვდის, ვაკოს გოლის გატანას მეტოქის მცველი და მეკარე არ ანებებენ.

26-ე წუთი: ყაზახებმა კუთხური სახიფათოდ მოაწოდეს, თუმცა ბურთმა ისე დატოვა მოედანი, არავინ შეხებია...

29-ე წუთი: ჯაბა კანკავამ მოედნის ცენტრში აართვა ბურთი მეტოქეს და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. ყაზახთა საჯარიმოში გამჭოლი მწვავე გადაცემა ოქრიაშვილმა გააკეთა, თუმცა ბურთს ვერც ყაზაიშვილი შესწვდა და ვერც ჭანტურია.

33-ე წუთი: სტუმართა კუთხურის შემდეგ სწრაფი კონტრშეტევა განვახორციელეთ, რის შემდეგაც ერთბაშად სამი ქართველი ფეხბურთელი ერთის წინააღმდეგ აღმოჩნდა, მაგრამ... რეალური საგოლე შანსი ყაზაიშვილმა ხელიდან გაუშვა, რომელმაც კარში დარტყმის ნაცვლად პასის გაკეთება დააპირა.

36-ე წუთზე გოლი მივიღეთ - აზათ ნურგალიევმა მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან ბურთი რევიშვილის კარში გადაგზავნა - 0:1.

38-ე წუთზე გავათანაბრეთ. უჩა ლობჟანიძის პასის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა ყაზახთა მეკარე დავით ლორიას ბრწყინვალე გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც ბურთი გაატარა - 1:1.

პირველი ტაიმი დასრულდა.

მეორე ნახევრის დაწყების წინ ვლადიმირ ვაისმა ორი ცვლილება განახორციელა - ალეკო ამისულაშვილის ნაცვლად მოედანზე საბა კვირკველია გამოვიდა, გიორგი ჭანტურია კი ნიკა კაჭარავამ შეცვალა. ამ უკანასკნელისთვის ეს მატჩი სადებიუტოა ეროვნულ გუნდში.

თამაში განახლდა.

52 წუთი: ნურგალიევს დუბლის შესრულებამდე სულ მცირედი დააკლდა. ყაზახი ფეხბურთელი რევიშვილისგან შორეულ კუთხეში ცდილობდა ბურთი გადაგზავნას. გადავრჩით.

54-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილს გადაცემა ზუსტად რომ შეესრულებინა, ჯანო ანანიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდებოდა...

58-ე წუთზე ფლანგიდან ნავალოვსკის მაღალი ჩაწოდების შემდეგ ბურთს ტანმაღალი კაჭარავა ვერ შესწვდა... იქვე ლობჟანიძემ თავის საჯარიმოს მისადგომებთან სტუმართა სახიფათო შეტევა ჩაშალა.

68-ე წუთზე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა. კუთხურის შემდეგ თავით საბა კვირკველია ურტყამდა, თუმცა ბურთი ყაზახთა ხარიხას სანტიმეტრებში გადაევლო.

71-ე წუთზე ყაზახების აუტს ჩვენს საჯარიმოში სრული ქაოსი მოჰყვა, რომელიც საბედნიეროდ, სტუმართა არაზუსტი დარტყმით დასრულდა. ოდნავ მაღალი კლასის გუნდი ამ ეპიზოდში აუცილებლად დაგვსჯიდა.

72-ე წუთზე ბრწყინვალედ გაისარჯა ნიკა კაჭარავა, რომელმაც მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი, ზოგი ტექნიკით, ზოგიც აღნაგობით დაჯაბნა და საჯარიმოშიც შეიჭრა. ნიკა საეჭვოდ დაეცა, თუმცა მსაჯმა 11-მეტრიანი არ დანიშნა.

76-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, ეფექტურად კაჭარავა ურტყამს, თუმცა არაზუსტად.

77-ე წუთი: ვაისის ორმაგი ცვლილება. ჯანო ანანიძეს ლევან ყენია ცვლის, გიორგი აბურჯანიას - ნიკა კვეკვესკირი.

78-ე წუთზე კაჭარავა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანის ბრწყინვალე შანსს ვერ იყენებს. ნიკამ ლევან ყენიას გადაცემის შემდეგ 1-1-ზე ყაზახთა მეკარეს ვერ აჯობა...

89-ე წუთზე უჩა ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე გამოდის.

მსაჯმა თამაშს მხოლოდ 3 წუთი დაამატა...

მატჩი დასრულდა.

 

მკითხველის კომენტარები / 19 /
utxarit sm pexburtelebs rom karebi imitomaa rom iqunda sheagdo burti,amat maqsimumi sajarimomde misvla goniat marto ((((
0
ჭანტურიას ჟანგბადი აღარ ეყო, ირაკლი
vova
10:30 30-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული