სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
...კახა ცხადაძეს აშკარად არ უმართლებდა [ექსკლუზივი ვლადიმირ ვაისთან]
AutoSharing Option
14:13 29-03-2016
ლეგენდარული ესპანელი სიურრეალისტი მხატვარი სალვადორ დალი უშველებელ, უცნაურად დაყენებულ ულვაშს ატარებდა. ერთხელ, მიზეზი რომ ჰკითხეს, მისთვის დამახასიათებელი უცნაურობით უპასუხა - ამხელა ულვაში იმიტომ მაქვს, მე რომ არავინ შემნიშნოსო...

რომ დავფიქრდეთ, ცხოვრებაში ხშირად ხდება, მეორეხარისხოვანი მთავარს რომ ფარავს და ყურადღება მასზე გადაგვაქვს. მაგალითად, ვლადიმირ ვაისი ჩამოვიდა საქართველოში და მას სულ ვეკითხებით მიმდინარე ამბებზე - როდემდე გააფორმა კონტრაქტი, ვინ გამოიძახა, ვინ დაეხმარება, რას ფიქრობს მომავალ მეტოქეზე...

მაგრამ ამ კითხვების გარდა ხომ კიდევ არის ბევრი საინტერესო თემა, რომელზეც "ლელო" საქართველოს ნაკრების სლოვაკ თავკაცს ელაპარაკა. რა იცის ქართულ ფეხბურთზე, რას ელის მისგან და რისი იმედი აქვს მომავალში?

ვაისი იმდენად საინტერესო რესპონდენტი გამოდგა, ინტერვიუ ორ ნაწილად გავყავით. უცნობ და პირად ისტორიებს "ლელო week"-ის დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ, წმინდა საფეხბურთო თემებისთვის კი ინტერვიუს ეს ნაწილი შევარჩიეთ...

- ხშირად უცხოელი მწვრთნელები საქართველოს აქ ჩამოსვლის შემდეგ ეცნობოდნენ. თქვენ თუ იცოდით რამე ქართულ ფეხბურთზე?
- საქართველოში მხოლოდ მაშინ ჩამოვედი, როცა ერონული ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდიდან, საბჭოთა დროს ვგულისხმობ, თბილისის "დინამოსა" და მის ბრწყინვალე ფეხბურთელებს ვიცნობდი. ძალიან მომწონდა დავით ყიფიანი, ტექნიკური, ჭკვიანი და ინტელიგენტი მოთამაშე... ის თამაშიც მახსოვს, "დინამომ" ევროპის თასი რომ მოიგო. ისიც ვიცი, რომ ქართველებს სულ გყავდათ ტექნიკური ფეხბურთელები.

- და ახლანდელ ქართულ ფეხბურთზე რა იცით?
- წმინდა საფეხბურთო კუთხით, ბევრი რამ ვიცი. მაგალითად, ის, რომ ერთ დროს, ფიფას რეიტინგში 42-ე ადგილზე იყავით, რაც სულაც არ არის ცუდი შედეგი. თქვენ კარგი მონაცემები გაქვთ და ეს უნდა გამოვიყენოთ. ახლა მთავარია, ის ნიუანსები მოვძებნოთ და დავხვეწოთ, რაც ქართულ ფეხბურთს აკლია. ბოლო 10 მატჩი ვნახე, ოფიციალურიც და არაოფიციალურიც. გუნდი კარგად თამაშობდა, მაგრამ შედეგი მაინც არ ჰქონდა.

- როგორ ფიქრობთ, რა არ ჰყოფნიდა გუნდს?
- მაგალითად, ვნახე პოლონეთთან გასვლაზე წაგებული (0:4) მატჩი და აშკარა იყო, რომ საბოლოო შედეგი თამაშის მსვლელობას არანაირად არ შეესაბამებოდა. მაგალითად, 74-ე წუთზე ნავალოვსკის დარტყმული ძელს რომ არ მოხვედროდა, ვერავინ იტყვის, როგორ დასრულდებოდა თამაში და გავიდოდა თუ არა პოლონეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ... 89-ე წუთის შემდეგ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ასეთი რამ იშვიათად ხდება.

აშკარად უიღბლობა იყო ირლანდიასთანაც, სადაც თამაშის ბედი ერთი ირლანდიელის, ჯონათან უოლტერსის ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა - მცველებს გასცდა და გაიტანა.

გერმანიასთან საქართველომ, თამაშის უდიდეს ნაწილში, მშვენიერი გამართული ფეხბურთი აჩვენა. მაგრამ ესაა ფეხბურთი. ჩემი სამწვრთნელო სტაფის ამოცანა იქნება, რომ ნაკრები უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ და ეს ნაკლი გამოვასწოროთ.

- კონკრეტულად რა უნდა გამოასწოროთ?
- გუნდის თამაშის ხარისხი დამოკიდებულია მის ორგანიზებაზე, ინდივიდუალურ ოსტატობასა და მოთამაშეთა ფიზიკურ მზადყოფნაზე. მთავარია, ყველა მოთამაშეს სწორი პოზიცია შევურჩიოთ.

ეს მიწვევა მივიღე, რადგან სანაკრებო დონეზე მუშაობა ყოველთვის გამოწვევა, პასუხისმგებლობა და სიხარულიცაა, იმის სიხარული, რომ საერთაშორისო დონეზე ვბრუნდები. ევროპის ძლიერ ნაკრებებს შევხვდებით და გამოჩნდება, რა შეგვიძლია. გავაანალიზე ნაკრების თამაშები, ფეხბურთელთა შესაძლებლობები და ვთქვი: რატომაც არა?!

- პირველივე პრესკონფერენციაზე სამჯერ ახსენეთ და ახლაც ბრძანეთ, რომ მთავარია, მოთამაშეებს ის პოზიციები შევურჩიოთ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ, შესაძლებლობებს უკეთ გამოავლენენ და გუნდს შედეგს მოუტანენო. რამენსკოეს "სატურნში" ყოფნისას, თქვენთან თამაშობდა გოგიტა გოგუა და მისგან ვიცით, რომ ფეხბურთელებს სწორედაც ამას ეკითხებოდით - თავს კომფორტულად სად გრძნობო? ისე ჩანს, თითქოს, ცალკეულ მოთამაშეებს პოზიციის შეცვლას უპირებთ...
- ამაზე ფიქრი ყოველთვის შეიძლება. რაც შევნიშნე, ფეხბურთელები კახა ცხადაძემაც მოსინჯა სხვადასხვა პოზიციაზე. მე მას კარგად ვიცნობ, უდიდეს პატივს ვცემ და ვხედავ, თუ რამხელა სამუშაო ჩაატარა ნაკრებში. თურქეთში შეკრებაზე შევხვდით ერთმანეთს, კარგი ურთიერთდამოკიდებულება გვაქვს. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და მშვენიერ მწვრთნელადაც ჩამოყალიბდა. ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ ცხადაძეს აშკარად არ უმართლებდა.

- გუნდში ვეტერან ფეხბურთელებს რა როლს ანიჭებთ?
- ამისულაშვილი, კაშია და კანკავა ისეთი გამოცდილი ბიჭები არიან, გუნდს სტილი, ბალანსი და სულისკვეთება უნდა შესძინონ. იმავეს ვიტყვი მეკარეებზე - ლორიასა და რევიშვილზე.

- ბევრი საინტერესო და იმედისმომცემი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი იზრდება. რომელიმე მათგანით თუ დაინტერესდით?
- ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს შევუთანხმდი, რომ ამ თემაზე მასთან მუდმივი კონტაქტი მექნება. იცით კიდეც, სან მარინოსთან მატჩს დავაკვირდი და გარკვეული გადაწყვეტილებაც მივიღეთ.

- საერთოდ, ბევრს იმედი გადაეწურა, რომ საქართველოში ფეხბურთს მომავალი აქვს. საინტერესოა თქვენი თვალით დანახული ქართული ფეხბურთი...
- მე დავინახე, რომ ქართველებს ფეხბურთი გიყვართ და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კონტრაქტის გაფორმებას დავთანხმდი. თქვენი წარსული და პოტენციალი მაიმედებს, რომ ასეთ ქვეყანაში შეიძლება კარგი ნაკრების ჩამოყალიბება. თქვენებს აქვთ დინამიკური ტექნიკა და ეს ისეთი რამაა, რასაც ვერ შეიძენ.

პოტენციალს საქართველოს ნაკრებშიც ვხედავ. არიან მოთამაშეები, რომელთაც გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. დამიჯერეთ, ამას რომ არ ვხედავდე, საქართველოში არ ჩამოვიდოდი...

არ ვიცი, აქამდე რა ხდებოდა და ამაში ცხვირის ჩაყოფა არც მსურს, მაგრამ კობიაშვილსა და მუჯირს ქართული ფეხბურთის განვითარება და რეფორმების გატარება რომ უნდათ, ეს მათ ანთებულ თვალებში დავინახე. ჩემპიონატის რეფორმირების შემდეგ კი კონკურენცია უმაღლეს ლიგაშიც გაიზრდება და ნაკრები უფრო ხარისხიანი ფეხბურთელებით შეივსება.

- ამას ხელს უშლის ჩვენი ინფრასტრუქტურა...
- ეს არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი პოსტსაბჭოეთის პრობლემაა. მაგრამ მე ვნახე ნაკრების და "ზესტაფონის" ბაზები, თბილისის "დინამოს" საწვრთნელი კომპლექსი - ეს ნამდვილი ზღაპარია. ძალიან კარგია "დინამო არენაც", საერთაშორისო თამაშებისთვის "მიხეილ მესხიცაა"; ვიცი, რომ სტადიონს ბათუმშიც აშენებენ...

პრობლემები არის, როგორ არ არის, მაგრამ განსაკუთრებული ჩამორჩენაც არ იგრძნობა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
elguja
17:48 31-03-2016
ბატონო ვლადიმირ! მგონი თქვენც არ გწყალობთ ფორტუნა!
ზვიად
19:01 29-03-2016
დიდი იმედი მაქვს რომ კაი კაცი გამოდგება, ისეთი როგორიც მილტონ ჰეიგი და იგორ კოკოშკოვი, უცხოელი თუ ჩამოვა ასეთი დონის ღირსეული პიროვნება უნდა იყოს პირველი რიგში და ჟირესები და ტოპმიულერები.